ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნ-მალის სახსრები Articulationes costovertebrales Costovertebral articulations
ნეკნების მალებს ენაწევრებიან შემდეგი სახსრებით:
1. ნეკნის თავის სახსარი – articulatio capitis costae, იქმნება ნეკნის თავის სასახსრე ზედაპირისა და მალების სხეულების სანეკნე ღრმულების შენაწევრებით. II – Õ ნეკნების თავები კონუსისებური ფორმისაა და ეხება ორი მალის შესაბამის სასახსრე ღრმულს.
მალების სხეულებზე ღრმულები უმეტეს შემთხვევაში იქმნება ორი ღრმულით: ზემო სანეკნე ღრმულით – fovea costalis superior, რომელიც მდებარეობს ზემოთ მდებარე მალის სხეულის ქვემო ნაწილში, და ქვემო სანეკნე ღრმულით – fovea costalis inferior, რომელიც მდებარეობს ქვემოთ მდებარე მალის სხეულის ზემო კიდესთან. I, XI და XII ნეკნები ენაწევრებიან მხოლოდ ერთი მალის ღრმულს. მალების სანეკნე ღრმულებისა და ნეკნების თავების სასახსრე ზედაპირები დაფარულია ბოჭკოვანი ხრტილით. II – Õ ნეკნების სასახსრე ღრუში მდებარეობს ნეკნის თავის სახსარშიდა იოგი – lig. capitis costae inlraarliculare. იგი მიემართება ნეკნის თავის ქედიდან – crista capitis costae მალთაშუა დისკოსაკენ და სახსრის ღრუს ყოფს ორ ნაწილად. სასახსრე ჩანთა ნაზია და გამაგრებულია ნეკნის თავის სხივისებრი იოგით – lig. capitis costae radiatum, რომელიც იწყება ნეკნის თავის წინა ზედაპირიდან და მარაოსებურად ემაგრება ზემოთ და ქვემოთ მდებარე მალებსა და მალთაშუა დისკოს.
2. ნეკნ – განივი სახსარი – articulatio costotransversaria, იქმნება ნეკნის ბორცვის სასახსრე ზედაპირისა – fascies articularis tuberculis costae, და გულმკერდის მალების განივი მორჩების განივი სანეკნე ღრმულების – fovea costalis transversalis შენაწევრებით. ეს სახსრები გააჩნია მხოლოდ ზედა 10 ნეკნს. მათი სასახსრე ზედაპირები დაფარულია ჰიალინური ხრტილით; სასახსრე ჩანთა ნაზია, და ემაგრება სასახსრე ზედაპირების კიდეს. სახსარი გამაგრებულია მრავალრიცხოვანი იოგებით:
ა) ზედა ნეკნ – განივი იოგი – lig. costotransversarium superius – იწყება განივი მორჩის ქვემო ზედაპირიდან და ემაგრება ქვემოთ მდებარე ნეკნის ყელის ქედს.
ბ) ლატერალური ნეკნ – განივი იოგი – lig. costotransversarium laterale, გაჭიმულია განივი და წვეტიანი მორჩების ფუძეებს შორის და ქვემოთ მდებარე ნეკნის ყელის უკანა ზედაპირს შორის;
გ) ნეკნ – განივი იოგი – lig. costotransversarium, მოთავსებულია ნეკნის ყელის უკანა ზედაპირსა და შესაბამისი მალის განივი მორჩის წინა ზედაპირს შორის.
ნეკნის ბორცვისა – Tuberculum costae და თავის – Caput costae სახსრები წარმოადგენენ კომბინირებულ (ცილინდრულ ან მბრუნავ) სახსრებს, ვინაიდან ფუნქციურად ისინი დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან: სუნთქვის დროს მოძრაობა ხორციელდება ერთდროულად ორივე სახსარში.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.