ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნთაშუა ვენები Venae intercostales; Intercostal veins
ლალი დათეშიძე
ნეკნთაშუა წინა და უკანა ვენები – vv. intercostales anteriores et posteriores – მარჯვენა და მარცხენა – თავისი ტოტებით მიყვებიან ნეკნთაშუა არტერიების ტოტებს. ნეკნთაშუა წინა ვენები – vv. intercostales anteriores მოთავსებულნი არიან ზემო 9 – 10 ნეკნთაშუა სივრცეში – Spatium intercostale და უერთდებიან გულმკერდის შიგნითა მარჯვენა და მარცხენა ვენას – v. thoracica interna dextra et sinistra.
ნეკნთაშუა უკანა ვენები – vv. intercostales posteriores განლაგებულნი არიან თითოეულ ნეკნთაშუა სივრცეში, ნეკნთაშუა შიგნითა და გარეთა კუნთებს შორის. აქ თითოეული ნეკნთაშუა ვენა ნეკნთაშუა არტერიასთან და ნეკნთაშუა ნერვთან – n. intercostalis, ერთად წარმოქმნის ნეკნთაშუა ნერვულ – სისხლძარღვოვან კონას. XII ნეკნის ქვემო კიდის გასწვრივ მიმავალ ვენურ სისხლძარღვს ნეკნქვეშა ვენა – v. subcostalis ეწოდება. ვენები, რომლებსაც სისხლის გამოაქვთ ზედა ნეკნთაშუა სივრცეებიდან, ერთდებიან და წარმოქმნიან ნეკნთაშუა ზემო მარჯვენა და მარცხენა ვენებს – vv. intercostales superiores dextra et sinistra.
ნეკნთაშუა ზემო მარჯვენა ვენა – v. intercostalis superior dextra, სისხლს კრებს 3 ზემო ნეკნთაშუა სივრციდან (I – III) და ერთვის კენტ ვენას.
ნეკნთაშუა ზემო მარცხენა ვენას – v. intercostalis superior sinistra სისხლი გამოაქვს პირველი ნეკნთაშუა სივრციდან და ერთვის მარცხენა მხარ – თავის ვენას. 9 – 10 ნეკნთაშუა ზემო უკანა ვენები – vv. intercostales posteriores, წინა ნეკნთაშუა მიდამოში უერთდებიან ნეკნთაშუა წინა ვენებს – vv. intercostales anteriores, დანარჩენი ნეკნთაშუა უკანა ვენები და ნეკნქვეშა ვენა არ უერთდება გულმკერდის შიგნითა ვენას. თითოეული ნეკნთაშუა უკანა ვენა უკანა ნეკნთაშუა არეში ღებულობს: დორსალურ ვენებს – vv. dorsales, რომლებსაც სისხლი მოაქვთ ზურგის კუნთებიდან და კანიდან, ხერხემლის ვენური წნულიდან – plexus venosi vertebrales – მალთაშუა ტოტით – v. intervertebralis, და ზურგის ტვინისა და მისი გარსებიდან – ზურგის ტვინის ტოტებით – rr. spinales.
ნეკნთაშუა უკანა მარჯვენა ვენები – vv. intercostales posteriores dextrae, და მარჯვენა ნეკნქვეშა ვენა – v. subcostalis dextra, ერთვიან კენტ ვენას – v. azygos.
ნეკნთაშუა უკანა მარცხენა ვენებს – vv. intercostales posteriores sinistrae, ასევე მარცხენა ნეკნქვეშა ვენას – v. subcostalis sinistra, სისხლი მოაქვთ ნახევრად კენტ ვენაში – v. hemiazygos. დანარჩენი ნეკნთაშუა უკანა ვენები ერთვიან დამატებით ნახევრად კენტ ვენას – v. hemiazygos accessoria. გარდა ამისა, ზედა ნეკნთაშუა სივრცეებიდან სისხლი გაედინება ნეკნთაშუა ზემდებარე მარჯვენა და მარცხენა ვენებში – vv. intercostales supremae dextra et sinistra.
ნეკნთაშუა ზემდებარე მარცხენა ვენა – v. intercostalis suprema sinistra, სისხლს კრებს 3 – 4 ნეკნთაშუა ზემო ვენებიდან და ერთვის კენტ ვენას – v. azygos, ან ნახევრად კენტ ვენას – v. hemiazygos.
ნეკნთაშუა ზემდებარე მარჯვენა ვენა – v. intercostalis suprema dextra, სისხლს კრებს 2 – 3 ნეკნთაშუა ზემო ვენებიდან და ერთვის მარჯვენა მხარ – თავის ვენას – v. brachiocephalica dextra, იშვიათად – კენტ ვენას – v. hemiazygos.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.