ნეკნები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნები   Costae   Ribs

ადამიანს 12 წყვილი ნეკნი  აქვს. ნეკნები (os costae) წარმოადგენენ სხვადასხვა სიგრძის, რკალისებურად მოხრილ ძვლებს, რომლებიც სიმეტრიულად უკავშირდებიან ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილს.

ფილტვი და ნეკნები

თითოეულ ნეკნში განასხვავებენ ნეკნის უკანა, შედარებით გრძელ – ძვლოვან ნაწილს – os costale, წინა, ხრტილოვან ნაწილს – ნეკნის ხრტილს – cartilago costalis, და ორ ბოლოს – წინას, ანუ სამკერდე ბოლოს, და უკანას, ანუ ხერხემლის ბოლოს. ნეკნის ძვლოვან ნაწილს გააჩნია თავი, ყელი და სხეული. ნეკნის თავი – caput costae, თავისი სასახსრე ზედაპირით – facies articularis capitis costae, უკავშირდება გულმკერდის მალებს. ნეკნის თავის სასახსრე ზედაპირი ან მთლიანია, ან (II-დან X მალამდე) ე. წ. ნეკნის თავის ქედით – crista capitis costae, ორადაა გაყოფილი. ნეკნის თავს მოჰყვება შედარებით შევიწროებული ნაწილი – ნეკნის ყელი – collum costae, რომელიც გადადის ნეკნის სხეულში – corpus costae. ზედა 10 ნეკნის გარეთა ზედაპირზე, იქ, სადაც ნეკნის ყელი გადადის სხეულში, აღინიშნება ნეკნის ბორცვი – tuberculun costae, რომელიც ნეკნის ბორცვის სასახსრე ზედაპირით – facies articularis tuberculi costae, ენაწევრება სათანადო მალის განივ მორჩს.

ნეკნები

ნეკნის სხეული corpus costae,  ძვლოვანი ნეკნის ყველაზე დიდი ნაწილია; იგი ნეკნის ბორცვიდან ოდნავ მოშორებით მკვეთრად უხვევს წინისაკენ და ქმნის ნეკნის კუთხეს – angulus costae. I ნეკნზე ნეკნის კუთხე და ნეკნის ბორცვი ემთხვევა ერთმანეთს; ქვემოთა ნეკნებში ბორცვი და კუთხე თანდათან შორდებიან ერთიმეორეს. XI ნეკნს კუთხე ოდნავ ემჩნევა, XII-ზე კი საერთოდ არ აღინიშნება. ნეკნის სხეულზე არჩევენ გარეთა და შიგნითა ზედაპირებს, ზედა და ქვედა კიდეებს. ნეკნის შიგნითა ზედაპირზე ქვემო კიდის გასწვრივ მიიმართება ნეკნის ღარი – sulcus costae, რომელშიც თავსდება ნეკნთაშუა სისხლძარღვები და ნერვები. ნეკნის ხრტილები – cartilagines costale –  (მათი რაოდენობა ასევე 12-ია), წარმოადგენენ ნეკნების ძვლოვანი ნაწილის გაგრძელებას. პირველი შვიდი ნეკნი მკერდის ძვალს უკავშირდება საკუთარი სამკერდე ბოლოთი და მათ ნამდვილი ნეკნები – costae verae – ეწოდება. ქვედა ხუთი წყვილი ნეკნი ცნობილია როგორც ცრუ ნეკნები – costae spuriae. მათგან VIII, IX და Х ნეკნები ხრტილოვანი ნაწილით უერთდებიან ერთმანეთს, შემდეგ კი VIII ნეკნი VII ნეკნის ხრტილს უკავშირდება. XI და XII (ზოგჯერ X) ნეკნის ხრტილები არ უერთდებიან არც მკერდის ძვალს და არც ერთიმეორეს და მათი სამკერდე ბოლოები თავისუფლად მდებარეობენ მუცლის კუნთების სისქეში. აღნიშნულის გამო XI და XII ნეკნებს მერყევ ნეკნებს – costae fluctuante –  უწოდებენ. გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება პირველი ორი და ბოლო ორი წყვილი ნეკნი. პირველი ნეკნი მოკლე, მაგრამ განიერია, აქვს თითქმის ჰორიზონტალურად მდებარე ზემო და ქვემო ზედაპირი (ნაცვლად გარეთა და შიგნითა ზედაპირისა). ზემო ზედაპირზე მდებარეობს ხორკლიანი შემაღლება – წინა კიბისებრი კუნთის ბორცვი – tuberculum m. scaleni anterioris (წინა კიბისებრი კუნთის – m. scalenus anterior –  მიმაგრების ადგილი). ბორცვის წინ მოთავსებულია ლავიწქვეშა ვენის ღარი – sulcus v. subclaviae, (რომელშიც გაივლის ლავიწქვეშა ვენა – v. subclaviae), უკან კი ლავიწქვეშა არტერიის ღარი – sulcus arteriae subclaviae (მასში გაივლის ლავიწქვეშა არტერია – a. subclaviae). პირველი ნეკნის (costa II) თავის სასახსრე ზედაპირი მთლიანია, ყელი თხელი და გრძელია; ნეკნის კუთხე ემთხვევა ნეკნის ბორცვს. II ნეკნს (costa II) აქვს წინა დაკბილული კუნთის ხორკლი – tuberositas m. serrati anterioris (წინა დაკბილული კუნთის m. serratus anterior, მიმაგრების ადგილი). ბოლო მეთერთმეტე და მეთორმეტე ნეკნებს –  costa XI და costa XII – აქვთ ერთი მთლიანი სასახსრე ზედაპირი. XI ნეკნზე კუთხე, ყელი, ბორცვი და ღარი სუსტადაა გამოხატული, ხოლო XII ნეკნს საერთოდ არა აქვს.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.