პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ნეიროტროპული საშუალებების ჯგუფში გაერთიანებულია ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უპირატესი მოქმედების სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება ანალგეტიკები, სანარკოზო, ეპილეფსიის საწინააღმდეგო და სხვა საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ნეირომედიატორულ სისტემებზე.
ცენტრალურ ნეიროტროპულ საშუალებათა შორის გამოირჩევა ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედი პრეპარატები. ფსიქოტროპულ საშუალებებს მიეკუთვნებიან ნეიროლეპტიკები, ანქსიოლიტიკები, ანტიდეპრესანტები და სხვა. პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე უპირატესი მოქმედების სამკურნალო საშუალებები იყოფა აფერენტულ და ეფერენტულ ნერვულ სისტემებზე მოქმედ საშუალებებად.
აფერენტული ნერვული სისტემა მოიცავს მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებს და აფერენტულ გამტარებს. პერიფერიული ნერვული სისტემის აფერენტულ ნაწილზე მოქმედი საშუალებებია – ადგილობრივი ანესთეტიკები, შემკვრელები, შემომგარსველები, ადსორბენტები და სხვა. პერიფერიული ნერვული სისტემის ეფერენტული ნაწილი მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემიდან გამოსულ და ჩონჩხის კუნთებთან (სომატური ნერვები) და შიდა ორგანოებთან (ვეგეტატიური ნერვები) მიმავალ ნერვულ გამტარებს. ვეგეტაციური ინერვაცია, თავის მხრივ, იყოფა სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ინერვაციად. იმპულსი ვეგეტაციური და სომატური ნერვების დაბოლოებებიდან მედიატორების მეშვეობით გადაეცემა შემსრულებელ ორგანოებს სინაფსებში. მედიატორის სახეობის შესაბამისად იმპულსის გადაცემა განისაზღვრება, როგორც ქოლინერგული, ნორადრენერგული და სხვა. ამის შესაბამისად სამკურნალო საშუალებებიც ქმნიან ქოლინერგული (ქოლინომიმეტიკები, ქოლინოლიტიკები და სხვა) და ადრენერგული (სიმპატოლიტიკები, ადრენობლოკატორები და ადრენომიმეტიკები და სხვა) პრეპარატების ჯგუფებს.
ეფერენტულ ნერვულ სისტემაში სინაფსურ გადაცემაზე მოქმედ საშუალებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ სამედიცინო პრაქტიკაში.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.