ნარკოტიკული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ნარკოტიკული საშუალებები (Narcotica; სინ. ნარკოტიკები) _ ტერმინი, რომელიც მედიცინაში გამოიყენება რიგი ნეიროტროპული სამკურნალო საშუალებების ჯგუფური კუთვნილების აღსანიშნავად. მე-19 საუკუნის შუა წლებამდე აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა იმ სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებიც იწვევდნენ ცნობიერების, მამოძრავებელი აქტივობის და მგრძნობელობის ცალკეული სახეების დარღვევებს. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფში შედიოდნენ ფარმაკოლოგიური აქტივობის, ლოკალიზაციის და ცნს-ზე მოქმედების მექანიზმების მიხედვით, ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული პრეპარატები (მაგ., ალკოჰოლი, ოპიუმის, ბანგის, მანდრაგორის და სხ. პრეპარატები), რომლებიც სამედიცინო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენებოდნენ ზოგადი ანესთეზიისთვის და როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ბიოლოგიაში ნარკოტიკულად ითვლება ის საშუალებები, რომლებიც იწვევენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის დაქვეითებას.
მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან, სამედიცინო პრაქტიკაში ინჰალაციური ნარკოზისთვის პირველი პრეპარატების (დიეთილის ეთერი, აზოტის ქვეჟანგი, ქლოროფორმი) დანერგვის შემდეგ, აღნიშნული ნივთიერებები აგრეთვე ჩართული იქნა ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფში. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ფარმაკოლოგიის განვითარების და ნეიროტროპულ სამკურნალო საშუალებების თვისებებზე წარმოდგენების დაზუსტების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფიდან დაიწყო პრეპარატების გამოყოფა დამოუკიდებელი ჯგუფების სახით, რომლებთაც გააჩნდათ საძილე, ანალგეტიკური და ცნს-ზე სხვა სახის ზემოქმედების უნარი. ამის შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” იხმარებოდა უპირატესად იმ სამკურნალო საშუალებების ჯგუფების აღსანიშნავად, რომლებიც გამოიყენებოდა ნარკოზისთვის. აშშ-ში და რიგ სხვა ქვეყნებში სანარკოზე საშუალებების მიმართ, მე-19 საუკუნის შუა წლებიდან, გამოიყენებოდა სხვა ტერმინი _ “საშუალებები ზოგადი ანესთეზიისთვის” (სინ. “ზოგადი ანესთეტიკები”), რამეთუ ტერმინი “ნარკოზის” მაგივრად, ამ ქვეყნებში ძირითადად იხმარებოდა ტერმინი “ზოგადი ანესთეზია”.
ზემოთაღნიშნულ მნიშვნელობასთან ერთად, ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” (“ნარკოტიკები”) მე-19 საუკუნიდან გამოიყენება იმ ნივთიერებების (მაგ. მორფინი, კოკაინი და სხ) და მათი შემცველი პროდუქტების (მაგ. ოპიუმი, კოკის ფოთლები და სხ) აღსანიშნავად, რომელთა ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნარკომანიის განვითარება. ამ მნიშვნელობით ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ნარკოლოგიაში, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებში (იხ. საერთაშორისო სამედიცინო კონვენციები) და საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც რეგლამენტირებენ ნარკომანიის გამომწვევ ნივთიერებებზე კონტროლს. ამრიგად, თანამედროვე პირობებში, ნარკომანიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართებაში ტერმინებმა “ნარკოტიკული საშუალებები” და “ნარკოტიკები” მიიღეს არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური და იურიდიული მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ნარკოტიკულ საშუალებებს უნდა მივაკუთვნოთ ის ქიმიური ნივთიერებები ან მათი შემცველი სხვადასხვა წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც შეესაბამებიან მათი შეფასების სამ ურთიერთდამოკიდებულ კრიტერიუმს: სამედიცინო (ნარკომანიის გამოწვევის უნარი), სოციალურ (ნივთიერებების არასამედიცინო გამოყენების სოციალური მნიშვნელობა) და იურიდიულს (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ნივთიერების ნარკოტიკად ოფიციალური აღიარება).

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები