მხრის არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. მხრის არტერია Arteria brachialis Brachial artery

ლალი დათეშიძე

მხრის არტერია – a. brachialis წარმოადგენს იღლიის არტერიის უშუალო გაგრძელებას. იწყება მკერდის დიდი კუნთის ქვემო ნაპირიდან, წვება ნისკარტ-მხრის კუნთის წინ, შემდეგ ორთავა კუნთის მედიალურ ღარში – sulcus bicipitalis medialis, მიემართება ქვემოთ, აღწევს იდაყვის ფოსოს.

292

აქ იგი მოთავსებულია მრგვალ პრონატორსა – m. pronator teres და მხარ-სხივის კუნთს – m. brachioradialis შორის, მხრის ორთავა კუნთის აპონევროზის – aponeurosis m. bicipitis brachii ქვეშ და იყოფა ორ ტოტად: სხივის არტერიად – a. radialis, და იდაყვის არტერიად – a. ulnaris. მხრის არტერიას ახლავს მხრის ვენები – vv. brachiales (2) და საშუალო ნერვი – n. medianus. ეს უკანასკნელი მხრის ზემო მესამედში მდებარეობს არტერიის გარეთ, შუა მესამედში – წინ, ხოლო მხრის ქვემო მესამედში – მოთავსებულია არტერიის მედიალური ზედაპირის გასწვრივ. მხრის არტერია მხრის ვენებთან და საშუალო ნერვთან ერთად შეადგენს მხრის ნერვულ – სისხლძარღვოვან წნულს.

მხრის არტერია

მხრის არტერიიდან გამოდის შემდეგი ტოტები:

1. მხრის ღრმა არტერია – a. profunda brachii, იწყება მხრის ზემო მესამედში, მხრის არტერიის უკანა შიგნითა ზედაპირიდან. მიემართება უკან, სხივის ნერვთან – n. radialis ერთად, შემოეხვევა სპირალურად მხრის ძვლის უკანა ზედაპირს. მხრის კუნთოვანი არხიდან გამოსვლის შემდეგ მხრის ღრმა არტერია გრძელდება სხივის გვერდით არტერიაში – a. coilateralis radialis, რომელიც თავდაპირველად მდებარეობს მხრის კუნთთაშუა ლატერალური ძგიდის – septum intermuscu lare brachii laterale უკან, შემდეგ  გზავნის ტოტებს იდაყვის სახსრის ბადისათვის – Rete articulare cubiti, წვება sulcus cubitalis anterior lateralis-ში, სადაც ქმნის ანასტომოზს შებრუნებულ არტერიასთან – a. recurrens (სხივის არტერიიდან). მხრის ღრმა არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) დელტისებრი ტოტი – r. deltoideus, გამოდის მხრის ღრმა არტერიის დასაწყისი ნაწილიდან, წვება ნისკარტ – მხრის კუნთისა და მხრის ორთავა კუნთის ქვეშ, გზავნის ამ კუნთებისაკენ ტოტებს და მიდის დელტისებრ კუნთამდე; ბ) მხრის ძვლის მასაზრდოებელი არტერიები – aa.. nutriciae humeri, მიემართებიან მხრის ძვლის მასაზრდოებელ ხვრელში – foramen nutricium; გ) გვერდითი შუა არტერია – a. collateralis media, მიემართება ქვემოთ, მხრის სამთავა კუნთის ლატერალურ და მედიალურ თავებს შორის. შემდეგ იგი შედის ლატერალური თავში და აღწევს რა იდაყვის სახსარს, წვება sulcus cubitalis posterior lateralis-ში, სადაც მონაწილეობს იდაყვის სახსრის ბადის – rete articulare cubiti წარმოქმნაში; დ) კუნთოვანი ტოტები ნოსკარტ – მხრისა და მხრის სამთავა კუნთისაკენ.

მხრის არტერია

2. იდაყვის გვერდითი ზემო არტერია – a. collateralis ulnaris superior, იწყება მხრის არტერიის მედიალური ზედაპირიდან. მიემართება ქვემოთ, უახლოვდება იდაყვის ნერვს – n. ulnaris, მასთან ერთად მიემართება მედიალურ როკამდე – Condylus medialis და sulcus cubitalis posterior medialis-ში მონაწილეობას ღებულობს იდაყვის სახსრის ბადის – rete articulare cubiti წარმოქმნაში; კვებავს მხრის კუნთს, მხრის სამთავა კუნთის მედიალურ თავს და ამ მიდამოს კანს; ქმნის ანასტომოზს იდაყვის შებრუნებული არტერიის უკანა ტოტთან – r. posterior a. recurrentis ulnaris.

მხრის არტერია

3. იდაყვის გვერდითი ქვემო არტერია – a. collateralis ulnaris inferior, იწყება მხრის ქვემო მესამედში, მხრის არტერიის მედიალური ზედაპირიდან. მიემართება ქვემოთ, მხრის კუნთის წინა ზედაპირზე, ქმნის ანასტომოზს იდაყვის შებრუნებული არტერიის წინა ტოტთან – r. anterior a. recurrentis ulnaris. თავისი ტოტებით აღწევს მედიალურ როკს, გადის კუნთთაშუა მედიალურ ძგიდეში – septum intermusculare mediale და მონაწილეობს იდაყვის სახსრის ბადის – rete articulare cubiti წარმოქმნაში.

4. სხივის არტერია – a. radialis, გამოდის მხრის არტერიიდან იდაყვის ფოსოს მიდამოში. მიემართება ქვემოთ, მრგვალი პრონატორის წინა ზედაპირზე, აღწევს მხარ – სხივის კუნთის – m. brachioradialis მედიალურ კიდეს, წვება ამ კუნთსა და მრგვალ პრონატორს – m. pronator teres შორის, შემდეგ სხივის ნერვთან ერთად მიჰყვება სხივის ღარს – sulcus radialis; წინამხრის ქვემო მესამედში არტერია უფრო ზედაპირულადაა – მას ფარავს მხოლოდ ფასცია და კანი. აქ იგი ადვილად ისინჯება და შეიძლება მისი მიბჯენა სხივის ძვალთან. შემდგომ სხივის არტერია სხივის ძვლის სადგისისებრი მორჩის – Processus styloideus დონეზე იხრება უკან, გაივლის ხელის ცერის გრძელი განმზიდველი კუნთისა – m. abductor pollicis longus და ხელის ცერის მოკლე გამშლელი კუნთის – m. extensor pollicis brevis მყესებს ქვეშ; შემდეგ გადაივლის ირიბად ზემოდან ქვემოთ და წინიდან უკან, წვება ხელის ცერის გრძელი გამშლელი კუნთის – m. extensor pollicis longus მყესების ქვეშ და მიემართება მტევნის ზურგზე. აქ სხივის არტერია იცვლის თავის მიმართულებას, გაივლის პირველ თითებშუა შუალედის კუნთებს და გამოდის მტევნის ხელგულის ზედაპირზე; შემდეგ უხვევს რკალისებურად იდაყვის კიდისაკენ, უერთდება იდაყვის არტერიის ხელგულის ღრმა ტოტს – r. palmaris profundus (a. ulnaris) და წარმოქმნის ხელგულის ღრმა რკალს – areus palmaris profundus.

სხივის არტერიას გამოეყოფა შემდეგი ტოტები: ა) სხივის შებრუნებული არტერია – a. recwrens radialis, იწყება სხივის არტერიიდან, ჯერ კიდევ იდაყვის ფოსოს მიდამოში, გამოდის მისი გარეთა ზედაპრიიდან და მიემართება გარეთ მხრისა და მხარ-სხივის კუნთებს შორის. სხივის შებრუნებული არტერიის ტოტები მიემართებიან ახლომდებარე კუნთებისაკენ. გარდა ამისა, ლატერალურ ზედაროკთან იგი ქმნის ანასტომოზს სხივის გვერდით არტერიასთან – a. collateralis radialis (მხრის ღრმა არტერიდან – a. profunda brachii) და მონაწილეობს იდაყვის სახსრის ბადის – rete articulare cubiti წარმოქმნაში; ბ) კუნთოვანი ტოტები გამოდიან სხივის არტერიის მთელს გაყოლებაზე და მიემართებიან წინამხრის კუნთებისაკენ; გ) მაჯის პალმარული ტოტი – r. carpeus palmaris, გამოდის სხივის არტერიიდან კვადრატული პრონატორის ქვემო კიდის დონეზე მიემართება წინამხრის იდაყვიმხრივი კიდისაკენ, ქმნის ანასტომოზს იდაყვის არტერიის მაჯის პალმარულ ტოტთან – ramus carpeus palmaris; აღნიშნული არტერიები მონაწილეობენ მაჯის არტერიული ბადის წარმოქმნაში; დ) ხელგულის ზედაპირული ტოტი – r. palmaris superficialis, იწყება სხივის არტერიიდან სხივის ძვლის სადგისისებრი მორჩის – Processus styloideus დონეზე, მიემართება ქვემოთ, ქმნის ანასტომოზს იდაყვის არტერიასთან, წარმოქმნის ხელგულის ზედაპირულ რკალს – areus palmaris superficialis; ე) მაჯის დორსალური ტოტი – r. carpeus dorsalis, გამოდის სხივის არტერიიდან, მიემართება მტევნის ზურგის ზედაპირზე, ქმნის ანასტომოზს იდაყვის არტერიის მაჯის დორსალურ ტოტთან – ã. carpeus dorsalis და მასთან ერთად მონაწილობს მაჯის დორსალური ბადის – rete carpi dorsale წარმოქმნაში; ვ) ნების პირველი დორსალური არტერია – a. metacarpea dorsalis prima, გამოდის სხივის არტერიიდან მტევნის ზურგზე, იქ, სადაც იგი შედის ძვალთაშუა პირველ დორსალურ კუნთში – m. interossei dorsales prima. ნების პირველი დორსალური არტერიის ტოტები მიემართებიან ზურგის ზედაპირზე; ზ) ხელის ცერის მთავარი არტერია – a. princeps pollicis გამოდის სხივის არტერიიდან და იყოფა თითების საერთო პალმარული არტერიებად – aa.. digitales palmures propriae (3)

4. იდაყვის არტერია – a. ulnaris იწყება მხრის არტერიიდან, იდაყვის ფოსოში, იდაყვის ძვლის გვირგვინოვანი მორჩის დონეზე. აკეთებს რკალს, მიემართება ქვემოთ, წინამხრის მედიალური კიდისაკენ და თავსდება წინამხრის კუნთების ღრმა და ზედაპირულ შრეებს შორის. დაახლოებით წინამხრის შუა ნაწილში იდაყვის არტერია წვება იდაყვის ღარში, თითების ზედაპირულ მომხრელებსა – m. flexor digitorum superficialis და მაჯის იდაყვისაკენ მომხრელ კუნთს – m. flexor carpi ulnaris შორის, და მიემართება წინამხრის დისტალურ ნაწილამდე, სადაც გადადის მტევანზე. სხივ – მაჯის სახსრის მიდამოში იგი თავსდება მაჯის ცერცვისებრი ძვლის – Os pisiforme ლატერალურად, მომხრელების საბმელზე – retinaculum flexorum. მტევნის ხელგულის ზედაპირზე იდაყვის არტერია უხვევს სხივის კიდისაკენ, უერთდება ხელგულის ზედაპირულ ტოტებს – r. palmaris superficialis (სხივის არტერიის – a. radialis ტოტი) და ხელგულის აპონევროზის ქვეშ ქმნის ხელგულის ზედაპირულ რკალს – arcus palmaris superficialis. იდაყვის არტერიას მთელს გზაზე ახლავს იდაყვის ვენები – vv. ulnares (2).

იდაყვის არტერიის ტოტებია:

ა) იდაყვის შებრუნებული არტერია – a. recurrens ulnaris გამოდის იდაყვის არტერიის საწყისი ნაწილის მედიალური ზედაპირიდან და იყოფა წინა და უკანა ტოტებად: 1. წინა ტოტი – r. anterior, მიემართება ზემოთ და მედიალურად, წვება მხრის კუნთზე, მრგვალი პრონატორის ქვეშ და გაივლის sulcus cubitalis medialis-ში, ქმნის ანასტომოზს იდაყვის ქვემო გვერდით არტერიასთან – a. collateralis ulnaris inferior (მხრის არტერიის – a. brachialis ტოტი), გზავნის ტოტებს მომხრელი კუნთების თავებისაკენ, რომლებიც იწყებიან მედიალური ზედაროკიდან; 2. უკანა ტოტი – ã. posterior, მიემართება უკან და ზემოთ, წვება თითების ზედაპირული მომხრელი კუნთების – m. flexor digitorum superficialis ქვეშ და უახლოვდება იდაყვის ნერვს; მიდის ზემოთ იდაყვის ნერვის გასწვრივ, მისი უკანა ტოტი sulcus cubitalis posterior medialis-ში ქმნის ანასტომოზს იდაყვის გვერდით ზემო არტერიასთან – a. collateralis ulnaris superior და თავისი ტოტებით მონაწილეობს იდაყვის სახსრის ბადის – rete articulare cubiti წარმოქმნაში.
ბ) ძვალთაშუა საერთო არტერია – a. interossea communis, იწყება სხივის ძვლის ხორკლის დონეზე. მიემართება წინამხრის დისტალური ბოლოსკენ და იყოფა ორ ტოტად – წინა და უკანა ტოტებად: 1. ძვალთაშუა წინა არტერია – a. interossea anterior მიემართება ქვემოთ, ძვალთაშუა აპკის – membrana interossea წინა ზედაპირზე, მოთავსებულია თითების ღრმა მომხრელ კუნთსა – m. flexor digitorum profundus და ხელის ცერის გრძელი მომხრელ კუნთს – m. flexor pollicis longus შორის. კვადრატული პრონატორის – m. pronator quadratus ზემო კიდესთან, ან ცოტა დისტალურად, არტერია გადის ძვალთაშუა აპკში – membrana interossea და მონაწილეობს მაჯის დორსალურ ბადის – rete carpi dorsale წარმოქმნაში.

ძვალთაშუა წინა არტერიიდან გამოდის: კუნთოვანი ტოტები ხელგულის კუნთებისათვის, მასაზრდოებელი არტერიები – aa.. nutriciae სხივისა და იდაყვის ძვლისაკენ, საშუალო არტერია – a. mediana, რომელიც ახლავს საშუალო ნერვს – n. medianus; 2. ძვალთაშუა უკანა არტერია – a. interossea posterior, გამოდის ძვალთაშუა საერთო არტერიიდან, გადის ძვალთაშუა აპკში – membrana interossea და გამოდის მის დორსალურ ზედაპირზე. აქ არტერია წვება წინამხრის ღრმა და ზედაპირულ კუნთებს შორის და [წინამხრის] ძვალთაშუა უკანა ნერვთან – n. interosseus antebrachii posterior ერთად მიემართება წინამხრის დისტალური ბოლოსაკენ, სადაც მონაწილეობს მაჯის დორსალური ბადის – rete carpi dorsale წარმოქმნაში.

ძვალთაშუა უკანა არტერიიდან გამოდის შემდეგი ტოტები: კუნთოვანი ტოტები წინამხრის დორსალური ზედაპირის კუნთებისაკენ; ძვალთაშუა შებრუნებული არტერია – a. interossea recurrens, რომელიც გამოდის ძვალთაშუა უკანა არტერიიდან იმ ადგილზე, სადაც იგი გამოდის წინამხრის დორსალურ ზედაპირზე, მიემართება ზემოთ, მიჰყვება sulcus cubitalis posterior lateralis იდაყვის კუნთის ქვეშ, ქმნის ანასოტომოზს გვერდით შუა არტერიასთან – a. collateralis media და მონაწილეობს იდაყვის სახსრის ბადის – rete articulare cubiti.  წარმოქმნაში;

გ) მაჯის პალმარული ტოტი – r. carpeus palmaris, იწყება იდაყვის ძვლის თავის დონეზე, ან მის ზემოთ, მიემართება ქვემოთ და რადიალურად და ქმნის ანასტომოზს სხივის არტერიის თანამოსახელე არტერიათან.

დ) მაჯის დორსალური ტოტი – r. carpeus dorsalis, იწყება წინა ტოტის დონეზე, გაივლის მაჯის იდაყვისკენა მომხრელი კუნთის – m. flexor carpi ulnaris მყესის ქვეშ, მიემართება მტევნის ზურგისაკენ, სადაც მონაწილეობს მაჯის დორსალური ბადის – rete carpi dorsale წარმოქმნაში.

ე) ხელგულის ღრმა ტოტი – r. palmaris profundus, გამოდის იდაყვის არტერიიდან ცერცვისებრი ძვლის დონეზე ან უფრო დისტალურად და მიემართება ნეკის მოკლე მომხრელსა – m. flexor digiti minimi brevis და ნეკის განმზიდველ – m. abductor digiti minimi კუნთებს შორის, თითების მომხრელების მყესის ქვეშ. აქ იგი უერთდება სხივის არტერიის საბოლოო ტოტს და ქმნის ხელგულის ღრმა რკალს – arcus palmaris profundus.

მხრის არტერია

ხელგულის ზედაპირული რკალი – arcus palmaris superficialis, წარმოქმნილია უპირტესად იდაყვის არტერიით, რომელიც გაივლის რა მტევნის ხელგულის ზედაპირს, წვება ხელგულის აპონევროზის ქვეშ თითების მომხრელების მყესებზე. მიემართება მტევნის სხივისმხირივი კიდისკენ, იგი ქმნის რკალს. მტევნის ცერის შემაღლების მიდამოში იდაყვის არტერია უერთდება ხელგულის ზედაპირულ ტოტს – r. palmaris superficialis (სხივის არტერიის – a. radialis ტოტი). ხელგულის ზედაპირული რკალიდან გამოდიან თითების საერთო პალმარული არტერიები – aa.. digitales palmares communes (3) და მიემართებიან დისტალურად თითებშუა შუალედებისაკენ. თითოეული ზემოთ აღნიშნული არტერია ნების ძვლის თავის დონეზე იერთებს ნების პალმარულ არტერიებს – aa. metacarpeae palmares ხელგულის ღრმა რკალიდან და იყოფა თითების საკუთარ პალმარულ არტერიებად – aa.. digitales palmares propriae. თითების მიდამოში ეს არტერიები გზავნიან ტოტებს თითების ხელგულისმხრივი ზედაპირისაკენ, ასევე შუა და დისტალური ფალანგების ზურგის ზედაპირებზე. თითოეული თითის საკუთარი პალმარული არტერიები ქმნიან ანასტომოზებს ერთმანეთთან, განსაკუთრებით დისტალური ფალანგების მიდამოში.

მხრის არტერია

ხელგულის ღრმა რკალი – arcus palmaris profundus, მდებარეობს ზედაპირულ რკალზე უფრო ღრმად და პროქსიმალურად. იგი მოთავსებულია ნების II-V ძვლების ფუძეთა დონეზე, თითების ღრმა და ზედაპირული მომხრელების მყესებს ქვეშ, ხელის ცერის მომზიდელი კუნთის – m. adductor pollicis დასაწყისსა და ხელის ცერის მოკლე მომხრელ კუნთს – m. flexor pollicis brevis შორის. ხელგულის ღრმა რკალის წარმოქმნაში მონაწილეობს უპირატესად სხივის არტერია; ეს უკანასკნელი, გამოდის რა ნების პირველი  ძვალთაშუა სივრციდან მტევნის ხელგულის ზედაპირზე, მიემართება მისი იდაყვისმხრივი კიდისაკენ და უერთდება ხელგულის ღრმა ტოტს – r. palmaris profundus (იდაყვის არტერიის – a. ulnaris ტოტი).

ხელგულის ღრმა რკალიდან გამოდიან ნების პალმარული არტერიები – aa.. metacarpeae palmares (3). ისინი მიემართებიან რკალიდან დისტალურად, ნების მეორე, მესამე და მეოთხე  ძვალთაშუა სივრცეებში, ძვალთაშუა კუნთების ხელგულისმხრივი ზედაპირის გასწვრივ. აქ თითოეული მათგანიდან გამოდის თითო გამგმირავი ტოტი – r. perforans, რომლებიც გაივლიან შესაბამის ძვალთაშუა შუალედებში და გამოდიან მტევნის ზურგზე, სადაც ქმნიან ანასტომოზებს ნების დორსალურ არტერიებთან – aa.. metacarpeae dorsales. თითოეული ნების პალმარული არტერია- a. metacarpeae palmares, მიემართება ძვალთაშუა სივრცეში, იხრება ხელგულის ზედაპირისაკენ და უერთდება შესაბამისი თითის საერთო პალმარულ არტერიას – a. digitalis palmaris communis. რომელიც იყოფა ორ ტოტად – თითების საკუთარ პალმარულ არტერიებად – aa.. digitales palmares propriae (2) და რომლებიც მიემართებიან II-III, III-IV, IV-V თითების ერთმანეთისაკენ მიმართული ზედაპირებისაკენ.

მხრის არტერია

არტერიული ბადეები. ზემო კიდურის არტერიებიდან – ლავიწქვეშა, იღლიის, მხრის, სხივისა და იდაყვის არტერიებიდან გამოდიან რიგი ტოტები, რომლებიც ქმნიან ანასტომოზებს ერთმანეთთან, წარმოქმნიან არტერიულ ბადეს – rete arteriosum, რომლებიც განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული სახსრის მიდამოებში.
მხრის სახსრის გარშემო წარმოქმნილია ორი ბადე – ბეჭის ბადე და აკრომიონის ბადე რომლებიც ერთიანდებიან და ქმნიან აკრომიონის ბადეს – rete acromiale. ბეჭის ბადე მდებარეობს ქედზედა და ქედქვედა ფოსოებში და წარმოიქმნება ბეჭზედა არტერიით – a. suprascapularis (ლავიწქვეშა არტერიის – ARTERIA SUBCLAVIA ტოტი) და ბეჭის შემომხვევი არტერიით – a. circumflexa scapulae (იღლიის არტერიის – A. AXILLARIS ტოტი). გარდა ამისა, ბეჭის მიდამოში, ნეკნთაშუა არტერიების ხარჯზე იქმნება ანასოტმოზური კავშირი გულმკერდის შიგნითა არტერიასა – a. thoracica interna და გულმკერ – ზურგის არტერიას – a. thoracodorsali შორის.

აკრომიონის ბადე მდებარეობს აკრომიონის მიდამოში და წარმოქმნილია გულმკერდ – აკრომიონის არტერიითა – a. thoracoacromialis და ბეჭზედა არტერიის – a. suprascapularis ანასტომოზური კავშირით. გარდა ამისა, მხრის ძვლის პროქსიმალურად მდებარეობს ანასოტმოზური კავშირი მხრის წინა შემომხვევ – a. circumflexa humeri anterior და მხრის უკანა შემომხვევ  – a. circumflexa humeri posterior არტერიებს შორის (იღლიის არტერიის ტოტები).
იდაყვის სახსრის მიდამოში არჩევენ ორ ბადეს – იდაყვის სახსრის ბადესა და იდაყვის მორჩის ბადეს, რომლებიც ერთიანდებან საერთო იდაყვის სახსრის ბადედ – rete articulare cubiti. ორივე ბადე წარმოქმნილია: იდაყვის გვერდითი ზემო – A. collateralis ulnaris superior და იდაყვის გვერდითი  ქვემო – a. collateralis ulnaris inferior არტერიების ანასტომოზური ტოტებით (მხრის არტერიის ტოტები), ასევე გვერდითი შუა არტერიის – a. collaterals media (მხრის ღრმა არტერიის ტოტი), სხივის გვერდითი არტერიის – a. collateralis radialis (მხრის ღრმა არტერიის ტოტი) ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ – სხივის შებრუნებული არტერიის – a. recurrens radialis ტოტებით (სხივის არტერიის ტოტი), იდაყვის შებრუნებული არტერიით – a. recurrens ulnaris (იდაყვის არტერიის ტოტი) და ძვალთაშუა შებრუნებული არტერიით – a. interossea recurrens (ძვალთაშუა უკანა არტერიის ტოტი). ამ საკმაოდ ძლიერად განვითარებული ანასოტმოზური ბადის ღეროები სისხლით ამარაგებენ იდაყვის მიდამოს ძვლებს, სახსრებს, კუნთებსა და კანს.

მაჯის იოგოვანი აპარატის ხელგულის ზედაპირზე მდებარეობს მაჯის პალმარული ტოტების – rami carpei palmares, სხივისა და იდაყვის არტერიების, ასევე ხელგულის ღრმა რკალისა – Arcus palmaris profundus და ძვალთაშუა წინა არტერიის – a. interossea anterior ტოტების ანასტომოზები. მტევნის ზურგზე, გამშლელების საბმელის – retinaculum extensorum მიდამოში მდებარეობს მაჯის დორსალური ბადე – rete carpi dorsale. მას ყოფენ მაჯის ზედაპირულ დორსალურ ბადედ, რომელიც მდებარეობს კანის ქვეშ, და მაჯის ღრმა დორსალურ ბადედ რომელიც მოთავსებულია მაჯის ძვლებსა და იოგებზე. მაჯის დორსალური ბადის წარმოქმნაში მონაწილეობენ: მაჯის დორსალური ტოტები – rami carpei dorsales, სხივისა და იდაყვის არტერიის ტოტები, ასევე ძვალთაშუა წინა და უკანა არტერიები.

მაჯის ღრმა დორსალური ბადიდან გამოდიან ნების დორსალური არტერიები – aa.. metacarpeae dorsales (3), რომლებიც მიემართებიან დისტალურად ნების მეორე, მესამე და მეოთხე ძვალთაშუა შუალედებში. ნების ძვლების თავებთან ნების დორსალური არტერია იყოფა თითების დორსალურ არტერიებად (2) – aa.. digitales dorsales. ეს უკანაკნელნი მიემართებიან  მომიჯნავე თითების ერთმანეთისაკენ მიმართული გვერდითი ზედაპირებისაკენ და იტოტებიან პროქსიმალური ფალანგების მიდამოში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.