მუხლის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მუხლის სახსარი Articulatio genus;   Knee joint, articulation of knee

მუხლის სახსარის – articulatio genus, წარმოქმნაში მონაწილეობს სამი ძვალი: ბარძაყის ძვლის დისტალური ეპიფიზი, დიდი წვივის ძვლის პროქსიმალური ეპიფიზი და კვირისტავი.

მუხლის სახსარი

ბარძაყის ძვლის როკების სასახსრე ზედაპირები ელიფსური ფორმისაა, მედიალური როკის – Condylus medialis სიმრუდე მეტია, ვიდრე ლატერალურისა. ძვლის წინა ზედაპირზე, როკებს შორის კვირისტავისმხრივი ზედაპირია – facies patellaris. ეს ზედაპირი მცირე ზომის ღარით გაყოფილია ორად: მედიალურ, მცირე და ლატერალურ – შედარებით დიდი ზომის  უბნებად, რომლებიც ენაწევრებიან კვირისტავის სასახსრე ზედაპირს.

მუხლის სახსარი

დიდი წვივის ძვლის როკების ზემო სასახსრე ზედაპირები – facies articulares superiores,   მცირედ ჩაზნექილია და არ შეესაბამებიან ბარძაყის ძვლის როკების სასახსრე ზედაპირების სირუდეს. ამ შეუსაბამობას რამდენადმე ათანაბრებენ ბარძაყისა და დიდის წვივის ძვლის როკებს შორის მოთავსებული სახსარშუა ხრტილები, – მედიალური და ლატერალური მენისკები – menisci medialis et laleralis. მენისკები სამწახნაგა ფორმის ხრტილოვანი ფირფიტებია; მათი გარეთა კიდე გასქელებულია და შეზრდილია სასახსრე ჩანთასთან, შიგნითა, თავისუფალი კიდე წაწვეტებულია და მიმართულია სასახსრე ჩანთაში. მენისკების გარეთა კიდე იმეორებს დიდი წვივის ძვლის როკების ზემო კიდის კონფიგურაციას. მენისკები ემაგრებიან დიდი წვივის ძვლის როკთაშუა შემაღლებას – Eminentia intercondylaris. ორივე მენისკი წინა კიდით უკავშირდება მუხლის განივ იოგს – lig. transversum genus. სასახსრე ჩანთა – capsula articularis სუსტადაა დაჭიმული; მისი უკანა ნაწილი რამდენადმე სქელია და შეიცავს ხვრელებს, რომლებშიც გადიან სისხლძარღვები. წინიდან იგი შეზრდილია ბარძაყის ოთხთავა კუნთის – m. quadriceps femoris მყესთან, კვირისტავზე კი ფიქსირებულია სასახსრე ზედაპირის კიდეზე. ბარძაყის ძვალზე სასახსრე ჩანთა წინიდან ფიქსირებულია სასახსრე ხრტილის ზემოთ, გვერდებზე – თითქმის ხრტილთან, უკან – მის კიდეზე.

მუხლის სახსარი

დიდი წვივის ძვალზე სასახსრე ჩანთა ფიქსირებულია ძვლის სასახსრე ზედაპირის კიდეზე. სასახსრე ჩანთის შიგა ზედაპირი ამოფენილია სინოვიური გარსით, რომელიც ფარავს სასახსრე ღრუში არსებულ იოგებს და წარმოქმნის სინოვიურ ხაოებს – villi synoviales, და სინოვიურ ნაოჭებს – plicae synoviales. სინოვიური ნაოჭებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული: ფრთისებრი ნაოჭები – plicae alares, რომლებიც მიყვებიან კვირისტავის გვერდებს მისი მწვერვალისაკენ და ფურცლებს შორის შეიცავენ ცხიმოვან ქსოვილს; კვირისტავქვედა სინოვიური ნაოჭი – Plica synovialis infrapatellaris, – წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ნაოჭების გაგრძელებას. იგი იწყება კვირისტავის მწვერვალიდან, მიემართება მუხლის სახსრის სასახსრე ღრუში და ფიქსირდება ბარძაყის როკთაშუა ფოსოს – fossa intercondylaris femoris წინა კიდის მიდამოში. მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთა წარმოქმის eversiones synoviales და სინოვიურ აბგებს – bursae synoviales, რომლებიც მდებარეობენ კუნთებისა და მყესების გაყოლებაზე, მაგრამ არ უკავშირდებიან სასახსრე ღრუს. მათგან ყველაზე ფართო აბგას ეკუთვნის კვირისტავის ზედა აბგა – bursa  suprapatellaris, რომელიც მდებარეობს კვირისტავის ზემოთ, ოთხთავა კუთის მყესსა და ბარძაყის ძვალს შორის.

მუხლის სახსარი
მუხლის სახსრის იოგები იყოფა ორ ჯგუფად: სახსარგარე და სახსარშიგა იოგებად. სახსრის გვერდით ზედაპირებზე შემდეგი კარგად გამოხატული გვერდითი იოგებია:

1. დიდი წვივის გვერდითი იოგი – Lig. collaterale tibiale, – მიემართება ბარძაყის მედიალური ზედაროკიდან ქვემოთ, გზაზე გადადის სასახსრე ჩანთაში და მედიალურ მენისკში, აღწევს დიდი წვივის ძვლის ზემო ნაწილს.

2. მცირე წვივის გვერდითი იოგი – lig. collaterals fibulare, – იწყება ბარძაყის ძვლის ლატერალური ზედაროკიდან, ეშვება ქვემოთ, კონების ერთ ნაწილს გზავნის სასახსრე ჩანთაში და ფიქსირდება მცირე წვივის თავის გარეთა ზედაპირზე.

სასახსრე ჩანთის წინა ნაწილები გამაგრებულია იოგებით, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესთან. აღნიშნული კუნთი უახლოვდება კვირისტავს და ფიქსირდება მის ფუძესთან. მყესის კონათა ერთი ნაწილი გრძელდება ქვემოთ, აღწევს დიდი წვივის ხორკლს – tuberositas tibiae და კვირისტავის მწვერვალის ქვემოთ წარმოქმნის კვირისტავის იოგს – lig. patellae. კონათა მეორე ნაწილი მიყვება კვირისტავის გვერდებს ვერტიკალურად, წარმოქმნის კვირისტავის ლატერალურ და მედიალურ იოგებს (საბმელებს) – retinaculum patellae laterale et retinaculum patellae mediale. ეს იოგები კვირისტავის გვერდებიდან მიემართებიან ბარძაყის ძვლის შესაბამისი როკებისაკენ. ამ იოგების ქვეშ მდებარეობს მყესების ბოჭკოთა ჰორიზონტალური კონები, რომლებიც მიემართებიან კვირისტავის გვერდებიდან ბარძაყის ძვლის ზედაროკებისაკენ. სასახსრე ჩანთის უკანა ნაწილები გამაგრებულია მუხლქვეშა ირიბი იოგით – lig. popliteum obliquum, რომელიც წარმოადგენს თითისტარა კუნთის – m. semimembranosus მყესის კონათა ნაწილს. იოგი მიემართება დიდი წვივის ძვლის მედიალური როკიდან ბარძაყის ძვლის ლატერალური როკისაკენ; გზაზე იოგის კონების ერთ ნაწილი ექსოვება სასახსრე ჩანთაში. გარდა აღნიშნული იოგისა, სასახსრე ჩანთის ამ ნაწილში მდებარეობს მუხლქვეშა რკალოვანი იოგი – lig. popliteum arcuatum, რომელიც იწყება ბარძაყის ძვლის ლატერალური ზედაროკიდან – epiconclylus lateralis femoris და ფიქსირდება lig. popliteum obliquum შუა ნაწილში.

მუხლის სახსარშიგა იოგებია:
1. წინა ჯვარედინა იოგი – lig. cruciatum anterius, – იწყება ბარძაყის ლატერალური როკის შიგა ზედაპირიდან, მიემართება წინ და მედიალურად, ფიქსირდება როკთაშუა წინა არეში – Area intercondylar anterior.

მუხლის სახსარი

2. უკანა ჯვარედინა იოგი – lig. cruciatum posterius, – იწყება ბარძაყის მედიალური როკის შიგა ზედაპირიდან, მიემართება უკან და მედიალურად, გადაეჯვარედინება წინა ჯვარედინა იოგს, ფიქსირდება როკთაშუა უკანა არეში – Area intercondylaris posterior.

3. მუხლის განივი იოგი – lig. transversum genus, აკავშირებს ორივე მენისკის წინა ზედაპირებს.

მუხლის სახსარი

4. მენისკ – ბარძაყის წინა იოგი – lig. meniscofemorale anterius, – იწყება მედიალური მენისკის წინა ნაწილიდან, მიემართება ზემოთ და ლატერალურად, ბარძაყის ლატერალური როკის მედიალური ზედაპირისაკენ.

5. მენისკ – ბარძაყის უკანა იოგი – lig. meniscofemorale posterius, – მიემართება ლატერალური მენისკის უკანა ნაპირიდან ზემოთ და მედიალურად ბარძაყის მედიალური როკის შიგა ზედაპირისაკენ.
მუხლის სახსარი თავისი შემადგენლობით რთული სახსარია და ოდენობით ყველაზე დიდია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება