ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის ფასციები Fasciae of abdomen
მუცლის კედლის ფარგლებში განვითარებულია შემდეგი ფასციები:
1. მუცლის ზედაპირული ფასცია – მუცლის კედლის ზემო ნაწილში იგი თხელია, ქვემოთ კი სქელდება და გამოირჩევა ელასტიკური ბიჭკოების არსებობით. შუა ხაზზე ზედაპირული ფასცია შეზრდილია თეთრ ხაზთან, ქვემოთ კი – საზარდულის იოგთან. ქვემო ნაწილში, სიმფიზის ზემოთ, წარმოქმნილია ჭიმები, რომელსაც სასქესო ასოს იოგები ეწოდება; ესენია: ა) ასოს მშვილდისებრი იოგი- fundiforme penis, რომელიც იწყება ბოქვენის სიმფიზიდან და იძლევა ორ ფეხს, რომლებიც გასდევენ სასქესო ასოს გვერდებზე და ბ) ასოს საკიდი იოგი – lig. suspensorium penis (ქალებში – სავნებოს საკიდი იოგი – lig. suspensorium clitoridis), გადაჭიმულია ბოქვენის სიმფიზიდან ასოს ზურგამდე – Dorsum penis. ამ იოგების მიდამოში ფასციის ჭიმები ნაწილობრივ გამაგრებულია მუცლის სწორი – M. rectus abdominis და მუცლის გარეთა ირიბი კუნთების – M. obliquus externus abdominis მყესოვანი კონებით.
2. თეძოს ფასცია – fascia iliaca (განხილულია მენჯისა და ბარძაყის ფასციებში)
3. განივი ფასცია – fascia transversalis ფარავს მუცლის განივი კუნთის შიგნითა ზედაპირს და მუცლის სწორი კუნთის უკანა ფურცლის შიგნითა ზედაპირს, რკალოვანი ხაზის – linea arcuata ქვემოთ კი – სწორი კუნთის შიგნითა და უკანა ზედაპირებს. ქვემოთ იგი შეზრდილია საზარდულის იოგთან. ჭიპის არეში განივი ფასცია – fascia transversalis შედარეით მკვრივია და მას ჭიპის ფასცია ეწოდება.
თეთრი ხაზის ქვემო ნაწილში სიგრძივი კონების კონცენტრაციის ხარჯზე იქმნება თეთრი ხაზის საყრდენი – adminiculum lineae albae, რომელიც ამაგრებს მუცლის თეთრი ხაზის ქვემო ნაწილს. საზარდულის მიდამოში განივი ფასცია ქმნის ძაბრისებრ გამობერილობას, რომელშიც მოთავსებულია პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩი – Processus vaginalis peritonei და რომელიც გრძელდება სათესლე ბაგირაკის მიმართულებით სათესლე პარკში და ფარავს სათესლე ბაგირაკსა და სათესლე ჯირკვალს; აღნიშნულ გამობერილობას შიგნითა სათესლე ფასცია – fascia spermatica interna ეწოდება. ეს ოვალური ფორმის ჩაღრმავება განივი ფასციის ზედაპირზე წარმოადგენს საზარდულის ღრმა რგოლს – anulus inguinalis profundus. აღნიშნული რგოლის მედიალური კიდეს, რომელიც განსაკუთრებითაა გამოხატული, ორმოთაშორისი იოგი – lig. interfoveolare ეწოდება.
სუბპერიტონეული ფასციის – Fascia subperitonealis შიგნითა ზედაპირს ესაზღვრება პერიტონეუმი – peritoneum.
მუცლის წინა კედლის პერიტონეუმზე განლაგებულია ნაოჭები, რომელთა მიმართულება ემთხვევა იოგებისა და სისხლძარღვების მიმართულებას. შუა ხაზის გაყოლებაზე, შარდის ბუშტის მწვერვალიდან ჭიპისაკენ, მიემართება ჭიპის შუა ნაოჭი – plica umbilicalis mediana, რომელიც იქმნება ჩანასახის ობლიტერირებული შარდსავალის – urachus გასწვრივ. შარდის ბუშტის გვერდითი ზედაპირიდან ჭიპისაკენ მიემართება ჭიპის მედიალური ნაოჭი – plica umbilicalis medialis, რომელიც იქმნება ნაყოფის ობლიტერირებული ჭიპის არტერიის – a. umbilicalis გასწვრივ. არსებობს ასევე წყვილი ჭიპის ლატერალური ნაოჭი – plica umbilicalis lateralis, რომლებიც მიემართებიან ქვემო ეპიგასტრული სისხლძარღვების (a. et vv. epigastricae inferiores). გასწვრივ.
მუცლის წინა კედლის შიგნითა ზედაპირის ქვემო ნაწილში მდებარეობს ჩაღრმავებები. ესენია: საზარდულის ლატერალური ფოსო – fossa inguinalis lateralis, რომელიც შეესაბამება საზარდულის ღრმა რგოლს. ჭიპის შუა ნაოჭსა – plica umbilicalis medialis და ჭიპის ლატერალურ ნაოჭს – plica umbilicalis lateralis შორის მდებარეობს საზარდულის მედიალური ფოსო – fossa inguinalis medialis, რომელიც შეესაბამება საზარდულის არხის გარეთა რგოლს. ჭიპის მედიალურსა და შუა ნაოჭებს შორის მდებარეობს ბუშტზედა ფოსო – fossa supravesicalis. ეს ფოსოები ხშირად წარმოადგენენ თიაქრების განვითარების ადგილს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.