მუცლის გვერდითი კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის გვერდითი  კუნთები  Lateral muscles of abdomen

მუცლის გვერდითი კედლის კუნთები სამ შრედაა განლაგებული. ყველაზე ზედაპირულად მოთავსებულია მუცლის გარეთა ირიბი კუნთი – m. obliquus abdominis externus, შემდეგ – მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი – m. obliquus abdominis internus, და ყველაზე ღრმად მდებარეობს მუცლის განივი კუნთი – m. transversus abdominis.

მუცლის კუნთები

1. მუცლის გარეთა ირიბი კუნთი – m. obliquus abdominis externus იწყება 8 კბილით ქვედა 8 ნეკნის გვერდითი ზედაპირებიდან. გულმკერდის წინა გვერდით ზედაპირზე მუცლის გარეთა ირიბი კუნთის ზედა 5 კბილი შედის წინა დაკბილული კუნთის ქვემო კბილებს შორის, ხოლო ქვედა 3 კბილი – ზურგის უგანიერესი კუნთის კბილებს შორის. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის კონები მიემართებიან ირიბად ქვემოთ და წინ და გადადიან აპონევროზში. აპონევროზის ზემო ნაწილი მიემართება შუა ხაზისაკენ და მონაწილეობს მუცლის სწორი კუნთის ბუდის წინა კედლის წარმოქმნაში.

მუცლის კუნთები

ამ კუნთის აპონევროზის კონები აღწევს შუა ხაზს, გადაეწვნებიან მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე კუნთების აპონევროზთა კონებს და მონაწილეობენ მუცლის თეთრი ხაზის – linea alba წარმოქმნაში. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის ქვემო კონები უმაგრდება თეძოს ქედის გარეთა ბაგის წინა ნაწილს. აპონევროზის შუა კონები გაივლის მენჯის ძვლის წინა ნაჭდევის ზემოთ და გადაიჭიმება თეძოს წინა ზემო წვეტსა – spina iliaca anterior superior და ბოქვენის ძვალს შორის. აპონევროზის ქვემო კიდე ქმნის ღარს. აპონევროზის ეს გასქელებული ქვემო კიდე, რომელიც გაჭიმულია ერთის მხრივ – თეძოს წინა ზემო წვეტსა და მეორეს მხრივ, ბოქვენის ბორცვსა – tuberculum pubicum და ბოქვენის სიმფიზს – symphysis pubica შორის, ცნობილია საზარდულის იოგის – lig. inguinale სახელწოდებით. საზარდულის იოგის კონები ბოქვენის ძვალთან ქმნიან ორ ფეხს. ერთი მათგანი – მედიალური ფეხი – crus mediale დამაგრებულია სიმფიზთან და კონების ერთი ნაწილით გადადის მოპირდაპირე მხარეზე, მეორე – ლატერალური ფეხი – crus laterale დამაგრებულია თანამოსახელე მხარის ბოქვენის ბორცვთან.

მუცლის კუნთები

ამ ორ ფეხს შორის იქმნება საკუთხა ნაპრალი, რომლის ზემო გვერდითი კუთხე მომრგვალებულია რკალისებურად მიმავალი ფეხთაშუა ძაფებით – fibrae intercrurales. ლატერალური ფეხის შიგნითა ნაწილიდან გამომავალი კონები მიემართებიან შიგნით და მედიალურად მუცლის სწორი კუნთის ბუდის წინა ფირფიტისაკენ. ამ კონებს შებრუნებული იოგი – lig. reflexum ეწოდება.
მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზში რჩება ოვალური ფორმის ხვრელი, რომელიც მოსაზღვრულია საზარდულის იოგის ორი ფეხით, ფეხთშუა ძაფებითა – fibrae intercrurales და შებრუნებული იოგით – lig. reflexum და მას საზარდულის ზედაპირულ რგოლს – anulus inguinalis superficialis ეწოდება. ამ რგოლიდან გამოდის სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus (მამაკაცებში) და საშვილოსნოს მგვალი იოგი – lig. teres uteri (ქალებში). ლატერალური ფეხის მედიალურ ბოლოს გამოეყოფა კონა, რომელიც მიემართება უკან და ლატერალურად, ბოქვენის ძვლის ზემო ტოტის გასწვრივ. ეს კონა ამრგვალებს საზარდულის იოგსა და ბოქვენის ძვალს შორის მახვილ კუთხეს  და მას შუალედის იოგი – lig. lacunare. ეწოდება. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის უკანა კიდის უკან, თეძოს ქედის ზემოთ, მდებარეობს წელის სამკუთხედი – trigonum lumbale.

მუცლის კუნთები
მოქმედება: წარმოადგენს მუცლის პრესის კუნთს; ერთ მხარეზე შეკუმშვისას აბრუნებს ტანს მოპირდაპირე მხარეზე, ორმხრივი შეკუმშვისას, მენჯის გამაგრების შემთხვევაში, სწევს გულმკერდს და ხრის ხერხემლის სვეტს.
ინერვაცია: nn. intercostales (V-XII), n. lumbalis (Th5-Th12;L1).

სისხლმომარაგება: aa. intercostales, thoracica lateralis, circumflexa ilium superficialis.

2. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი – m. obliquus abdominis internus ბრტყელი კუნთია, მდებარეობს მუცლის გარეთა ირიბი კუნთის ქვეშ. იწყება საზარდულის იოგის გარეთა ნაწილიდან, თეძოს ქედის შუამდებარე ხაზიდან – linea intermedia cristae iliacae და გულმკერდ – წელის ფასციიდან – fascia thoracolumbalis. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის კონები იშლებიან მარაოსებურად, აქვთ ირიბი მიმართულება ქვემოდან და უკნიდან ზემოთკენ და წინისაკენ; ქვედა კონები მიემართებიან ჰორიზონტალურად და ირიბად ქვემოთ და წინ. მათ გამოეყოფა თხელი კონები, რომლებიც ეშვებიან სათესლე ბაგირაკის მიმართულებით და შედიან სათესლეს ამწევი კუნთის – m. cremaste შემადგენლობაში. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის უკანა კონებს აქვთ ვერტიკალური მიმართულება და უმაგრდებიან ქვედა 3-4 ნეკნის გარეთა ზედაპირებს. დანარჩენი კონები გადადიან აპონევროზში, რომელიც მიემართება მუცლის სწორი კუნთის გარეთა კიდისაკენ, იყოფა ორ ფურცლად და ქმნის მუცლის სწორი კუნთის ბუდეს. აღნიშნული წინა და უკანა ფურცლების კონები აღწევენ შუა ხაზს და გადაეწვნებიან მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ფურცლების კონებს და მონაწილეობენ მუცლის თეთრი ხაზის წარმოქმნაში.
მოქმედება: წარმოადგენს მუცლის პრესის კუნთს;
ინერვაცია: nn. intercostales (VIII-XII), n. iliohypogastricus, n. ilioinguinalis.
სისხლმომარაგება: aa. intercostales, epigastrica inferior, epigastrica superior, musculophrenica.

მუცლის კუნთები

3. მუცლის განივი კუნთი – m. transversus abdominis ბრტყელი, განიერი კუნთია, უკავია მუცლის წინა გვერდითი ნაწილში ყველაზე ღრმა მდებარეობა. იწყება ქვედა 6 ნეკნის ხრტილების შიგნითა ზედაპირიდან, გულმკერდ – წელის ფასციიდან – fascia thoracolumbalis, თეძოს ქედის შიგნითა ბაგიდან – labium internum cristae iliacae და საზარდულის იოგიდან. მისი კონები მიემართებიან ჰორიზონტალურად წინ, და არმისული მუცლის სწორი კუნთის გარეთა კიდემდე, გადადიან აპონევროზში. ამასთან, რკალოვანი ხაზის – Linea arcuata ზემოთ, აპონევროზი სწორი კუნთის უკანაა მოტავსებული, ხოლო ხაზის ქვემოთ – გადადის სწორი კუნთის წინა ზედაპირზე. შუა ხაზზე აპონევროზთა კონები მონაწილეობენ მუცლის თეთრი ხაზის – linea alba წარმოქმნაში. განივი კუნთის ქვემო ნაწილს გამოეყოფა კონები, რომლებიც უერთდებიან მუცლის შიგნითა ირიბი კუნთიდან გამომავალ ასეთივე კონებს და ქმნიან სათესლეს ამწევ კუნთს – m. cremaster. განივი კუნთის კუნთოვანი კონების მყესოვან კონებში გადასვლის ადგილი წარმოადგენს რკალისებრ ხაზს და მას ნამგლისებრი ხაზი – linea semilunaris ეწოდება.
მოქმედება: წარმოადგენს მუცლის პრესის კუნთს.
ინერვაცია: nn. intercostales (VII- XII), n. iliohypogastricus, n. ilioinguinalis.
სისხლმომარაგება: aa. epigastricae superior et inferior, musculophrenica.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.