ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მტევნის ძვლები Hand bones
მტევანი შედგება შემდეგი ძვლებისაგან:
1. მაჯის ძვლები
2. ნების ძვლები
3. მტევნის თითების ფალანგები
მაჯის ძვლები – ossa carpi დაწყობილია ორ რიგად. მათგან ზედა, ანუ პროქსიმალური რიგის ძვლები ენაწევრება წინამხრის ძვლების დისტალურ ნაწილს, ხოლო მეორე, ანუ დისტალური რიგის ძვლები მიმართულნი არიან ნებისაკენ.
პროქსიმალური რიგის ძვლებია: ნავისებრი ძვალი – os scaphoideum, მთვარისებრი ძვალი – os lunation, სამწახნაგიანი ძვალი – os triquetrum და ცერცვისებრი ძვალი- os pisiforme. მეორე, დისტალური რიგის ძვლებია: ტრაპეციული ძვალი – Os trapezium, ტრაპეცოიდული ძვალი – Os trapezoideum, თავდიდა ძვალი – os capitatum და კავიანი ძვალი – os hamatum. პროქსიმალური რიგის პირველი ორი ძვალი – ნავისებრი და მთვარისებრი – ენაწევრება სხივის ძვალს, მესამე – სამწახნაგიანი – იდაყვის ძვალს, ცერცვისებრი კი – სამწახნაგიან ძვალს. დისტალური რიგის ძვლები ენაწევრება, ერთის მხრივ, მაჯის პირველი რიგის ძვლებს, მეორე მხრივ, ნების ძვლებს და, ბოლოს ერთიმეორეს.
ნების ძვლები – ossa metacarpalia წარმოდგენილია 5 მოკლე ლულოვანი ძვლით. თითოეულ ძვალში განარჩევენ სხეულსა და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. თითოეული ნების ძვლის სხეულს – corpus აქვს სამი ზედაპირი: უკანა, გვერდითი (ლატერალური) და მედიალური. ლატერალურ და მედიალურ ზედაპირებს ერთმანეთისგან ყოფს ქედი; აქ მდებარეობს მასაზრდოებელი ხვრელი – foramen nutricium, რომელიც გადადის მასაზრდოებელ არხში – canalis nutricius. ნების ძვლის სხეული მოხრილია. მისი პროქსიმალური ბოლო, ანუ ფუძე – basis, გასქელებულია; თავისი ბრტყელი სასახსრე ზედაპირით ენაწევრება მაჯის მეორე რიგის ძვლებს; ფუძის გვერდით ზედაპირებს აქვთ ასევე სასახსრე ზედაპირები, რომლებითაც ორი მომიჯნავე ძვალი ენაწევრება ერთმანეთს. ნების I და V ძვლების სასახსრე ზედაპირს აქვს უნაგირის ფორმა. ნების მესამე ძვლის ფუძეს უკანა ლატერალურ ნაწილში აქვს სადგისისებრი მორჩი – processus styloideus. ნების ძვლის ქვემო, დისტალური ბოლო – თავი – caput, სფერული ფორმისაა და პირველი რიგის ფალანგებთან შესანაწევრებლად დართული აქვს სასახსრე ზედაპირი. ნების ძვლებს შორის არსებულ შუალედებს ეწოდება ნების ძვალთაშუა სივრცეები – spalia inlerossea metacarреа.
მტევნის თითების ძვლები (ფალანგები) – ossa digitorum manus პატარა, ლულოვანი ძვლებია. პირველ (დიდ) თითს აქვს ორი ფალანგი: პროქსიმალური ფალანგი – phalanx proximalis და დისტალური ფალანგი – phalanx distaliy. დანარჩენ თითებს აქვთ კიდევ ერთი, შუა ფალანგი – phalanx media. ყველა ფალანგს აქვს ფუძე, სხეული და თავი. თითოეული ფალანგის სხეული – corpus წინა, ხელისგულის მხრიდან გამსხვილებულია. ეს ზედაპირი გვერდებიდან შემოსაზღვრულია ქედებით. მასზე მდებარეობს მასაზრდოებელი ხვრელი – foramen nutricium, რომელიც გრძელდება დისტალურად მიმართულ მასაზრდოებელ არხში – canalis nutricius. ფალანგის ზემო, პროქსიმალურ ბოლოს აქვს სასახსრე ზედაპირი, რომლითაც პროქსიმალური ფალანგები ესახსრებიან ნების ძვლებს; დისტალური ფალანგების ფუძე ორადაა გაყოფილი; დისტალური ფალანგის ქვემო ბოლოს აქვს დისტალური ფალანგის ხორკლი – tuberositas phalangis distalis. I , II და V თითების ნებ-ფალანგის შესახსრების და პირველი თითის ფალანგთაშორისი შესახსრების მიდამოში ხელისგულის ზედაპირზე კუნთების მყესების სისქეში გვხვდება ე. წ. სესამოიდური ძვლები.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.