მიმიკური კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მიმიკური კუნთები Mimetic muscles

მიმიკურ კუნთებს ყოფენ ოთხ ჯგუფად:
1. ქალასარქვლის კუნთები
2. თვალის ირგვლივი კუნთები
3. პირის ირგვლივი კუნთები
4. ცხვირის ირგვლივი კუნთები

მიმიკური კუნთები

1. თავის კანქვეშ, შუბლისა და კეფის ძვლებს შორის, მდებარეობს ბრტყელი მყესოვანი ფირფიტა, რომელსაც მყესოვანი აბჯარი – galea aponeurotica (aponeurosis epicranialis) ეწოდება; აბჯარი მჭიდროდაა შეზრდილი თავის კანის თმიან ნაწილთან და ფაშრად – ქალას ძვლების ძვლისაზრდელასთან. აბჯრის წინა ნაწილიდან იწყება შუბლის მუცელი – venter frontalis, უკანა ნაწილიდან – კეფის მუცელი – venter occipitalis და იქმნება კეფა – შუბლის კუნთი – m. occipitofrontalis.

ა) შუბლის მუცელი – venter frontalis, მდებარეობს შუბლის მიდამოს კანქვეშ. ეს კუნთი შედგება ვერტიკალური კონებისაგან, რომლებიც იწყებიან მყესოვანი აბჯრიდან – galea aponeurotica, მიემართებიან ქვემოთ და წარბზედა რკალების დონეზე ჩაეწვნებიან შუბლის კანში;

ბ) კეფის მუცელი – venter occipitalis, იქმნება შედარებით მოკლე კუნთოვანი კონებისაგან, რომლებიც იწყება ქედის ზემდებარე ხაზიდან – linea nuchae suprema, მიემართებიან ზემოთ და ჩაეწვნებიან მყესოვანი აბჯრის უკანა ნაწილებს.

მყესოვანი აბჯარი და მასთან დაკავშირებული კუნთოვანი ნაწილები მთლიანობაში შეადგენენ ქალასარქვლის კუნთს – m. epicranius.
მოქმედება: კეფის მუცლის შეკუმშვისას მყესოვანი აბჯარი და მასთან ერთად თავის თმიანი ნაწილის კანი გადაადგილდება უკან; შუბლის მუცლის შეკუშვისას ხდება მყესოვანი აბჯრისა და მასთან დაკავშირებული თავის კანის ნაწილის წინ გადანაცვლება, ასევე წარბების ზემოთ აწევა და თვალის ნაპრალის გაფართოება.

სისხლმომარაგება: შუბლის მუცელი – aa. temporalis superficialis, supraorbitalis, lacrimalis, angularis; კეფის მუცელი – aa. occipitalis, auricularis posterior.

2. ყურის წინა კუნთი – m. auricularis anterior იწყება საფეთქლის ფასციიდან და მყესოვანი აბჯრიდან – galea aponeurotica, მიემართება უკან და ქვემოთ, ვიწროვდება და უმაგრდება ყურის ნიჟარის კანს წინა სახურის – Tragus ზემოთ.
მოქმედება: ყურის ნიჟარის წინ და ზემოთ გადაადგილება.
სისხლმომარაგება: a. temporalis superficialis.

3. ყურის ზემო კუნთი – m. auricularis superior, მოთავსებულია ყურის წინა კუნთის გვერდით. იწყება ყურის ნიჟარის ზემოთ, მყესოვანი აბჯრიდან, მიემართება ქვემოთ და უმაგრდება ყურის ნიჟარის ზემო ნაწილს. ყურის ზემო კუნთის ბოჭკოთა კონებს, რომლებიც ჩაწნულნი არიან მყესოვან აბჯარში, საფეთქელ – თხემის კუნთი – m. temporoparietalis ეწოდება.

მოქმედება: ყურის ნიჟარის გადაადგილება ზემოთ, მყესოვანი აბჯრის დაჭიმვა.

სისხლმომარაგება: aa. temporalis superficialis, auricularis posterior, occipitalis.

4. ყურის უკანა კუნთი – m. auricularis posterior სუსტადაა განვითარებული. იწყება ქედის ფასციიდან – fascia nuchae, მიემართება წინ, აღწევს ყურის ნიჟარის ფუძეს.
მოქმედება: უკან სწევს ყურის ნიჟარას.
სისხლმომარაგება: a. auricularis posterior.

5. ქედის განივი კუნთი – m. transversus nuchae არამუდმივია; იწყება კეფის გარეთა შემაღლებიდან –  protuberantia occipitalis extena და მიემართება ლატერალურად, აღწევს მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის – m. sternocleidomastoideus დვრილისებრ მორჩზე მიმაგრების ადგილს. აქ კუნთი უმაგრდება m. sternocleidomastoideus მყესს; ზოგჯერ გზავნის კონებს კეფის ფასციისა და კისრის კანქვეშა კუნთისაკენ – m. platysma.
მოქმედება: ჭიმავს ფასციას და მასთან ერთად თავის კეფის მიდამოს კანს.
სისხლმომარაგება: a. occipitalis.

თვალის ირგვლივი კუნთები:

1. წარბის შემჭმუხნავი კუნთი – m. corrugator supercilii, იწყება შუბლის ძვლიდან, ცრემლის ძვლის ზემოთ, მიემართება ზემოთ, წარბზედა რკალის – arcus superciliaris მიმართულებით და მაგრდება წარბების კანზე. აქ კუნთის კონები გადაწნულია venter frontalis m. occipitofrontalis კუნთოვან კონებთან.
მოქმედება: წარბების კანი მოაქვს შუა ხაზისაკენ და ქმნის ღრმა ვერტიკალურ ნაოჭებს ცხვირის ფუძის ზემოთ.
სისხლმომარაგება: aa. angularis, supraorbitalis, temporalis superficialis.

2. სიამაყის კუნთი – m. procerus, იწყება ცხვირის ზურგზე, ცხვირის ძვლიდან ან ცხვირის კუნთის აპონევროზიდან და მაგრდება კანზე.
მოქმედება: კუნთის შეკუნშვისას ცხვირის ფუძესთან იქმნება განივი ნაოჭები.
სისხლმომარაგება: a. angularis და a. ethmoidalis.

3. თვალის ირგვლივი კუნთი – m. orbicularis oculi, მოთავსებულია თვალბუდის წინა ნაწილის კანქვეშ. კუნთში არჩევენ სამ ნაწილს: ორბიტის ნაწილს – pars orbitalis, ქუთუთოების ნაწილს – pars palpebralis, და ცრემლის ნაწილს – pars lacrimalis. სამივე ნაწილი იწყება თვალის მედიალური კუთხიდან.

ა) ორბიტის ნაწილი – pars orbitalis, იწყება ქუთუთოს მედიალური იოგიდან – Ligamentum palpebrale mediale, ზედა ყბის შუბლისეული მორჩიდან – Processus frontalis, შუბლის ძვლის ცხვირისეული ნაწილიდან – Pars nasalis და მიემართება ორბიტის ზემო და ქვემო კიდეების გასწვრივ, ქმნის კუნთოვან რგოლს. კუნთის შიგნითა კონები ქუთუთოს ლატერალური იოგის – Ligamentum palpebrale laterale მიდამოში ქმნიან ქუთუთოს ლატერალურ ნაკერს – raphe palpebralis lateralis.

ბ) ქუთუთოების ნაწილი – pars palpebralis, თვალის ირგვლივი კუნთის ორბიტის ნაწილის უშუალო გაგრძელებაა და მდებარეობს ქუთუთოს კანქვეშ.
კუნთს ორი ნაწილი აქვს: ზემო და ქვემო – pars palpebralis superior et inferior; ორივე მათგანი იწყება ქუთუთოს მედიალური იოგის – lig. palpebrale mediale ზემო და ქვემო კიდეებიდან, მიემართებიან თვალის ლატერალური კუთხისაკენ და უმაგრდებიან ქუთუთოს ლატერალურ იოგს – lig. palpebrale laterale.

გ) ცრემლის ნაწილი – pars lacrimalis, იწყება ცრემლის ძვლის უკანა ქედიდან და იყოფა ორ ნაწილად, რომლებიც უვლიან ცრემლის პარკს – saccus lacrimalis და გადადიან ქუთუთოების ნაწილის – pars palpebralis კუნთოვან კონებში.
მოქმედება: ორბიტის ნაწილი – pars orbitalis ხუჭავს თვალს და ასწორებს შუბლის კანის მიდამოში განივ ნაოჭებს; ქუთუთოების ნაწილი – pars palpebralis ხურავს თვალის ნაპრალს; ცრემლის ნაწილი – pars lacrimalis აფართოებს საცრემლე პარკს.

სისხლმომარაგება: aa. facialis, temporalis superficialis, infraorbitalis, supraorbitalis.

პირის ნაპრალის ირგვლივი კუნთები  იყოფა ორ ჯგუფად: პირის ირგვლივი კუნთი – m. orbicularis oris, რომლის შეკუმშვისას ვიწროვდება პირის ნარალი, და მეორე ჯგუფს მიეკუთვნება პირის ნაპრალის რადიალურად მდებარე კუნთები, რომელთა შეკუმშვა იწვევს ნაპრალის გაფართოებას.

1. პირის ირგვლივი კუნთი – m. orbicularis oris, იქმნება ტუჩების სისქეში განლაგებული ირგვლივი კუნთოვანი ბოჭკოებით. კუნთოვანი ბოჭკოები მჭიდროდაა შეზრდილი კანთან. ამ კუნთის ზედაპირული შრეებში განლაგებულია პირის ნაპრალთან მომავალი კუნთების კონები. კუნთში არჩევენ: სანაპირო ნაწილს – pars marginalis და ტუჩისეულ ნაწილს – pars labialis.
მოქმედება: ავიწროებს პირის ნაპრალს და ტუჩებს სწევს წინ.
სისხლმომარაგება: aa. labiates, mentalis, infraorbitalis.

2. ყვრიმალის დიდი კუნთი – m. zygomaticus major იწყება ყვრიმალის ძვლის გარეთა ზედაპირიდან. კუნთოვანი ბოჭკოების ნაწილი წარმოადგენს თვალის ირგვლივი კუნთის – m. orbicularis oculi გაგრძელებას. კუნთის კონები მიემართებიან ქვემოთ და მედიალურად, ჩაეწვნებიან პირის ირგვლივ კუნთსა და პირის კუთხის კანს.
მოქმედება: სწევს პირის კუთხეს ზემოთ და გარეთ.
სისხლმომარაგება: aa. infraorbitalis, buccalis.

3. ყვრიმალის მცირე კუნთი – m. zygomaticus minor, იწყება ყვრიმალის ძვლის წინა ზედაპირიდან. ამ თავის მედიალური კონები ჩაეწვნება თვალის ირგვლივი კუნთის – m. orbicularis oculi კუნთოვან ბოჭკოებს.

4. ზედა ტუჩების ამწევი კუნთი – m. levalor labii superioris იწყება თვალბუდის ქვედა კიდიდან – margo infraorbitalis, თვალბუდის ქვედა ხვრელის – foramen infraorbitale ზემოთ.

5. ზედა ტუჩის და ცხვირის ფრთის ამწევი კუნთი – m. levator labii superioris alaeque nasi, მდებარეობს ზედა ტუჩის ამწევი კუნთის გვერდით; იწყება ზედა ყბის შუბლისეული მორჩის – Processus frontalis ფუძიდან.
ბოლო სამი კუნთი მიემართება ქვემოთ, რამდენადმე კონვერგირდებიან და ქმნიან ოთხკუთხა ფორმის ფირფიტას, რომელიც თავისი კონებით ჩაეწვნება ზედა ტუჩის კანს, ნაწილობრივ –  პირის ირგვლივ კუნთს – m. orbicularis oris, ასევე ცხვირის ფრთის კანს.
მოქმედება: ზევით სწეგვს ზედა ტუჩს და ცხვირის ფრთას.
სისხლმომარაგება: aa. infraorbitalis, labialis superior, angularis.

6. პირის კუთხის ამწევი კუნთი – m. levator anguli oris, მდებარეობს წინა კუნთთან შედარებით უფრო ღრმად; იწყება თვალბუდის ქვედა ხვრელის – foramen infraorbitale ქვემოთ, ეშვის ფოსოდან – fossa canina, მიემართება ქვემოთ, ჩაეწვნება პირის კუთხის კანსა და პირის ირგვლივ კუნთს – m. orbicularis oris.
მოქმედება: ზევით და გარეთ სწევს პირის კუთხეს.
სისხლმომარაგება: aa. infraorbitalis, buccalis.

7. ლოყის კუნთი – m. buccinator, იწყება crista buccinatoria mandibulae-დან, ფრთა – ქვედა ყბის ნაკერიდან – raphe pterygomandibularis, ასევე ზედა და ქვედა ყბის გარეთა ზედაპირებიდან. ლოყის კუნთის კონები მიემართებიან წინ, გადადიან ზედა და ქვედა ტუჩებში, ასევე ჩაეწვნებიან ტუჩების კანში, პირის კუთხესა და პირის კარიბჭის ლორწოვანში. კუნთი შიგნითა მხრიდან მოფენილია ლორწოვანი გარსით, გარედან კი – ლოყის ცხიმოვანი სხეული – corpus adiposum buccae. ლოყოს კუნთის შუა ნაწილებში, საღეჭი კუნთის წინა კიდის დონეზე,  გაივლის ყბა-ყურის სადინარი – ductus parotideus.

მოქმედება: სწევს პირის კუთხეს განზე, ორმხრივი შეკუმშვისას ლოყების შიგნითა ზედაპირს მიაბჯენს კბილებთან.
სისხლმომარაგება: a. buccalis.

8. ღიმილის კუნთი – m. risorius, არამუდმივია და წარმოადგენს, ნაწილობრივ,  პლატიზმის – platysma კონების გაგრძელებას; ნაწილი კონებისა იწყება საღეჭი ფასციიდან – fascia masseterica და ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კანის მიდამოდან. ღიმილის კუნთის კონები მიემართებიან მედიალურად, ჩაეწვნებიან პირის კუთხის კანს.
მოქმედება: სწევს პირის კუთხეს გარეთ.
სისხლმომარაგება: aa. facialis, transversa faciei, buccalis, infraorbitalis.

9. პირის კუთხის დაწევი კუნთი – m. depressor anguli oris იწყება ქვედა ყბის წინა ზედაპირიდან, ნიკაპის ხვრელის ქვემოთ. კუნთი მიემართება ზემოთ, აღწევს პირის კუთხეს და კონების ერთი ნაწილით ჩაეწვნება მის კანში, ნაწილით კი – ზედა ტუჩებისა და პირის კუთხის ამწევის კუნთის სისქეში.
მოქმედება: პირის კუთხეს სწევს ქვემოთ და გარეთ.
სისხლმომარაგება: aa. labialis inferior, mentalis, submentalis.

10. ქვედა ტუჩების დამწევი კუნთი – m. depressor labii inferioris იწყება ქვედა ყბის წინა ზედაპირიდან, პირის კუთხის დაწევი კუნთის საწყისი ნაწილის ზემოთ, ნიკაპის ხვრელის – foramen mentale წინ; მიემართება ზემოთ და ჩაეწვნება ქვედა ტუჩებისა და ნიკაპის კანში. კუნთის მედიალური კონები ქვედა ტუჩებთან გადაეწვნებიან მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე კუნთის ასეთივე კონებს.

მოქმედება: სწევს ქვედა ტუჩენს ქვემოთ.
სისხლმომარაგება: aa. labialis inferior, mentalis, submentalis.

11. ნიკაპის კუნთი – m. mentalis იწყება ქვედა ყბის მჭრელების კბილბუდეთა შემაღლებიდან – Juga alveolaria, მიემართება ქვემოთ და ჩაეწვნება ნიკაპის კანში.
მოქმედება: სწევს ნიკაპის კანს ზემოთ და ჭმუჭნის.
სისხლმომარაგება: aa. labialis inferior, mentalis.

12. ნიკაპის განივი კუნთი – m. transversus menti არამუდმივი, პატარა კუნთია, რომელიც კვეთს შუა ხაზს ნიკაპის ქვეშ; ხშირად წარმოადგენს პირის კუთხის დამწევი კუნთის – m. depressor anguli oris გაგრძელებას.

ცხვირის ირგვლივი კუნთები:

1. ცხვირის კუნთი – m. nasalis იწყება ზედა ყბიდან ეშვისა და ლატერალური მჭრელის ალვეოლების ზეოთ, მიდის ზემოთ და იყოფა ორ ნაწილად: გარეთა და შიგნითა ნაწილებად.

ა) გარეთა ანუ განივი ნაწილი – pars transversus, შემოუვლის ცხვირის ფრთას, ფართოვდება და შუა ხაზთან გადადის მყესში, რომელიც აქ უერთდება მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე კუნთის მყესს;

ბ) შიგნითა, ანუ ფრთის ნაწილი – pars alaris, დამაგრებულია ცხვირის ფრთის ხრტილის უკანა ნაწილზე.
მოქმედება: ავიწროებს ცხვირის ხვრელს.
სისხლმომარაგება: aa. labialis superior, angularis.

2. ცხვირის ძგიდის დამწევი კუნთი – m. depressor septi nasi იწყება ზედა მედიალური მჭრელის ალვეოლური შემაღლებიდან, ასევე ნაწილობრივ, ღებულობს პირის ირგვლივი კუნთის – m. orbicularis oris კონებსაც. კუნთი დამაგრებულია ცხვირის ძგიდის ხრტილის ქვედა ზედაპირზე.
მოქმედება: ქვემოთ სწევს ცხვირის ძგიდეს.
სისხლმომარაგება: a. labialis superior.

ინერვაცია: ყველა მიმიკური კუნთი ინერვირდება სახის ნერვის – n. facialis ტოტებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.