ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მენჯ-ბარძაყის სახსარი Articulatio coxae; Hip joint, articulation of hip
მენჯ – ბარძაყის სახსარში – articulatio coxae ბარძაყის თავი – Caput femoris ენაწევრება მენჯის ძვლის ტაბუხის ბუდეს – Acetabulum. ბარძაყის თავის სასახსრე ზედაპირი მთლიანად დაფარულია ჰიალინური ხრტილით, გარდა ბარძაყის თავის ღრმულისა – fovea capitis; რაც შეეხება სატაბუხეს, ხრტილით დაფარულია ტაბუხის ბუდის მხოლოდ მთვარისებრი ზედაპირი – Facies lunata, დანარჩენ დაწილში კი იგი ამოვსებულია ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით და ამოფენილია სინოვიური გარსით.
ტაბუხის ბუდის ნაჭდევზე – Incisura acetabuli, გაჭიმულია ტაბუხის ბუდის განივი იოგი – lig. transversum acetabuli; იგი აერთებს ტაბუხის ბაგის – labrum acetabulare ბოლოებს, რომელიც რამდენამდე ზრდის ტაბუხის ბუდის სიღრმეს. სასახსრე ჩანთა – capsula articularis ფიქსირებულია: მენჯის ძვალზე – ტაბუხის ბაგის კიდეებზე, ბარძაყის ძვალზე კი – ციბრუტთაშუა ხაზზე – linea intertrochanterica; უკან იგი მოიცავს ბარძაყის ძვლის ყელის 2/3-ს და ვერ აღწევს ციბრუტთაშუა ქედამდე – Crista intertrochanterica.
მენჯ – ბარძაყის სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. თეძო – ბარძაყის იოგი – lig. iliofemorale, – მდებარეობს მენჯ – ბარძაყის წინა ზედაპირზე; იწყება თეძოს წინა ქვემო წვეტიდან – spina iliaca anterior inferior და ფიქსირდება ციბრუტთაშუა ხაზზე – linea intertrochanterica. იოგი ზღუდავს გაშლას მენჯ – ბარძაყის სახსარში.
2. ბოქვენ – ბარძაყის იოგი – lig. pubofemorale, – მიემართება ბოქვენის ძვლის ზემო ტოტიდან – Ramus superior ossis pubis, გადადის მენჯ – ბარძაყის სახსრის სასახსრე ჩანთაში და თავის კონების ერთი ნაწილით აღწევს ციბრუტთაშუა ხაზის – linea intertrochanterica მედიალურ ნაწილს.
3. საჯდომ – ბარძაყის იოგი – lig. ischiofemorale, – იწყება საჯდომი ძვლის სხეულის – Corpus ossis ischii წინა ზედაპირიდან, მიემართება წინ, გადადის მენჯ – ბარძაყის სახსრის სასახსრე ჩანთაში და თავისი კონების ერთი ნაწილით აღწევს ბარძაყის ძვლის ციბრუტის ფოსოს – fossa trochanterica.
4. ყალთა იოგი – Zona orbicularis, – ჩაქსოვილია სასახსრე ჩანთის სისქეში, მარყუჟისებურად ეხვევა ბარძაყის ძვლის ყელს და ფიქსირდება თეძოს წინა ქვემო წვეტზე – Spina iliaca anterior inferior.
5. ბარძაყის თავის იოგი – lig. capitis femoris, – მდებარეობს სასახსრე ღრუში. იწყება ტაბუხის ბუდის განივი იოგიდან – lig. transversum acetabuli, დაფარულია სინოვიური გარსით და ფიქსირებულია ბარძაყის თავის ღრმულზე – Fovea capitis femoris. იოგის სისქეში მდებარეობს ბარძაყის თავისაკენ მიმავალი სისხლძარღვები.
მენჯ – ბარძაყის სახსარი სფერული, მრავალღერძიანი სახსარია და სხვაგვარად მას კაკლისებრ – arliculatio cotylica სახსარსაც უწოდებენ.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება