მენჯის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მენჯის ძვალი Os coxae Caxal [hip] bone

მენჯის ძვალი – os coxae წყვილია. 16 წლამდე იგი სამი განცალკევებული ძვლისაგან შედგება: თეძოს ძვალი – os ilium, საჯდომი ძვალი – os ischii და ბოქვენის ძვალი – os pubis. თითოეულ მათგანს აქვს გასქელებული ნაწილი – სხეული – corpus.  რითაც ძვლები უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან ე. წ.  ტაბუხის ბუდეს – acetabulum. თეძოს ძვალი – os ilium წარმოქმნის ტაბუხის ბუდის ზემო ნაწილს, საჯდომი ძვალი – os ischii – ბუდის უკანა ქვედა ნაწილს და ბოქვენი ძვალი – os pubis – წინა ქვედა ნაწილს. 16 – 17 წლის ასაკამდე ძვლების ურთიერთდაკავშირება ხორციელდება ხრტილით;  შემდგომში ხრტილი იცვლება ძვლოვანი ქსოვილით და საზღვრები ძვლებს შორის ქრება. თეძოს ძვალს აქვს ბრტყელი ფორმა და ორი ნაწილისაგან შედგება: თეძოს ძვლის სხეული – corpus ossis ilii და თეძოს ძვლის ფრთა – ala ossis ilii. თეძოს ძვლის ფრთის ზედა, თავისუფალ გასქელებულ კიდეს ეწოდება თეძოს ქედი – crista iliaca; ქედის გასწვრივ მდებარეობს გარეთა და შიგნითა ბაგე – labium externum et internum და შუამდებარე ხაზი – linea intermedia.

მენჯის ძვალი

თეძოს ძვლის ქედი წინიდან მთავრდება თეძოს წინა ზემო წვეტითspina iliaca anterior superior; მის ქვემოთ მდებარეობს შედარებით ნაკლებად გამოხატული თეძოს წინა ქვემო წვეტი – spina iliaca anterior inferior; თეძოს ძვლის ქედი უკნიდან მთავრდება თეძოს უკანა ზემო წვეტით – spina iliaca posterior superior, მის ქვემოთ კი არის თეძოს უკანა ქვემო წვეტი – spina iliaca posterior inferior; ფრთის შიგნითა ზედაპირი ჩაღრმავებულია და ეწოდება თეძოს ფოსო – fossa ioliaca. თეძოს ძვლის გარეთა სადუნდულე ზედაპირზე – არის სამი ხორკლიანი ხაზი – წინა, უკანა და ქვემო სადუნდულე ხაზები – linea glutea anterior, posterior და inferior. ამ ხაზებიდან იწყება დუნდულა კუნთები. თეძოს ფოსო ქვემოდან და შიგნიდან თეძოს ძვლის დანარჩენი ნაწილებისაგან გამიჯნულია რკალოვანი ხაზით – linea arcuata. იქ, სადაც თეძოს ძვლის სხეული უერთდება ბოქვენის ძვლის სხეულს, არის ხორკლიანი ხაზი – თეძო-ბოქვენის მაღლობი – eminentia iliobubica. თეძოს ფრთის უკანა კიდეზე, მედიალური მხრიდან მოთავსებულია ყურისებრი ზედაპირი – facies auricularis, რომლითაც მენჯის ძვალი გავის ძვლის თანამოსახელე ზედაპირს ენაწევრება.

ბოქვენის ძვალს აქვს სხეული – corpus ossis pubis და ორი ტოტი: ზემო ჰორიზონტალური ტოტი – ramus superior ossis pubis და ქვემო, დასწვრივი ჰორიზონტალური ტოტი – ramus inferior ossis pubis. ზემო ტოტის ზევითა ნაპირის გასწვრივ მიდის ბოქვენის ძვლის ქედი – pecten ossis pubis, რომელიც მთავრდება ბოქვენის ბორცვით – tuberculum pubicum. ზემო ტოტის ქვედა ნაპირის მიმართ ირიბად, გარედან შიგნითა მიმართულებით მიდის განიერი დამხურავი ღარი – sulcus obturatorius. ბოქვენის ძვლის ქვემო ტოტებს შორის იქმნება კუთხე, რომელსაც ბოქვენის კუთხე – angulus pubis ეწოდება.

მენჯის ძვალი

საჯდომ ძვალში არჩევენ სხეულს – corpus ossis ischii, რომელიც გადადის ტოტში – ramus ossis ischii. გადასვლის მიდამოში იქმნება მსხვილი ძვლოვანი წარმონაქმნი – საჯდომი ბორცვი (კუკუხო) – tuber ischiadicum. ამ ბორცვის უკან და ზევით მდებარეობს საჯდომი წვეტი – spina ischiadica, რომელიც განსაზღვარვს ორ ნაჭდევს: ზემო დიდ საჯდომ ნაჭდევს – incisura ischiadica major და ქვემო მცირე საჯდომ ნაჭდევს – incisura ischiadica minor. ბოქვენისა და საჯდომი ძვლის ტოტები უერთდებიან ერთმანეთს და ქმნიან მოზრდილ დახურულ ხვრელს – foramen obturatum.

ტაბუხის ბუდე – acetabulum წარმოადგენს ღრმა ფოსოს, გამოწეული და შევიწროებული ნაპირით, რომელიც ქვედა ნაწილში წყდება ტაბუხის ნაჭდევით – incisura acetabuli. ტაბუხის ბუდე ორ ნაწილად იყოფა: სადა, ხრტილით მოფენილი მთვარისებრი ზედაპირი – facies lunata, და ცენტრალური ხორკლიანი – ტაბუხის ბუდის ფოსო – fossa acetabuli.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.