მალთაშუა დისკოები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მალთაშუა დისკოები Disci intervertebrales; Intervertebral disks; intervertebral (fibro) cartilages

მალთაშუა დისკოები (ხრტილები) მოთავსებულნი არიან  ხერხემლის სვეტის კისრის, გულმკერდისა და წელის ნაწილის მეზობელი მალების სხეულებს შორის. მალთაშუა დისკო – disci intervertebrales, ბოჭკოვანი ხრტილია.

მალთაშუა დისკოები

მასში არჩევენ: პერიფერიულ ნაწილს – ფიბროზულ რგოლს – anulus fibrosus, დაცენტრალურად მდებარე რბილ ბირთვს – nucleus pulposus. ფიბროზული რგოლის წარმომქმნელი კოლაგენური ბოჭკოები სამი მიმართულებისაა: კონცენტრული, ირიბი და სპირალისებრი. ეს ბოჭკოები თავიანთი ბოლოებით გადადიან მალების სხეულთა ძვლისაზრდელაში. მალთაშუა დისკოს ცენტრალური ნაწილი – nucleus pulposus, ელასტიკურია და წარმოადგენს თავისებურ ზამბარისებურ შრეს, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ხერხემლის დინამიკაში. მალთაშუა დისკო შეზრდილია ჰიალინურ ხრტილთან, რომელიც ფარავს მალების სხეულების ერთმანეთისაკენ მიმართულ ზედაპირებს და თავისი ფორმით შეესაბამება მალებს სხეულების ფორმას.  ატლანტსა და ღერძმალას შორის მალთაშუა დისკო არ არსებობს. დისკოების სისქე განსხვავებულია და თანდათანობით მატულობს ხერხემლის სვეტის ქვემო ნაწილისაკენ, ამასთან კისრისა და წელის ნაწილების დისკოები წინ უფრო სქელია, ვიდრე უკან. ხერხემლის სვეტის გულმკერდის განყოფილების შუა ნაწილში დისკოები უფრო თხელია, ვიდრე ზემოთ და ქვემოთ მდებარე ნაწილებში. ხრტილოვანი ნაწილი შეადგენს ხერხემლის სვეტის სიგრძის მეოთხედს.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.