კოაგულანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სისხლდენის პროფილაქტიკისა და შეჩერებისთვის გამოიყენება საშუალებები, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედების უნარს (ჰემოსტატიკები). ჰემოსტატიკური საშუალებები წარმოდგენილია სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებით და განსხვავდებიან მოქმედების მექანიზმით. კაპილარული და პარენქიმატოზული სისხლდენების შესაჩერებლად ადგილობრივად გამოიყენება თრომბინი (ბუნებრივი თრომბინის პრეპარატი) და სხვა ადგილობრივი ჰემოსტატიკები (ჰემოსტატიკური ღრუბელი ამბენით, ჰემოსტატიკური კოლაგენური ღრუბელი და სხვა), რომლებიც ახდენენ არა მარტო ჰემოსტატიკურ, არამედ ანტისტატიკურ მოქმედებასაც, ხელს უწყობენ ქსოვილების რეგენერაციას და იარების შეხორცებას.
ფიბრინის წარმოქმნას უზრუნველყოფს ფერმენტი თრომბინი. მისი წარმოქმნა ხდება პროთრომბინიდან კალციუმის იონებისა და თრმბოპლასტინის გავლენით. სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც განაპირობებენ პროთრომბინის სინთეზს (ღვიძლში) ან მის თრომბინად გარდაქმნას (პლაზმაში), გააჩნიათ სისხლდენის შემაჩერებელი (კოაგულაციური) მოქმედება.

1935 წელს დანიელ მეცნიერ ჰენრიკ დამს K ვიტამინის როლის აღმოჩენისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. იგი იკვლევდა წიწილების განვითარებაზე სხვადასხვა დიეტების გავლენას და შენიშნა, რომ ზოგიერთი დიეტის გავლენით წიწილებს კანქვეშა უჯრედისში უჩნდებოდათ წერტილოვანი სისხლჩაქცევები. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი იყო K ვიტამინის უკმარისობა, რაც იწვევდა სისხლში პროთრომბინის დონის თანდათან შემცირებას.
ადამიანის ორგანიზმში K ვიტამინის სინთეზი ხდება კუჭ-ნაწლავის ბაქტერიებით, ორგანიზმში მისი მოხვედრა შესაძლებელია საკვებითაც. ჩვეულებრივ, საკვებით მიღებული K ვიტამინი საკმარისია იმისათვის, რომ სისხლდენა არ განვითარდეს, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლებელია მისი დეფიციტი შეიქმნას, და ამ დროს ადგილი აქვს ჰემორაგიულ მოვლენებს. ვიტამინი K არსებობს ორი ბუნებრივი ფორმით – ვიტამინი K1 და ვიტამინი K2. ორივე მათგანი კარგად იხსნება ცხიმში და ამიტომ კუჭ-ნაწლავიდან შეიწოვება ცხიმშემცველი საკვების მიღებისა და ნაღვლის ნორმალური სეკრეციის პირობებში. K ვიტამინის უტილიზაცია, აქტივაცია და დაგროვება ხდება ღვიძლში, ამიტომ ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინის დონის შემცირება. K ვიტამინის დეფიციტს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სიყვითლისას, ასევე სხვა დაავადებების დროს, როცა შემცირებულია ნაწლავებში ნაღვლის გადასვლა, წვრილ ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევისას, კუჭ-ნაწლავში მიკროფლორის ცვლილებისას, ანტიბიოტიკებით ხანგრძლივად მკურნალობისას.
სამედიცინო მიზნით გამოიყენება K1 ვიტამინის ანალოგი ფიტომენადიონი და წყალში ხსნადი მენადიონ ნატრიუმის ბისულფიტი (ვიტამინი K3). ეს პრეპარატები ინიშნება პროთრომბინის დონის დაქვეითებისას და სისხლდენების დროს ან არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებით გამოწვეული სისხლდენის საშიშროებისას.

კოაგულანტების თვისებები გააჩნია ასევე პლაზმისაგან მიღებულ და სისხლის შედედების სხვადასხვა ფაქტორების შემცვლელ პრეპარატებს, ასეთია მაგალითად, ანტიჰემოფილიური VIII და IX ფაქტორთა კომპლექსი. მსგავსი საშუალებები გამოიყენება ჰემოფილიით დაავადებულთა ჰემოსტაზის ნორმალიზაციისათვის.
სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენება ასევე, თრომბინი და ფიბრინოგენი (გამოყოფენ სისხლისაგან). ორივე მათგანი სისხლის შედედების სისტემის ბუნებრივი კომპონენტია. ზოგადი გენერალიზებული თრომბოზების თავიდან აცილების მიზნით თრომბინი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. ფიბრინოგენი, როგორც ფიბრინის წინამორბედი, შესაძლოა დაინიშნოს როგორც ადგილობრივად, ასევე ვენაშიც.
ჰემოსტატიკური კოლაგენური ღრუბელი გამოდის ფირფიტის სახით, რომელიც კარგად იჟღინთება სისხლით. ჭრილობაზე დადებით იგი მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს, შთანთქავს სისხლს და უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას თრომბოციტების აგრეგაციის ხარჯზე (ცნობილია, რომ თრომბოციტები კარგად ეკვრიან დაზიანებული სისხლძარღვის უბნებს და მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში).
სისხლდენის შესამცირებლად ზოგჯერ სასარგებლოა მცენარეული გამონაწვლილები – ჯინჭრის ფოთლების, ფარსმანდუკის, წიწმატურას, მატიტელას ბალახის და სხვა მცენარეთა ექსტრაქტები და გამონაცემები. სისხლდენას ამცირებენ პრეპარატები, რომლებიც ზრდიან სისხლის სიბლანტეს (სამედიცინო ჟელატინი), ამცირებენ კაპილარების განვლადობას (კარბაზოქრომი, ეტამზილატი), შემკვრელი და მომწველი საშუალებები (წყალბადის ზეჟანგი, კალიუმის პერმანგანატი, იოდის სპირტხსნარი, ბრილიანტის მწვანეს ხსნარი).
ჰეპარინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სისხლდენის დროს გამოიყენება პროტამინის სულფატი, რომელიც ჰეპარინის სპეციფიური ანტაგონისტია. იგი ჰეპარინთან წარმოქმნის კომპლექსს, რომელიც განაპირობებს სისხლის შედედების პროცესის ნორმალიზაციას. ჩვეულებრივ პირობებშიც პროტამინის სულფატს გააჩნია ანტიკოაგულაციური აქტივობა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.