ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის სამკუთხედები Triangles [trigone] of neck
კისრის წინა მიდამო – regio colli anterior ორივე მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთით იყოფა სამ სამკუთხედად: ერთი წინა და ორი გვერდითი. კისრის თითოეულ ნახევარს (გვერდებზე) მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთი ორ სამკუთხედად ყოფს: მედიალურ და ლატერალურ სამკუთხედებად. კისრის მედიალური სამკუთხედი შემოსაზღვრულია ქვედა ყბის ქვემო კიდით, კისრის შუა ხაზითა და მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის წინა კიდით. ორივე, მარჯვენა და მარცხენა, მედიალური სამკუთხედები ქმნიან კისრის ერთ წინა სამკუთხედს. კისრის გვერდითი სამკუთხედები მოსაზღვრულია მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის უკანა კიდით, ლავიწითა და ტრაპეციული კუნთის კიდით. თითოეული სამკუთხედი კისრის კუნთებით იყოფა მრავალ პატარა სამკუთხედებად. კისრის მედიალური სამკუთხედი ორმუცელა კუნთითა და ბეჭ-ინის კუნთის ზემო მუცლით იყოფა ყბისქვეშა და საძილე სამკუთხედებად.
1. ყბისქვეშა სამკუთხედი – trigonum submandibulare, მოსაზღვრულია ორმუცელა კუნთის წინა და უკანა მუცლითა და ქვედა ყბის ქვემო კიდით. ყბისქვეშა სამკუთხედში გამოყოფენ მცირე ზომის ენის სამკუთხედს – trigonum linguale (ანუ trigonum Pirogovi). იგი მოსაზღვრულია ყბა – ინის კუნთის უკანა კიდით, ორმუცელა კუნთის უკანა მუცლითა და ინის ნერვით.
2. საძილე სამკუთხედი – trigonum caroticum მოსაზღვრულია: ორმუცელა კუნთის უკანა მუცლით, ბეჭ – ინის კუნთის ზემო მუცლითა და მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის წინა კიდით.
3. ბეჭ – ლავიწის სამკუთხედი – trigonum omoclaviculare მოსაზღვრულია მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის უკანა კიდით, ლავიწითა და ბეჭ – ინის კუნთის ქვემო მუცლით; სამკუთხედი შეესაბამება დიდ ლავიწზედა ფოსოს – fossa supracl avicularis major.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.