ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის ზედაპირული კუნთები Superficial muscles of neck
კისრის ზედაპირული ჯგუფის კუნთებია:
კისრის კანქვეშა კუნთი – platysma
მკერდ-ლავიწ – დვრილისებრი კუნთი – m. sternocleidomastoideus
1. კისრის კანქვეშა კუნთი – platysma, თხელი კუნთოვანი ფირფიტის სახით მოთავსებულია კისრის კანქვეშ და მჭიდროდაა მასთან შეზრდილი. პლატიზმას კუნთოვანი კონები იწყება მკერდის მიდამოში, მეორე ნეკნის დონეზე, მიემართებიან ზემოთ და მედიალურად, აღწევენ ქვედა ყბის კიდეს და თავიანთი მედიალური კონებით გადაეწვნებიან მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე კუნთის კონებსა და მაგრდებიან ქვედა ყბის კიდეზე; კუნთის ლატერალური კონები გადადიან სახეზე, სადაც ჩაეწვნებიან ყბა-ყურა ჯირკვლის ფასციასა და საღეჭ ფასციას – fascia parotidea et fascia masseterica და აღწევენ პირის კუთხეს.
მოქმედება: ჭიმავს კისრისა და მკერდის კანს, ქვემოთ სწევს ქვედა ყბას, ასევე პირის კუთხეს გარეთ და ქვემოთ.
ინერვაცია: n. colli (n. facialis).
სისხლმომარაგება: aa. cervicalis superficialis, facialis
2. მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთი – m. sternocleidomastoideus, პლატიზმას უკან არის მოთავსებული. იგი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ კუნთოვან ჭიმს, რომელიც ირიბად, სპირალისებურად გადაკვეთს კისრის მიდამოს დვრილისებრი მორჩიდან მკერდ – ლავიწის შენაწევრებამდე. კუნთი იწყება ორი თავით (ფეხით): ლატერალური – ლავიწის სამკერდე ბოლოდან, მედიალური – მკერდი ძვლის ტარის წინა ზედაპირიდან. ორივე თავი ერთმანეთს უერთდება კუთხით, ისე, რომ მედიალური თავის კონები შედარებით ზედაპირულადაა განლაგებული. წარმოქმნილი კუნთოვანი მუცელი მიემართება ზემოთ და უკან და უმაგრდება საფეთქლის ძვლის დვრილისებურ მორჩსა და ქედის ზემო ხაზს – linea nuchae superior. მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის მედიალურ და ლატერალურ ფეხებს შორის იქმნება მცირე ზომის ჩაღრმავება – ლავიწზედა მცირე ფოსო – fossa supraclavicularis minor, ხოლო მარჯვენა და მარცხენა მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის მედიალურ ფეხებს შორის, საუღლე ნაჭდევის ზემოთ – საუღლე ფოსო – Fossa jugularis.
მოქმედება: კუნთის ერთ რომელიმე მხარეზე შეკუმშვისას ხდება თავის გადახრა შეკუმშული კუნთის მხარეზე და სახის მობრუნება მოპირდაპირე მხარეზე; ორმხრივი შეკუმშვისას ხდება თავის უკან გადახრა და რამდენადმე წინ წამოწევა.
ინერვაცია: n. externus n. accessorii და n. cervicalis
სისხლმომარაგება: aa. occipitalis, sternocleidomastoidea, thyroidea superior.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.