ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. კეფის ძვალი
კეფის ძვალი – os occipitale შეადგენს ქალას უკანა ქვედა ნაწილს. მასში არჩევენ 4 ნაწილს: ძირითად ნაწილს – pars basilaris, წყვილ ლატერალურ ნაწილს – partes laterales და კეფის ქიცვს – squama occipitalis, რომლებიც მოთავსებულნი არიან დიდი ხვრელის – foramen occipitale magnum ირგვლივ. ამ ხვრელით ქალას ღრუ უკავშირდება ხერხემლის არხს.
კეფის ძვლის ძირითადი ნაწილი – pars basilaris სოლისებრი ძვლის სხეულს უკავშირდება სოლისებრ – კეფის სინქონდროზით – synchondrosis sphenooccipitalis. ასაკის მატებასთან ერთად ხრტილი განიცდის გაძვალებას და საბოლოოდ ორივე ძვალი ერწყმის ერთმანეთს. ძირითადი ნაწილის ზედა, ქალას ღრუსკენა ზედაპირი სადა და ჩაზნექილია. სოლისებრი ძვლის სხეულთან ერთად იგი ქმნის თავქვეს – clivus, რომელიც მიმართულია დიდი ხვრელისაკენ (მასზე ძევს მოგრძო ტვინი, ხიდი და ტვინის ძირითადი არტერია თავისი ტოტებით). ძირითადი ნაწილის ქვედა ზედაპირი ხორკლიანია; შუა ადგილას აღინიშნება კარგად გამოხატული ხახის ბორცვი – tuberculum pharyngeum და ხორკლიანი ხაზები (თავის წინა სწორი და გრძელი კუნთების მიმაგრების კვალი). კეფის ძვლის ლატერალური ნაწილებისა და ძირითადი ნაწილის უსწორმასწორი კიდეები უკავშირდება საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის უკანა კიდეს. მათ შორის იქმნება კლდოვან-კეფის ნაპრალი – fissura petrooccipitalis; ნაპრალი ამოვსებულია ხრტილით, ე. წ. კლდოვან-კეფის სინქონდროზით – synchondrosis petrooccipitalis, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ძვალდება.
კეფის ძვლის ლატერალური ნაწილები ქმნიან დიდი ხვრელის გვერდით ნაწილებს და წინიდან უერთდებიან კეფის ძვლის ძირითად ნაწილს, უკნიდან – კეფის ქიცვს. თითოეული ლატერალური ნაწილის ქვედა ზედაპირზე ორი მორჩია, რომლებითაც კეფის ძვალი ესახსრება კისრის პირველ მალას. მათ კეფის როკებს – condylus occipitalis უწოდებენ. კეფის როკის უკან მდებარეობს როკის ფოსო – fossa condylaris. ფოსო ხშირად გადადის როკის არხში – canalis condylaris, რომელშიც გაივლის როკის გამოსაშვები ვენა – v. emissaria condularis. ლატერალური ნაწილის სატვინე ზედაპირზე მდებარეობს საუღლე ნაჭდევი – incisura jugularis და საუღლე მორჩი – рrоcessus intrajugularis. საუღლე ნაჭდევი საფეთქლის ძვლის თანამოსახელე ნაჭდევთან წარმოქმნის საუღლე ხვრელს – foramen jugulare. ორივე ძვლის საუღლე მორჩები ამ ხვრელს ყოფენ ორ ნაწილად: უკანა, დიდ ნაწილად, რომელშიც თავსდება შიგნითა საუღლე ვენის ბოლქვი – bulbus superior v.jugularis intenae, და წინა პატარა ნაწილად, რომელშიც გაივლის ენა-ხახის, ცდომილი და დამატებითი ნერვები – nn. glossopharyngeus, vagus et accessorius. საუღლე მორჩის უკან მდებარეობს სიგმოიდური სინუსის ღარი – sulcus sinus sigmoidei, რომელიც წარმოადგენს საფეთქლის ძვლის თანამოსახელე ღარის გაგრძელებას. წინ და მედიალურად მდებარეობს საუღლე ბორცვი – tuberculum jugulare. მის უკან და ქვევით, საუღლე მორჩსა და კეფის როკს შუა მდებარეობს ენისქვეშა ნერვის არხი – canalis nervi hypoglossi (მასში გაივლის ენისქვეშა ნერვი – n. hypoglossus).
კეფის ძვლის ქიცვი – squama occipitalis, კეფის ძვლის ყველაზე დიდი ნაწილია. მისი გვერდითი კიდე იყოფა ორ ნაწილად: ლამბდისებრი კიდე – margo lambdoideus, რომელიც უერთდება თხემის ძვალს და წარმოქმნის ლამბდისებრ ნაკერს – sutura lambdoidea; დვრილისებრი კიდე – margo mastoideus, რომელიც უკავშირდება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს და წარმოქმნის კეფა-დვრილისებრ ნაკერს – sutura occipitomastoidea.
კეფის ძვლის ქიცვის გარეთა ზედაპირზე მდებარეობს კეფის გარეთა შემაღლება – protuberantia occipitalis externa, შიგნითა ზედაპირზე კი – კეფის შიგნითა შემაღლება – protuberantia occipitalis interna. კეფის გარეთა შემაღლებიდან დიდი ხვრელისაკენ ეშვება კეფის გარეთა ქედი – crista occipitalis externa. მისგან განზე მიემართება კეფის ზემდებარე, ზემო და ქვემო ხაზები – lineae nuchae supremae, superior et inferior. ყველა ეს ხაზი წარმოადგენენ კუნთების მიმაგრების კვალს. სატვინე ზედაპირზე – facies cerebralis, მდებარეობს ჯვარედინა მაღლობი – eminentia cruciformis. ჯვარედინა მაღლობიდან ორივე მხარეზე მიემართება განივი სინუსის ღარები – sulcus sinus transversi, ზემოთ – ზემო საგიტალური სინუსის ღარი – sulcus sinus sagittalis superioris, ქვევით – კეფის შიგნითა ქედი – crista occipitalis interna, რომელიც მიემართება დიდი ხვრელისაკენ.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.