ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. კბილები Dentes; Teeth
კბილები – dentes, ძვლოვანი ორგანოებია, რომლებიც გამაგრებულია ზედა და ქვედა ყბების კბილბუდეებში. კბილი და ალვეოლა (კბილბუდე) – alveola ერთმანეთს უკავშირდება ე. წ. ჩაჭდეულობის – gomphosis (junctura fibrosa) საშუალებით. ადამიანს კბილები ორჯერ ეცვლება. პირველი პერიოდის კბილებს მოსაცვლელ კბილებს – dentes decidui უწოდებენ. მოსაცვლელი კბილები ოცია: აქედან ოთხი საჭრელი კბილია, ორი – ეშვი, ოთხ – ოთხი – ძირითადი კბილები ყოველ ყბაზე. მეორე პერიოდის კბილებს მუდმივ კბილებს უწოდებენ – dentes permanentes. მათი რიცხვი ოცდათორმეტია. თითოეული კბილი შედგება სამ ნაწილისაგან: კბილის გვირგვინი – corona dentis, კბილის ყელი – collum (cervix) dentis, და კბილის ფესვი – radix dentis, რომელიც კბილბუდეშია. ფესვების რაოდენობა განხვავებულია.
კბილის ძირითადი მასა წარმოქმნილია კბილის დენტინით – dentinum. გვირგვინის ნაწილში დენტინი დაფარულია მინანქრით – enamelum, ხოლო ყელისა და ფესვის ნაწილში – დუღაბით – cementum. კბილის ფესვს ფარავს კბილის ძვლისაზრდელა, ე. წ. პერიოდონტი – periodontium, რომელიც ფესვს ამაგრებს კბილბუდეში. კბილის გამაგრებაში დიდ როლს ასრულებს ღრძილები – gingivae, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რომელიც ფარავს ორივე ყბის ალვეოლურ მორჩს და მჭიდროდაა შეზრდილი ძვლისაზრდელასთან, ასევე პერიოდონტთან. კბილის გვირგვინის შიგნით მოთავსებულია კბილის ღრუ – cavum dentis, რომელიც გრძელდება კბილის ფესვის არხში – canalis radicis dentis. ფესვის მწვერვალზე – apex radicis dentis არხი იხსნება კბილის მწვერვალის ხვრელით – foramen apicis radicis dentis. ამ ხვრელით კბილის ღრუში მოთავსებულ ფაშარ შემაერთებელ ქსოვილში, ე. წ. კბილის პულპაში – pulpa dentis, შედის სისხლძარღვები და ნერვები. განასხვავებენ გვირგვინის პულპას – pulpa coronale, და ფესვის პულპას – pulpa radicularis. გვირგვინის ფორმის მიხედვით კბილები იყოფა: 4 საჭრელი კბილი – dentes incisivi, 2 ეშვი – dentes canini, 4 მცირე ძირითადი კბილი (ანუ პრემოლარი) – dentes premolares, და 6 დიდი ძირითადი კბილი (ანუ მოლარი) – dentes molares.
კბილის გვირგვინს აქვს 5 ზედაპირი: შიგნითა, ენისკენ მიმართული ენისმხრივი ზედაპირი – facies lingualis; გარეთა – კარიბჭისმხრივი (სახისმხრივი) ზედაპირი – facies vestibularis (facialis), დაფარული ზედაპირი – facies occlusalis, რომელიც თანკბილივისას იფარება ანტაგონისტი კბილის იმავე ზედაპირით; მეზობელ კბილებთან საკონტაქტო, ე. წ. შემხები ზედაპირები – facies contactus, რომელთაგან წინ მდგომ კბილთან მომიჯნავე ზედაპირს ეწოდება მედიალური ზედაპირი – facies medialis, ხოლო მომდევნო კბილისაკნ მიმართულს – დისტალური ზედაპირი – facies distalis. ძირითად კბილებს აქვთ საღეჭი ზედაპირი – facies masticatoria, რომელზედაც დართულია ბორცვები. მცირე ძირითადი კბილების საღეჭ ზედაპირს აქვს ორი ტუჩისა და ენის ბორცვები, დიდ ძირითად კბილებს – ორი ლოყისა და ორი ენის ბორცვი. ეშვებს აქვთ საჭრელი ბორცვი, ხოლო საჭრელ კბილებს – საჭრელი კიდე – margo incisalis. საჭრელ კბილებსა და ეშვებს თითო ფესვი აქვთ; მცირე ძირითად კბილებს ასევე თითო ფესვი აქვთ. ზოგჯერ ზედა ყბის მცირე ძირითადი ფესვი გაორკაპებულია. ზედა ყბის დიდ ძირითად კბილებს სამი ფესვი აქვთ; ქვედა ყბის დიდ ძირითად კბილებს კი – ორი ფესვი.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.