კარის ვენა

ადამიანის ნორმალური ანატომია. კარის ვენა Vena portae; Portal vein

ლალი დათეშიძე

კარის ვენა – v. portae, კრებს სისხლს მუცლის ღრუს კენტი ორგანოებიდან. იგი იქმნება პანკრეასის თავის უკან, სამი ვენის – ჯორჯლის ქვემო ვენის – v. mesenterica inferior, ჯორჯლის ზემო ვენის – v. mesenterica superior, და ელენთის ვენის – v. lienalis შეერთების შედეგად.

კარის ვენა მიემართება ზემოთ და მარჯვნივ, გაივლის თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილის უკან, შედის ღვიძლ – თორმეტგოჯას იოგში – Lig. hepatoduodenale და მის ფურცლებს შორის მიემართება ღვიძლის კარისაკენ. აღნიშნული იოგის სისქეში კარის ვენა მოთავსებულია ნაღვლის საერთო სადინართან – Ductus choledochus და ღვიძლის საერთო არტერიასთან – A. hepatica communis ერთად, ისე, რომ სადინარს უკავია უკიდურესი მარჯვენა მდებარეობა, მის მარცხნივ არის ღვიძლის საერთო არტერია, ხოლო მათ შორის და ღრმად – კარის ვენა. ღვიძლის კართან კარის ვენა – v. portae იყოფა ორ ტოტად: მარცხენა ტოტად – ramus sinister და მარჯვენა ტოტად – ramus dexter, ღვიძლის მარცხენა და მარჯვენა წილების შესაბამისად. კარის ვენის მარჯვენა ტოტი მარცხენაზე უფრო ფართოა; იგი შედის ღვიძლის კარიდან ღვიძლის მარჯვენა წილის სისქეში და იყოფა წინა და უკანა ტოტებად – rr. anterior et posterior. მარცხენა ტოტი გრძელია მარჯვენაზე; მიემართება ღვიძლის კარის მარცხენა ნაწილისაკენ და  გზაზე იძლევა განივ ტოტს – r. transversus, ასევე ტოტებს კუდიანი წილისაკენ – კუდის ტოტებს – rr. caudati, ლატერალურ და მედიალურ ტოტებს – rr. laterales et mediates ღვიძლის მარცხენა წილის პარენქიმაში.

კარის ვენა

ჯორჯლის ქვემო ვენას – v. mesenterica inferior, ჯორჯლის ზემო ვენას – v. mesenterica superior, და ელენთის ვენას – v. lienalis, რომლებიც ქმნიან კარის ვენას, უწოდებენ ღვიძლის კარის ფესვებს; კარის ვენას უერთდება კუჭის მარჯვენა და მარცხენა ვენები – vv. gastricae sinistra et dextra, პილორუსისწინა ვენა – v. prepylorica,  პანკრეასის ვენები – vv. pancreaticae.

1. ჯორჯლის ქვემო ვენა – v. mesenterica inferior, სისხლს კრებს დასწვრივი კოლინჯის, სიგმოიდური კოლინჯისა და სწორი ნაწლავის ზემო ნაწილის კედლებიდან და თავისი ტოტებით მიყვება ჯორჯლის ქვემო არტერიის ტოტებს. იგი იწყება მცირე მენჯის ღრუში, სწორი ნაწლავის ზემო ვენის – v. rectalis superior, სახელწოდებით, რომელიც სწორი ნაწლავის კედელში თავისი ტოტებით უკავშირდება სწორი ნაწლავის ვენურ წნულს – plexus venosus rectalis. სწორი ნაწლავის ზემო ვენა მიემართება ზემოთ, მარცხენა გავა – თეძოს სახსრის დონეზე წინიდან გადაუვლის თეძოს სისხლძარღვებს – vasa iliaca და ღებულობს სიგმოიდურის კოლინჯის კედლიდან გამომავალ .სიგმოიდურ ვენებს – vv. sigmoideae. ჯორჯლის ქვემო ვენა მდებარეობს რეტროპერიტონეულად, მიემართება ზემოთ, წარმოქმნის მცირე რკალს, რომელიც გამოდრეკილობით მარცხნივაა მიმართული. ჯორჯლის ქვემო ვენა ღებულობს კოლინჯის მარცხენა ვენას – v. colica smistra, გადაიხრება მარჯვნივ, გაივლის პანკრეასის ქვეშ და უერთდება ელენთის ვენას. ზოგჯერ ჯორჯლის ქვემო ვენა უშუალოდ ერთვის კარის ვენას.

2. ჯორჯლის ზემო ვენა – v. mesenterica superior სისხლს კრებს წვრილი ნაწლავიდან და მისი ჯორჯლიდან, ბრმა ნაწლავიდან და ჭიანაწლავიდან, ასწვრივი და განივი კოლინჯიდან და ჯორჯლის ლიმფური კვანძებიდან. ჯორჯლის ზემო ვენის ღერო მდებარეობს თანამოსახელე არტერიის მარჯვნივ და თავისი ტოტებით მიყვება არტერიის მთელ დატოტიანებას. ჯორჯლის ზემო ვენა იწყება თეძო – ბრმა ნაწლავის კუთხის მიდამოში, სადაც მას თეძო – კოლინჯის ვენა – V. ileocolica ეწოდება. თეძო – კოლინჯის ვენა – v. ileocolica, სისხლს კრებს თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილიდან, ჭიანაწლავიდან და ბრმა ნაწლავიდან. თეძოს – კოლინჯის ვენა მიემართება ზემოთ და მარცხნივ და უშუალოდ გრძელდება ჯორჯლის ზემო ვენაში. ჯორჯლის ზემო ვენა მდებარეობს წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ფესვში; იგი წარმოქმნის რკალს და ღებულობს ვენებს. ესენია: ა) მლივი და თეძოს ნაწლავის ვენები – vv. jejunales et ilei, რომელთა რაოდენობა 16 – 20-მდეა, მიემართებიან წვრილი ნაწლავის ჯორჯლიდან, თავიანთი ტოტებით მიყვებიან წვრილი ნაწლავის არტერიის ტოტებს; ნაწლავის ვენები ერთვიან ჯორჯლის ზემო ვენას;  ბ) კოლინჯის მარჯვენა ვენები – vs. colicae dextrae, მიემართებიან რეტროპერიტონეულად, ასწვრივი კოლინჯიდან და ქმნიან ანასტომოზს თეძო – კოლინჯისა და კოლინჯის შუა ვენებთან; გ) კოლინჯის შუა ვენა – v. colica media, მდებარეობს განივი კოლინჯის ჯორჯლის ფურცლებს შორის; იგი კრებს სისხლს ღვიძლის ნაკეციდან და განივი კოლინჯიდან – colon transversum. კოლინჯის შუა ვენა კოლინჯის მარცხენა ნაკეცის – flexura coli sinistra მიდამოში  ქმნის ანასტომოზს კოლინჯის მარცხენა ვენასთან – v. colica sinistra; დ) კუჭ – ბადექონის მარჯვენა ვენა – v. gastroepiploica dextra, მიყვება თანამოსახელე არტერიას კუჭის დიდი სიმრუდის – Curvatura ventriculi major გასწვრივ; მასში ჩაედინებს სისხლი კუჭიდან კუჭის ვენებით – vv. gastricae, და დიდი ბადექონიდან – ბადექონის ვენებით – vv. epiploicae; პილორუსის დონეზე იგი ერთვის ჯორჯლის ზემო ვენას. ჩართვამდე კი ღებულობს პანკრეასისა და პანკრეას – თორმეტგოჯას ვენებს – vv. pancreaticoduodenales, რომლებსაც სისხლის მოაქვთ თორმეტოგოჯა ნაწლავიდან და პანკრეასიდან.

3. ელენთის ვენას – v. Uenalis, სისხლი მოაქვს ელენთიდან, კუჭიდან, პანკრეასიდან და დიდი ბადექონიდან. იგი წარმოიქმნება ელენთის კარის მიდამოში, მრავალრიცხოვანი ელენთის ვენებით – vv. lienales. აქ ელენთის ვენა ღებულობს: კუჭ – ბადექონის მარცხენა ვენას – v. gastroepiploica sinistra, რომელიც მიყვება თანამოსახელე არტერიას და კრებს სისხლს კუჭიდან, დიდი ბადექონიდან, და კუჭის მოკლე ვენებს – vv. gastricae breves, – კუჭის ძირის – Fundus ventriculi მიდამოდან. ელენთის კარიდან ელენთის ვენა მიემართება მარჯვნივ, პანკრეასის ზემო კიდის გასწვრივ, თავსდება თანამოსახელე არტერიის ქვემოთ. იგი გადაკვეთს აორტის წინა ზედაპირს, ერთვის ჯორჯლის ზემო ვენას და  წარმოქმნის კარის ვენას. ელენთის ვენა ღებულობს: პანკრეასის ვენებს – vv. pancreaticae, და პანკრეასის თავის მიდამოში – თორმეტგოჯა ნაწლავის ვენებს. გარდა აღნიშნული ვენებისა, რომლებიც წარმოქმნიან კარის ვენას, უშუალოდ მის ღეროს უერთდებიან შემდეგი ვენები: ა) პანკრეას – თორმეტგოჯას ვენები – Vv. pancreaticoduodenales; ბ) პანკრეასის ვენები – Vv. pancreaticae; გ) პილორუსისწინა ვენა – v. prepylorica, რომელიც იწყება პილორუსის ნაწილის მიდამოში და ახლავს კუჭის მარჯვენა არტერიას; დ) კუჭის ვენები – v. gastrica sinistra et v. gastrica dextra, რომლებიც მიემართებიან კუჭის მცირე სიმრუდის გასწვრივ, თანამოსახელე არტერიებთან ერთად. პილორუსის მიდამოში მათ უერთდება პილორუსის ვენები, ხოლო კუჭის კარდიის ნაწილში – საყლაპავი მილის ვენები.

უშუალოდ ღვიძლის ნივთიერებაში კარის ვენა ღებულობს ერთ მსხვილ და მრავალ წვრილ ვენას: ნაღვლის ბუშტის ვენას – v. cystica, კარის ვენის კედლებიდან გამომავალ ვენებს, ღვიძლის არტერიებსა და სადინრებს, ასევე შუასაძგიდიდან გამომავალ ვენებს. კარის ვენა უერთდება მუცლის წინა კედლის ვენებს პარაუმბილიკალური [ჭიპისახლო] ვენებით – Vv. paraumbilicales. ჭიპისახლო ვენები დასაბამს ღებულობენ მუცლის წინა კედელში, ჭიპის ირგვლივ, სადაც ქმნიან ანასტომოზს ზედაპირულ და ღრმა ზემო და ქვემო ეპიგასტრული ვენების ტოტებთან. ჭიპისახლო ვენები მიყვებიან ღვიძლის მრგვალ იოგს ღვიძლისაკენ, უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ერთ ღეროს, ან რამოდენიმე ტოტით ერთვიან კარის ვენას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.