კანჭის ძვლები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კანჭის ძვლები Ossa cruris Bones of (lower) leg

კანჭის ძვლების – ossa cruris, შემადგენლობაში შედის ორი ძვალი: დიდი წვივი – tibia და მცირე წვივი – fibula. პირველი მდებარეობს მედიალურად, ტერფის ცერის მხარეზე, მეორე – ლატერალურად, ნეკის მხარეზე.

კანჭის ძვლები

დიდი  წვივი – tibia წარმოადგენს გრძელ ლულისებრ ძვალს. მასში არჩევენ სხეულსა და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. დიდი წვივის სხეული – corpus tibiae სამწახნაგა ფორმისაა და აქვს სამი კიდე: წინა, გარეთა (ძვალთაშუა) და მედიალური, და სამი ზედაპირი: მედიალური, ლატერალური და უკანა. ძვლის წინა კიდე – margo anterior, მახვილია და აქვს ქედის ფორმა. ძვლის ზედა ნაწილში იგი გადადის დიდი წვივის ხორკლში – tuberositas tibiae. ძვალთაშუა კიდე – margo interosseus მახვილია და ქედის სახით მიმართულია მცირე წვივის შესაბამისი კიდის მხარეზე. მედიალური კიდე – margo medialis მომრგვალებულია. ძვლის მედიალური ზედაპირი – facies medialis მცირედ გამოდრეკილია. ძვლის ლატერალური ზედაპირი – facies lateralis ჩაზნექილია. ძვლის უკანა ზედაპირი – facies posterior ბრტყელია. მასზე განარჩევენ ქუსლის კუნთის ხაზს – Linea m. solei, რომელიც მიემართება გარეთა როკიდან ქვევით და მედიალურად. მის ქვევით მდებარეობს მასაზრდოებელი ხვრელი – foramen nutridum, რომელიც გრძელდება მედიალურად მიმართულ მასაზრდოებელ არხში – canalis nutricius.

კანჭის ძვლები

დიდი წვივის ზემო, პროქსიმალური ბოლო –  extremitas superior s. epiphysis proximalis  tibiae, ფართოა. მის გვერდით ნაწილებს  ეწოდება მედიალური როკი – condylus  medialis, და ლატერალური როკი –  condylus lateralis. ლატერალური როკის  გარეთა ზედაპირზე მდებარეობს ბრტყელი, მცირე წვივის სასახსრე ზედაპირი –  facies articularis fibularis. ძვლის ზემო  ბოლოს პროქსიმალურ ზედაპირზე, შუა  ნაწილში მდებარეობს როკთაშუა  შემაღლება – eminentia  intercondylaris. მასში განარჩევენ ორ  ბორცვს: შიგნითა, როკთაშუა მედიალური  ბორცვი – tuberculum intercondylare  mediale, მის უკან მდებარეობს როკთაშუა  უკანა არე – area intercondylaris  posterior, და გარეთა, როკთაშუა  ლატერალური ბორცვი – tuberculum  intercondylare laterale. მის წინ  მდებარეობს როკთაშუა წინა არე – area  intercondylaris anterior; ორივე არე  წარმოადგენს მუხლის ჯვარედინა  იოგების – Ligg. cruciata genus მიმაგრების ადგილს. როკთაშუა შემაღლების  გვერდებზე ძვლის ზემო სასახსრე  ზედაპირს – facies articularis superior აქვს ჩაზნექილი ზედაპირები – მედიალური და ლატერალური. დიდი წვივის ქვემო, დისტალური ბოლოს – ехtremitas inferior s. epiphysis distalis tibiae ლატერალურ ზედაპირზე მდებარეობს მცირე წვივის ნაჭდევი – ihcisura fibularis, რომელსაც უკავშირდება მცირე წვივის ქვემო ბოლო. ძვლის ქვემო ბოლოს უკანა ზედაპირზე მდებარეობს გოჯის ღარი – sulcus malleolaris. ამ ღარის წინ, დიდი წვივის ქვემო ბოლოს მედიალური კიდე გადადის ქვევით მიმართულ მორჩში – მედიალურ გოჯში – malleoius medialis, რომელიც კარგად ისინჯება კანიდან. გოჯის ლატერალურ ზედაპირს აქვს სასახსრე ზედაპირი – facies articularis malleoli, რომელიც გადადის ძვლის ქვედა ზედაპირზე, სადაც გრძელდება დიდი წვივის ქვემო სასახსრე ზედაპირში.

კანჭის ძვლები

მცირე წვივი – fibula, მიეკუთვნება გრძელ  ლულისებრ ძვლებს და მდებარეობს დიდი  წვივის გარეთა მხარეზე. ძვალს აქვს სხეული  და ორი ბოლო: ზემო და ქვემო  ბოლოები (ეპიფიზები). მცირე წვივის  სხეულს – corpus fibulae აქვს სამწახნაგა  პრიზმის ფორმა და შესაბამისად სამი  ზედაპირი: ლატერალური ზედაპირი –  facies lateralis, მედიალური ზედაპირი –  facies medialis, და უკანა ზედაპირი – facies posterior,  რომლებიც  ერთმანეთისაგან გამიჯნულნი არიან სამი  წვეტიანი კიდით (ქედით). წინა კიდე –  margo anterior განაცალკევებს  მედიალურ ზედაპირს ლატერალურისაგან;  მედიალური ქედი – crista medialis,  მდებარეობს ძვლის უკანა და მედიალურ  ზედაპირებს შორის; სხეულის უკანა  ზედაპირზე არის მასაზრდოებელი  ხვრელი – foramen nutricium, რომელიც  გადის დისტალურად მიმართულ მასაზრდოებელ არხში – canalis  nutricius. ძვლის მედიალურ ზედპირზე  მდებარეობს ძვალთაშუა კიდე – margo  interosseus. მცირე წვივის ზედა, ანუ  პროქსიმალური ბოლო – extremitas superior,  s. epiphysis proximalis fibulae წარმოქმნის მცირე წვივის თავს – caput fibulae თავის ზედა ნაწილი წაწვეტებულია და ეწოდება თავის მწვერვალი – apex capitis fibulae. მცირე წვივის ქვედა, ანუ დისტალური ბოლო –  წარმოქმნის ლატერალურ გოჯს – malleoius lateralis; გოჯის გარეთა ზედაპირი კარგად ისინჯება კანიდან. გოჯის მედიალური ზედაპირს აქვს სასახსრე ზედაპირი – facies articularis malleoli, რომლითაც მცირე წვივი უკავშირდება კოჭის გარეთა ზედაპირს, ხოლო ზემოთ მდებარე ხორკლიანი ხაზით – (დიდი წვივის) მცირე წვივის ნაჭდევს – incisura fibularis tibiae.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.