ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. კანჭის ძვლების ურთიერთდაკავშირება Joints of legკანჭის ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან შემდეგი შეერთებებით:
1. წვივთა სახსარი – Articulatio tibiofibularis Tibiofibular articulation
2. კანჭის ძვალთაშუა აპკი – Membrana interossea cruris Interosseous membrane of leg
3. წვივთაშორისი სინდესმოზი – Syndesmosis tibiofibularis Tibiofibular syndesmosis
1. კანჭის ძვლების პროქსიმალური ბოლოები ერთმანეთს ენაწევრებიან წვივთა სახსრით – articulatio tibiofibularis; ამ სახსრის სასახსრე ზედაპირები წარმოდგენილია მცირე წვივის თავის სასახსრე ზედაპირით – facies articularis capitis fibulae და დიდი წვივის ლატერალური როკის – Condylus lateralis სასახსრე ზედაპირით. სასახსრე ჩანთა – capsula articularis ფიქსირებულია სასახსრე ზედაპირების კიდეებზე, გაჭიმულია და გამაგრებულია მცირე წვივის თავების წინა და უკანა იოგებით – ligg. capitis fibulae anterius et posterius. იოგები განლაგებულნი არიან სახსრის წინა და უკანა ზედაპირებზე და მიემართებიან დიდი წვივის ძვლიდან მცირე წვივის თავისაკენ. კანჭის ძვლების პროქსიმალური შენაწევრება მიეკუთვნება ნაკლებად მოძრავ სახსართა ჯგუფს.
2. კანჭის ძვლებს შორის შუალედი შევსებულია კანჭის ძვალთაშუა აპკით – membrana interossea cruris. აპკის ბოჭკოები მიემართებიან ზემოდან ქვემოთ და ლატერალურად დიდი წვივის ძვლის ძვალთაშუა კიდიდან – Margo interosseus მცირე წვივის ძვლის თანამოსახელე კიდისაკენ. აპკის ზემო ნაწილში მდებარეობს დიდი ზომის ხვრელი, რომელშიც გადიან სისხლძარღვები და ნერვები, ქვემო ნაწილში მცირე ზომის ხვრელია, რომელშიც გადიან სისხლძარღვები; აპკი ქვემო ნაწილში უფრო მტკიცეა.
3. კანჭის ძვლების დისტალური ბოლოები ქმნიან წვივთაშორის სინდესმოზს (სახსარს) – syndesmosis (articulatio) tibiofibularis. ამ შეერთების წინა და უკანა ზედაპირებზე მდებარეობენ მოკლე, მაგრამ მყარი იოგები, რომლებიც გაჭიმულნი არიან მცირე წვივის ნაჭდევის – incisura fibularis tibiae წინა და უკანა კიდეებიდან ლატერალური გოჯისაკენ – Malleolus lateralis; ესენია წვივთა წინა და უკანა იოგები – ligg. tibiofibularia anterius et posterius. გარდა ამისა, მცირე წვივის ნაჭდევსა – incisura fibularis tibiae და ლატერალურ გოჯს შორის, მთელს გაყოლებაზე გაჭიმულია შემაერთებელქსოვილოვან ბოჭკოთა კონები.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.