კანჭის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კანჭის კუნთები Mm. cruris;  Muscles of leg

კანჭის კუნთები – m. cruris შედგება სამი  ჯგუფისაგან: ლატერალური, წინა და უკანა; უკანა ჯგუფის კუნთები ორ შრედაა განლაგებული: ზედაპირულ და ღრმა შრეებად. ლატერალურ ჯგუფს შეადგენენ უპირატესად მომხრელი კუნთები და ტერფის პრონატორები, წინა ჯგუფს – ტერფის გამშლელები, უკანა ჯგუფს – ტერფის სუპინატორები და მომხრელები.

ლატერალური ჯგუფის კუნთები:

1. მცირე წვივის გრძელი კუნთი – m.peroneus longus (m.fibularis longus)
2. მცირე წვივის მოკლე კუნთი – m. peroneus brevis (m. fibularis brevis)

წინა ჯგუფის კუნთები:

1. დიდი წვივის წინა კუნთი – m. tibialis anterior
2. თითების გრძელი გამშლელი კუნთი – m. extensor digitorum longus
3. ცერის გრძელი გამშლელი კუნთი – m. extensor hallucis longus

უკანა ჯგუფი, ზედაპირული შრე

1. კანჭის სამთავა კუნთი – m. triceps surae
2. ტერფძირის კუნთი – m. plantaris

უკანა ჯგუფი, ღრმა შრე

1. მუხლქვეშა კუნთი – m. popliteus
2. თითების გრძელი მომხრელი კუნთი – m. flexor digitorum longus
3. ცერის გრძელი მომხრელი კუნთი – m. flexor hallucis longus
4. დიდი წვივის უკანა კუნთი – m. tibialis posterior

კანჭის ლატერალური ჯგუფის კუნთები
1. მცირე წვივის გრძელი კუნთი – m.peroneus longus – მოთავსებულია კანჭის ლატერალურ ზედაპირზე. ზემო ნახევარში იგი მდებარეობს უშუალოდკანჭის კუნთები მცირე წვივზე, ქვემოთ მას ფარავს მცირე  წვივის მოკლე კუნთი – m. peroneus  brevis. კუნთი იწყება ორი თავით – გრძელი  თავი იწყება მცირე წვივის თავიდან – capitulum fibulae, დიდი წვივის  ლატერალური როკიდან – condylus  lateralis tibiae და კანჭის ფასციიდან –  fascia cruris, უკანა თავი – იწყება მცირე  წვივის ლატერალური ფასციის ზემო  ნაწილიდან. თავსებს შორის მდებარეობს  ზემო კუნთ – მცირე წვივის არხი. კუნთი  მიემართება ქვემოთ, გადადის მყესში,  რომელიც შემოუვლის უკანა მხრიდან  ლატერალურ გოჯს – malleolus  lateralis, გადადის ტერფძირზე, წვება  მცირე წვივის კუნთის მყესოვან ღარში –  sulcus tendinum mm. fibularium და  უმაგრდება წინა ტერფის I ძვლის ხორკლს –  Tuberositas oss. metatarsalis I, წინა ტერფის  მეორე ძვლის – os metatarsale II ფუძესა და მედიალურ სოლისებრ ძვალს – os cuneiforme mediale.
ფუნქცია: ხრის ტერფს, სწევს მის მედიალურ კიდეს
ინერვაცია: n. peroneus superficialis [(L4) L5; S1].
სისხლმომარაგება: aa. genus inferior lateralis, peronea, tibialis anterior.

2. მცირე წვივის მოკლე კუნთი – m.peroneus brevis – მდებარეობს მცირე წვივის გარეთა ზედაპირზე, მცირე წვივის გრძელი კუნთის – m. peroneus longus.  ქვეშ; კუნთი იწყება მცირე წვივის ლატერალური ზედაპირის ქვემო ნახევრიდან და კანჭის კუნთთაშუა ძგიდედან – septa intermuscularia cruris, მიემართება ქვემოთ, წვება მცირე წვივის გრძელი კუნთის მყესის გვერდზე, შემოუვლის უკანა მხრიდან ლატერალურ გოჯს – malleolus lateralis, მიემართება წინ და უმაგრდება წინა ტერფის V ძვლის ხორკლს – tuberositas ossis metatarsalis V.
ფუნქცია: ხრის ტერფს, განზიდავს და ზემოთ სწევს მის ლატერალურ კიდეს.
ინერვაცია: n. peroneus superficialis [(L4) L5; S1].
სისხლმომარაგება: aa. peronea, tibialis anterior.

მცირე წვივის ორივე კუნთის მყესები მოთავსებულია მცირე წვივის კუნთების საერთო სინოვიურ ბუდეში – vagina synovialis mm. peroneorum (fibularium) communis. ქვემო დისტალურ ნაწილში ეს ბუდე გაყოფილია ორად და თითოეული მყესი მოთავსებულია საკუთარ ბუდეში.

კანჭის კუნთებიკანჭის წინა ჯგუფის კუნთები
1. დიდი წვივის წინა კუნთი – m. tibialis anterior – გრძელი ვიწრო კუნთია; მდებარეობს ყველაზე ზედაპირულად და მედიალურად ამ ჯგუფის კუნთებს შორის. კუნთი იწყება თავისი შედარებით განიერი ნაწილით დიდი წვივის ლატერალური ფასციიდან (ლატერალური ზედაროკიდან – condylus lateralis) და ძვალთაშუა მემბრანიდან – membrana interossea. კანჭის ქვემო მესამედში იგი გადადის გრძელ, ბრტყელ მყესში, რომელიც მოთავსებულია მყესოვან არხში გამშლელი კუნთების [მყესების] ქვემო საბმელის – retinaculum mm. extensorum inferius ქვეშ და თავდაპირველად მიყვება ტერფის მედიალურ კიდეს, შემდეგ გადადის ტერფძირის ზედაპირზე და მაგრდება მედიალურ სოლისებრ ძვალზე – os cuneiforme mediale და წინა ტერფის I ძვლის ფუძეზე – basis ossis metatarsalis I. აქვე მდებარეობს დიდი წვივის წინა კუნთის მყესქვეშა აბგა – bursa subtendinea m. tibialis anterioris.
ფუნქცია: შლის ტერფს, სწევს მის მედიალურ კიდეს.
ინერვაცია: n. peroneus profundus (L4-L5; S1).
სისხლმომარაგება: a. tibialis anterior.

2. თითების გრძელი გამშლელი კუნთი – m. extensor digitorum longus –  მოთავებულია ზემოთ აღწერილი კუნთის გარეთ. კანჭის ქვემო მესამედში ამ კუნთებს შორის მდებარეობს ცერის გრძელი გამშლელი უნთის – m. extensor hallucis longus მყესი. კუნთი იწყება დიდი წვივის ზემო მესამედიდან, მცირე წვივის თავიდან და წინა ქედიდან – crista anterior fibulae, ძვალთაშუა აპკიდან – membrana interossea, კანჭის კუნთთაშუა წინა ძგიდედან – septum intermusculare anterius cruris და კანჭის ფასციიდან – fascia cruris. შემდეგ კუნთი მიემართება ქვემოთ, ვიწროვდება და გადადის გრძელ, ვიწრო მყესში, რომელიც გაივლის გამშლელი კუნთების [მყესების] ქვემო საბმელის – retinaculum mm. extensorum inferius ქვეშ ლატერალურ არხში. არხში შესვლამდე მყესი იყოფა ხუთ თხელ მყესად, რომლებიც გადადიან ტერფის დორსალურ ზედაპირზე და უმაგრდებიან: ოთხი მყესი – ტერფის ოთხი თითის (II -დან V-მდე) ფალანგებს; მიმაგრების ადგილზე თითოეული მყესი იყოფა სამ კონად; შუა კონა მთავრდება შუა ფალანგის ფუძეზე, გვერდითები კი – დისტალური ფალანგის ფუძეზე; მეხუთე მყესი უმაგრდება წინა ტერფის V ძვლის – os metatarsale V ფუძეს. ამ მყესების ერთი ნაწილი შეზრდილია მცირე წვივის მესამე კუნთთან – m. peroneus tertius (m.fibularis tertius), რომელიც იწყება მცირე წვივის ქვემო მესამედიდან და ძვალთაშუა აპკიდან – membrana interossea და უმაგრდება ასევე წინა ტერფის მეხუთე ძვლის – os metatarsale V ფუძეს.

ფუნქცია: შლის ტერფის ოთხ თითს (II-V), შლის ტერფს და მცირე წვივის მესამე კუნთთან ერთად სწევს (პრონაცია) ტერფის გარეთა კიდეს.
ინერვაცია: n. peroneus profundus (L4-L5; S1).
სისხლმომარაგება: a. tibialis anterior.

3. ფეხის ცერის გრძელი გამშლელი კუნთი – m. extensor hallucis longus –  მოთავსეულია წინა ორ კუნთს შორის, ამასთან კუნთის ზემო 2/3 დაფარულია ამავე კუნთებით. ცერის გრძელი გამშლელი კუნთი იწყება მცირე წვივის შუა და ქვემო მესამედის მედიალური ზედაპირიდან და ძვალთაშუა აპკიდან, მიემართება ქვემოთ, გადადის ვიწრო და გრძელ მყესში, რომელიც წვება შუა არხში, გაივლის გამშლელი კუნთების [მყესების] ქვემო საბმელის – retinaculum mm. extensorum inferius ქვეშ და  მიემართება ფეხის ცერისაკენ. აქ მყესი უმაგრდება დისტალურ ფალანგს. კონების ერთი ნაწილი შეზრდილია პროქსიმალური ფალანგის ფუძესთან.

ფუნქცია: შლის ფეხის ცერს; მონაწილეობს ტერფის გაშლაში, სწევს (სუპინაცია) მის მედიალურ კიდეს.
ინერვაცია: n. peroneus profundus (L4-L5; S1).
სისხლმომარაგება: a. tibialis anterior.

კანჭის უკანა ჯგუფის კუნთები
ზედაპირული შრე

1. კანჭის სამთავა კუნთი – m.triceps surae – შედგება კანჭის ტყუპი კუნთისაგან – m. gastrocnemius, რომელიც ზედაპირულადაა და ქუსლის კუნთისაგან – m. soleus, რომელიც მის წინაა მოთავსებული.

კანჭის კუნთებია) კანჭის ტყუპი კუნთი – m. gastrocnemius – იქმნება ორი თავით: მედიალური თავითა – caput mediale და ლატერალური თავით – caput laterale. მედიალური თავი იწყება მუხლქვეშა ფასციიდან ბარძაყის მედიალური როკის ზემოთ, ლატერალური თავი კი – მის სიმეტრიულადაა. თავები თავიანთი დასაწყის ნაწილებით მოსაზღვრავენ ქვემოდან მუხლქვეშა ფოსოს. ორივე თავი ეშვება ქვემოთ, კანჭის შუა ნაწილში თავები უერთდებიან ერთმანეთს და გადადიან საერთო მყესში;
ბ) ქუსლის კუნთი – m.soleus – ბრტყელი კუნთია, მდებარეობს ტყუპი კუნთის ქვეშ. კუნთი იწყება მცირე წვივის თავისა და სხეულის ზემო მესამედიდან, ასევე დიდი წვივის ქუსლის კუნთის ხაზიდან – linea m. solei tibiae და მისი სხეულის შუა მესამედიდან. კონების ერთი ნაწილით კუნთი იწყება ქუსლის კუნთის მყესოვანი რკალიდან – Arcus tendineus m. solei (გაჭიმულია წვივის ძვლებს შორის). კუნთი მიემართება ქვემოთ, გადადის მყესში და უერთდება ტყუპი კუნთის მყესს, კანჭის ქვემო მესამედში ქმნის ქუსლის (აქილევსის) მყესს – tendo calcaneus (Achillis) და უმაგრდება ქუსლის ბორცვს – tuber calcanei; აქვე მდებარეობს ქუსლის მყესის აბგა – bursa tendinis calcanei (Achillis).
ფუნქცია: კანჭის სამთავა კუნთი ხრის კანჭს მუხლის სახსარში, ხრის ტერფს; ტერფის გამაგრებისას სწევს კანჭს და ბარძაყს უკან.
ინერვაცია: n. tibialis (L4-L5; S1-S2).
სისხლმომარაგება: aa. tibialis posterior, peronea.

2. ტერფძირის კუნთი – m.plantaris – რუდიმენტული კუნთია; აქვს თითისტარისებრი ფორმის მუცელი; იწყება ბარძაყის ლატერალური როკიდან – condylus lateralis და მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთის უკანა კედლიდან. კუნთი მიემართება ქვემოთ და მედიალურად, გადადის გრძელ, ვიწრო მყესში, რომელიც მოთავსებულია კანჭის ტყუპ კუნთსა – m. gastrocnemius და ქუსლის კუნთს – m. soleus შორის. კანჭის ქვემო მესამედში მყესი ხშირად შეზრდილია აქილევსის მყესთან, ზოგჯერ კი დამოუკიდებლად უმაგრდება ქუსლს – calcaneus.
ფუნქცია: ჭიმავს მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთას.
ინერვაცია: n. tibialis (L4-L5; S1)
სისხლმომარაგება: a. poplitea.

კანჭის კუნთები
ღრმა შრე
1. მუხლქვეშა კუნთი – m. popliteus – ბრტყელი, მოკლე კუნთია; მდებარეობს უშუალოდ მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთის უკანა ზედაპირზე. კუნთი იწყება ბარძაყის ლატერალური როკიდან – condylus lateralis femoris და მუხლქვეშა რკალოვანი იოგიდან – lig. popliteum arcuatum; კუნთი მიემართება ქვემოთ და უმაგრდება დიდი წვივის ძვლის უკანა ზედაპირს, ქუსლის კუნთის ხაზს – linea m. solei ზემოთ.
ფუნქცია: ხრის კანჭს, აბრუნებს მას შიგნით; ჭიმავს მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთას.
ინერვაცია: n. tibialis (L5; S1-S2).
სისხლმომარაგება: a. poplitea.

2. თითების გრძელი მომხრელი კუნთი – m.flexor digitorum longus – მოთავსებულია დიდი წვივის უკანა ზედაპირზე, ყველაზე უფრო მედიალურად ამ ჯგფის კუნთებს შორის. კუნთი იწყება დიდი წვივის უკანა ზედაპირის შუა მესამედიდან და კანჭის ფასციის ღრმა ფურცლიდან, მიემართება ქვემოთ, გადადის გრძელ მყესში, რომელიც შემოუვლის მედიალურ გოჯს – malleolus medialis, თავსდება მომხრელი კუნთების [მყესების] საბმელის – retinaculum mm. flexorum ქვეშ. შემდეგ მყესი გადადის ტერფის ძირზე, მიემართება ირიბად გარეთა მხარეზე და იყოფა ოთხ, დამოუკიდებელ მყესად, რომლებიც მიემართებიან ტერფის II-V თითებისაკენ და უმაგრდებიან დისტალური ფალანგების ფუძეებს. დამაგრებამდე თითოეული მყესი ხვრეტს თითების მოკლე მომხრელის – m. flexor digitorum brevis მყესს.

ფუნქცია: ხრის ტერფის II-V თითების დისტალურ ფალანგებს, მონაწილეობს ტერფის მოხრაში, სწევს მის მედიალურ კიდეს (სუპინაცია).
ინერვაცია: n. tibialis (L5; S1-S2).
სისხლმომარაგება: a. tibialis posterior.

კანჭის კუნთები3. ფეხის ცერის გრძელი მომხრელი კუნთი – m.flexor hallucis longus – იწყება მცირე წვივის ქვემო ორი მესამედიდან, ძვალთაშუა აპკიდან – membrana interossea და კანჭის კუნთთაშუა უკანა ძგიდედან – septum intermusculare posterius cruris; მიემართება ქვემოთ, გადადის გრძელ მყესში, რომელიც წვება მომხრელი კუნთების [მყესების] საბმელის – retinaculum mm. flexorum ქვეშ, შემდეგ გადადის ტერფის ძირზე და თავსდება კოჭსა – talus და ქუსლს – calcaneus შორის ღარში. ამ ადგილზე მყესი გაივლის თითების გრძელი მომხრელი კუნთის მყესის ქვეშ და აძლევს მას კონების ნაწილს. შემდეგ მიემართება წინ და უმაგრდება დისტალური ფალანგის ფუძეს.
ფუნქცია: ხრის ფეხის ცერს, ასევე მონაწილეობს ფეხის II-V თითების მოხრაში; ხრის და აბრუნებს ტერფს გარეთ.
ინერვაცია: n. tibialis (L5; S1-S2).
სისხლმომარაგება: a. peronea.

4. დიდი წვივის უკანა კუნთი – m. tibialis posterior – მოთავსებულია ზემოთ აღწერილ ორ კუნთს შორის, ძევს უშუალოდ ძვალთაშუა აპკზე – membrana interossea. კუნთი მიემართება ქვემოთ, გადადის გრძელ მყესში, რომელიც გაივლის მომხრელი კუნთების [მყესების] საბმელის – retinaculum mm. flexorum ქვეშ, შემოუვლის მედიალურ გოჯს და გადადის ტერფის ძირზე; უმაგრდება ნავისებრი ძვლის ხორკლს – tuberositas ossis navicularis და მედიალურ, შუამდებარე და ლატერალურ სოლისებრ ძვალს – Os cuneiforme mediale, intermedium et laterale.
ფუნქცია: ხრის ტერფს, აბრუნებს მას გარეთ (სუპინაცია).
ინერვაცია: n. tibialis (L5; S1-S2).
სისხლმომარაგება: aa. tibialis posterior,  peronea.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.