ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. იღლიის ფოსო Fossa axillaris Axillary cavity
იღლიის ფოსო – fossa axillaris წარმოადგენს ჩაღრმავებას გულმკერდის კედლის ლატერალურ ზედაპირსა და მხრის მედიალურ ზედაპირს შორის. ფოსო კარგად ჩანს მხრის მაქსიმალური განზიდვის დროს. თუკი ფოსოს მოვაცილებთ მფარავ კანს, მის ქვეშ მდებარე ფასციასა და ფაშარ შემაერთებელ ქსოვილს, გამოჩნდება იღლიის ღრუ – cavum axillare, რომელიც ფორმით ჰგავს ოთხგვერდა პირამიდას, რომლის მწვერვალი ზემოთაა მიმართული, ფუძე – ქვემოთ. პირამიდის ფუძე წარმოადგენს იღლიის ფოსოს ქვემო აპერტურას, მწვერვალის მიდამოში კი იქმნება იღლიის ფოსოს ზემო აპერტურა.
არჩევენ იღლიის ფოსოს შემომსაზღვრელ ოთხ კედელს: მედიალურს, ლატერალურს, წინასა და უკანას. მედიალური კედელი წარმოქმნილია წინა დაკბილული კუნთით – m. serratus anterior, ლატერალური – ნისკარტ – მხრის კუნთით – m. coracobrachialis და მხრის ორთავა კუნთის მოკლე თავით – caput breve m. bicipitis brachii, წინა – მკერდის დიდი და მცირე კუნთებით – mm. pectorales, major et minor, უკანა კედელი – ბეჭქვეშა კუნთით – m. subscapularis, დიდი მრგვალი კუნთით – m. teres major და ზურგის უგანიერესი კუნთით – latissimus dorsi. ხელის განზიდვისას კარგად სჩანს იღლიის ფოსოს კიდევ ორი ხვრელი, რომლებიც იქმნება სამთავა კუნთის გრძელი თავის გავლისას დიდ და მცირე მრგვალ კუნთებს შორის. გრძელი თავის შიგნითა კიდე, მცირე მრგვალი კუნთი ზემოდან და დიდი მრგვალი კუნთი ქვემოდან მოსაზღვრავენ სამგვერდა ხვრელს – (foramen trilaterum). სამთავა კუნთის გრძელი თავის ლატერალურად მდებარეობს ოთხგვერდა ხვრელი (foramen quadrilaterum), სადაც შიგნითა მხარეს ქმნის სამთავა კუნთის გრძელი თავის გარეთა ზედაპირი, ზემოს – მცირე მრგვალი კუნთი – m. teres minor, (უკანა მხრიდან დათვალიერებისას) ან ბეჭქვეშა კუნთი – m. subscapularis, (წინა მხრიდან დათვალიერებისას), ქვემოს – დიდი მრგვალი კუნთი – m. teres major და გარეთა მხარეს – მხრის ძვალი. იღლიის ფოსო ამოვსებულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით, შეიცავს მრავალ სისხლძარღვს, ლიმფურ კვანძებსა და ნერვებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.