ადამიანის ნორმალური ანატომია. იღლიის არტერია Arteria axillaris Axillary artery
ლალი დათეშიძე
იღლიის არტერია – a. axillaris, წარმოადგენს ლავიწქვეშა არტერიის გაგრძელებას; მდებარეობს ლავიწის ქვემო ნაპირიდან მკერდის დიდი კუნთის ქვემო ნაპირამდე, სადაც იგი გრძელდება მხრის არტერიაში – a. brachialis.
იღლიის არტერიას პირობითად ყოფენ სამ ნაწილად, რომლებიც შეესაბამებიან: პირველი – მკერდ – ლავიწის სამკუთხედის დონეს (ლავიწიდან მკერდის მცირე კუნთის – m. pectoralis minor ზემო კიდემდე), მეორე – მკერდის მცირე კუნთის დონეს და მესამე – მკერდქვედა სამკუთხედის დონეს (მკერდის მცირე კუნთის ქვემო კიდიდან მკერდის დიდი კუნთის ქვემო კიდემდე).
იღლიის არტერიის პირველი ნაწილი მოთავსებულია წინა დაკბილული კუნთის – m. serratus anterior ზემო კბილებზე, წინიდან ფარავს მკერდ-დვრილის ფასცია – fascia clavipectoralis. არტერიის წინ და შიგნით მდებარეობს ლავიწქვეშა ვენა – v. subclavia, წინ და გარეთ – მხრის წნულის – plexus brachialis ღეროები.
იღლიის არტერიის ამ ნაწილიდან გამოდიან შემდეგი ტოტები:
1. გულმკერდის ზემდებარე არტერია – a. thoracica suprema, იწყება ლავიწის ქვემო კიდესთან, მიემართება ქვემოთ და მედიალურად, გზავნის ტოტებს ნეკნთაშუა ზემო კუნთებისა და წინა დაკბილული კუნთისაკენ, ასევე მკერდის მცირე და დიდი კუნთებისა და სარძევე ჯირკვლისაკენ.
2. გულმკერდ – აკრომიონის არტერია – a. thoracoacromialis, იწყება მკერდის მცირე კუნთის ზემო მედიალურ კიდესთან, მიემართება სიღრმიდან მკერდ-დვრილის ფასციის – fascia clavipectoralis ზედაპირისაკენ და მაშინვე იყოფა შემდეგ ტოტებად: ა) აკრომიონის ტოტი – r. acromialis, – მიიმართება ზემოთ და გარეთ, გაივლის მკერდის დიდი კუნთისა და დელტისებრი კუნთების ქვეშ და კვებავს ამ კუნთებს; მიაღწევს აკრომიონს და r. acromialis გზავნის ტოტებს მხრის სახსრისაკენ და ბეჭზედა არტერიისა – a. suprascapularis და სხვა არტერიების ტოტებთან ერთად მონაწიეობას ღებულობს აკრომიონის ბადის – rete acromiale წარმოქმნაში; ბ) ლავიწის ტოტი – r. clavicularis, მიემართება ლავიწისაკენ და სისხლით ამარაგებს ლავიწქვეშა კუნთს; გ) დელტისებრი ტოტი – r. deltoideus, მიემართება ქვემოთ და გარეთ, წვება დელტისებრ კუნთსა – m. deltoideus და მკერდის დიდ კუნთს – m. pectoralis major შორის ღარში, კვებავს მოსაზღვრე კუნთებს; გ) მკერდის ტოტები – r. pectorales, მიემართება მკერდის დიდი და მცირე კუნთებისაკენ, ნაწილობრივ წინ დაკბილული კუნთისაკენ.
იღლიის არტერიის მეორე ნაწილი მდებარეობს მკერდის მცირე კუნთის უკან და შემოფარგულია უკან, მედიალურად და ლატერალურად მხრის წნულის ტოტებით. იღლიის არტერიის ამ ნაწილიდან გამოდის მხოლოდ ერთი ტოტი – მკერდის ლატერალური არტერია.
მკერდის ლატერალური არტერია – a. thoracica lateralis, გამოდის იღლიის არტერიის ქვემო ნაწილიდან, მიემართება ქვემოთ, თავდაპირველად გაივლის მკერდის მცირე კუნთის უკან, შემდეგ მისი გარეთა კიდის გასწვრივ, წინა დაკბილული კუნთის გარეთა ზედაპირზე. არტერია კვებავს იღლიის ფოსოს ლიმფურ კვნძებსა და შემაერთებელ ქსოვილს, ასევე წინა დაკბილულ კუნთს, მკერდის მცირე კუნთს, სარძევე ჯირკვალს, ქმნის ანასტომოზს aa.. intercostales და rr. pectorales a. thoracoacromialis.
იღლიის არტერიის მესამე ნაწილი მდებარეობს მკერდის დიდი კუნთის უკან, ბეჭქვეშა კუნთზე, დიდი მრგვალი კუნთისა და ზურგის უგანიერესი კუნთის მყესზე; არტერიის გარეთ მდებარეობს ნისკარტ – მხრის კუნთი – m. coracobrachialis. მხრის წნულის ტოტების განლაგებულია იღლიის არტერიის ამ ნაწილის გვერდებზე და წინ.
იღლიის არტერიის მესამე ნაწილიდან გამოდის შემდეგი ტოტები:
1. ბეჭქვეშა არტერია – a. subscapularis, იწყება ბეჭქვეშა კუნთის ქვემო კიდის დონეზე, მიემართება ქვემოთ და იყოფა ორ ტოტად: ა) ბეჭის შემომხვევი არტერია – a. circumflexa scapulae, რომელიც მიემართება უკან, შემოეხვევა ბეჭის ლატერალურ კიდეს, ადის ზემოთ ქედქვედა ფოსოში. იგი კვებავს mm. subscapularis, teres major et minor, latissimus dorsi, deltoideus, infraspinatus და წარმოქმნის ანასტომოზებს კისრის განივი არტერიისა – a. transversa colli და ბეჭზედა არტერიის – a. suprascapularis ტოტებთან. ბ) გულმკერდ – ზურგის არტერია – a. thoracodorsalis, აგრძელებს ბეჭქვეშა არტერიის მიმართულებას. იგი მიემართება ქვემოთ, იღლიის ფოსოს უკანა კედლის გასწვრივ ბეჭის ლატერალურ კიდეზე, შედის ბეჭქვეშა კუნთისა – m. subscapularis და ზურგის უგანიერესი კუნთის – mm. latissimus dorsi და დიდი მრგვალი კუნთის – m. teres major შორის ნაპრალში, ბეჭის ქვემო კუთხემდე, მთავრდება ზურგის უგანიერეს კუნთის – m. latissimus dorsi სისქეში; ქმნის ანასტომოზს კისრის განივი არტერიის – a. transversae colli ღრმა ტოტთან – r. profundus.
2. მხრის წინა შემომხვევი არტერია – a. circumflexa humeri anterior, იწყება იღლიის არტერიის გარეთა მხრიდან, მიემართება ლატერალურად ნისკარტ- მხრის კუნთის ქვეშ, შემდეგ მხრის ორთავა კუნთის მოკლე თავის ქვეშ მხრის ძვლის წინა ზედაპირზე; არტერია აღწევს ბორცვთაშუა ღარს – Sulcus intertubercularis, სადაც იყოფა ორ ტოტად: ერთი მათგანი იკავებს ასწვრივ მდებარეობას, მიყვება მხრის ორთავა კუნთის გრძელის თავის მყესს, შედის მხრის სახსარში, მიემართება მხრის ძვლის თავისაკენ; მეორე შემოეხვევა მხრის ძვლის გარეთა კიდეს და ქმნის ანასტომოზს მხრის უკანა შემომხვევ არტერიასთან – circumflexa humeri posterior.
3. მხრის უკანა შემომხვევი არტერია – a. circumflexa humeri posterior, გამოდის იღლიის არტერიის უკანა ზედაპირიდან a. circumflexa humeri anterior-თან ერთად. მიემართება უკან, შემორკალავს მხრის ძვლის ქირურგიული ყელის უკანა და გარეთა ზედაპირებს, თავსდება იღლიის ნერვთან – n. axillaris ერთად დელტისებრი კუნთის ღრმა ზედაპირზე. A. circumflexa humeri posterior ქმნის ანასტომოზს: a. circumflexa humeri anterior, a. circumflexa scapulae, a. thoracodorsalis და a. suprascapularis-თან. იგი სისხლით ამარაგებს მხრის სახსრის სასახსრე ჩანთას, დელტისებრ კუნთსა და ამ მიდამოს კანს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.