იმუნური სისტემა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. იმუნური სისტემა Immune system

იმუნური სისტემა წარმოადგენს უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნიტეტის ფორმირებას. იმუნიტეტი – ეს არის ორგანიზმის დაცვა მიკრობებისაგან, ვირუსებისაგან, უცხო უჯრედებისა და გენეტიკურად შეცვლილი საკუთარი უჯრედებისაგან. იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის შიგა გარემოს გენეტიკური მთლიანობისა და მუდმივობის დაცვას, ასრულებს ,,საკუთარისა“ და ,,უცხოს“ შეცნობის ფუნქციას.
იმუნურ სისტემაში არჩევენ ცენტრალურ და პერიფერიულ სტრუქტურებს.

იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოებია:

1. ძვლის ტვინი – medulla osseum
2. თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი) – thymus

ძვლის ტვინში იმუნური სისტემის უჯრედები წარმოიქმნება ე. წ. ღეროვანი უჯრედებისაგან; ამავე უჯრედებისაგან წარმოიქმნება სისხლის ყველა უჯრედი (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები). მკერდუკანა ჯირკვალში, ანუ თიმუსში ხდება იმუნური სისტემის სპეციფიკური უჯრედების – ლიმფოციტების დიფერენციაცია.

იმუნური სისტემის პერიფერიული ორგანიებია:

1. ელენთა – lien
2. ლიმფური კვანძები – nodi lymphatici
3. საჭმლის მომნელებლი და სასუნთქი სისტემების ორგანოთა ლიმფოიდური ქსოვილი

იმუნურ სისტემაში შემავალი ყველა ორგანო მჭიდროდაა დაკავშირებულია ერთმანეთთან და ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.