ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. იდაყვის ძვალი Ulna Ulnar bone
იდაყვის ძვალი – ulna, გრძელი ლულისებრი ძვალია. მასში განარჩევენ სხეულს და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. იდაყვის ძვლის სხეული – corpus ulnae, სამწახნაგიანია; აქვს სამი კიდე: წინა, უკანა და ძვალთაშუა (გარეთა) და სამი ზედაპირი: წინა, უკანა და მედიალური.
იდაყვის ძვლის წინა კიდე – margo anterior მომრგვალებულია; უკანა კიდე – margo posterior უკანაა მიმართული; ძვალთაშუა კიდე – margo interosseus მახვილია და მიმართულია სხივის ძვლისაკენ. წინა ზედაპირი – facies anterior მცირედ ჩაზნექილია; მასზე არის მასაზრდოებელი ხვრელი – foramen nutricium, რომელიც გრძელდება პროქსიმალურად მიმართულ მასაზრდოებელ არხში – canalis nutricius. წინა ზედაპირის ზემო ნაწილში, ძვლის სხეულისა და ზედა ბოლოს საზღვარზე, მდებარეობს იდაყვის ხორკლი – luberositas ulnae. უკანა ზედაპირი – facies posterio, უკანაა მიმართული, ხოლო მედიალური ზედაპირი – facies medialis, – წინამხრის შიგნითა მხრისაკენ. იდაყვის ძვლის ზემო ბოლო, ანუ პროქსიმალური ეპიფიზი – extremitas superior s. epiphysis proximalis გრძელდება ზემოთ და გადადის იდაყვის მორჩში – olecranon. ამ მორჩის წინა ზედაპირზე არის ჭაღისებრი ნაჭდევი – indsura trochlearis., რომელსაც ქვევიდან საზღვავს გვირგვინოვანი მორჩი – processus coronoideus.
გვირგვინოვანი მორჩის გარეთა ზედაპირზე მდებარეობს სხივის ნაჭდევი – indsura radialis, – სხივის ძვლის თავთან შესანაწევრებლად. სხივის ნაჭდევის ქვემოთ იწყება სუპინატორის ქედი – crista m. supinatoris, რომელიც მიიმართება ქვევით. იდაყვის ძვლის ქვემო ბოლო, ანუ დისტალური ეპიფიზი – extremitas inferior или epiphysis distalis მომრგვალებულია. მასზე განარჩევენ იდაყვის თავს – caput ulnae. თავის გარეთა, სხივისაკენ მიმართული მხარე მომრგვალებულია, აქვს სასახსრე ზედაპირი, ე. წ. იდაყვის საბრუნებელი სასახსრე ზედაპირი – circumferentia articularis ulnae, რომლითაც იგი ენაწევრება სხივის ძვალს. იდაყვის ძვლის თავი მედიალურად გადადის სადგისისებრ მორჩში – processus styloideus medialis, რომელიც ადვილად ისინჯება კანიდან.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.