თხემის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. თხემის ძვალი

თხემის ძვალი – os parietale წყვილი ძვალია და წარმოქმნის ქალასარქველის ზედა და გვერდით ნაწილებს; აქვს ოთხკუთხა, გარეთ გამობურცული ფირფიტის ფორმა, რომელზედაც არჩევენ ორ ზედაპირს: გარეთა და შიგნითა ზედაპირებს, და ოთხ კიდეს – ზედას, ქვედას, წინასა და უკანას. გარეთა ზედაპირი – facies externa, სადა და გამოდრეკილია. მის შუა ადგილას მდებარეობს თხემის ბორცვი – tuber parietale, რომელიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ბავშვებში.

parietal_1

ბორცვის ქვემოთ ჰორიზონტალურად მიემართება რკალივით მოდრეკილი საფეთქლის ზემო ხაზი – linea temporalis superior,  რომელიც იწყება ძვლის წინა კიდიდან და წარმოადგენს შუბლის ძვლის თანამოსახელე ხაზის გაგრძელებას. ამ ხაზით ქვემოთ, თხემის ძვლის ქვემო კიდის პარალელურად, მდებარეობს კარგად გამოხატული საფეთქლის ქვემო ხაზი – linea temporalis inferior (პირველი მათგანი წარმოადგენს საფეთქლის ფასციის – fascia temporalis, მეორე – საფეთქლის კუნთის – m. temporalis მიმაგრების ადგილს). შიგნითა ზედაპირი – facies interna ჩაზნექილია; მასზე აღინიშნება სუსტად გამოხატული ტვინის რელიეფის ანაბეჭდები თითისებრი ჩანაჭდევების – impressiones digitatae სახით, აგრეთვე სატვინე შემაღლებები და დატოტვილი არტერიული ღარები – sulci arteriosi (შუა მენინგეალური არტერიის – a. meningea media  კვალი). თხემის ძვლის სატვინე ზედაპირის ზედა კიდის გასწვრივ მდებარეობს ზედა საგიტალური სინუსის არასრული ღარი – sulcus sinus sagittalis superioris; იგი მეორე თხემის ძვლის თანამოსახელე ღართან ერთად ქმნის მთლიან ღარს (ღარის კიდეებზე დამაგრებულია ტვინის მაგარი გარსის მორჩი, დიდი ტვინის ნამგალი – falx cerebri). იმავე ზემო კიდის უკანა ნაწილში მდებარეობს პატარა თხემის ხვრელი – foramen parietale, რომელიც წარმოადგენს საშვებ – emissarium ხვრელს (მასში გაივლის კეფის არტერიის ტოტი და თხემის გამოსაშვები ვენა). საგიტალური ღარის სიღრმეში და მასთან სიახლოვეს არსებობს მრავლობითი პატარა მარცვლოვანი ორმოები – foveolae granulares (მათში შედის ტვინის ქსელისებრი გარსის გრანულაციები). სატვინე ზედაპირზე, უკანა ქვედა კუთხესთან მდებარეობს სიგმოიდური სინუსის ღარი – sulcus sinus sigmoidei (ტვინის მაგარი გარსის სიგმოიდური ვენური სინუსის ანაბეჭდი); ეს ღარი წინ გადადის საფეთქლის ძვლის თანამოსახელე ღარში, უკან კი – კეფის ძვლის განივი სინუსის ღარში. ზედა, საგიტალური კიდე – margo sagittalis, სწორი, დაკბილულია, უერთდება მეორე თხემის ძვლის თანამოსახელე კიდეს საგიტალური ნაკერით – sutura sagittalis. კეფის ძვლის ქვედა, ქიცვის კიდე – margo squamosus, რკალისებურია; მისი წინა ნაწილი დაფარულია სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის ზემო კიდის უკანა ნაწილით; უკან მასზე მოთავსებულია საფეთქლის ძვლის ქიცვი თავისი თხემისეული კიდით; ყველაზე უკანა მაწილი უერთდება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს. შესაბამისად, წარმოიქმნება სამი ნაკერი: ქიცვისებრი ნაკერი – sutura squamosa, თხემ-დვრილისებრი ნაკერი – sutura раrietomastoidea, და სოლისებრ-თხემის ნაკერი – sutura sphenoparietalis. თხემის ძვლის წინა, შუბლის კიდე – margo frontalis, დაკბილულია; იგი უერთდება შუბლის ძვლის ქიცვის თხემისეულ კიდეს და წარმოქმნის გვირგვინოვან ნაკერს – sutura coronalis. უკანა, კეფის კიდე – margo occipitalis, დაკბილულია, უერთდება კეფის ძვლის ლამბდისებრ კიდეს და წარმოქმნის ლამბდისებრ ნაკერს – sutura lambdoidea. შესაბამისად თხემის ძვალს გააჩნია ოთხი კუთხე: წინა ზემო, შუბლისეული კუთხე – angulus frontalis, უახლოვდება სწორ კუთხეს (იგი მოსაზღვრულია გვირგვინოვანი და საგიტალური ნაკერებით). წინა ქვემო, სოლისებრი კუთხე – angulus sphenoidalis, მოსაზღვრულია გვირგვინოვანი და სოლისებრ-თხემის ნაკერებით). უკანა ზედა, კეფისეული კუთხე – angulus occipitalis, ბლაგვია (მოსაზღვრულია ლამბდისებრი და საგიტალური ნაკერებით). უკანა ქვედა, დვრილისებრი კუთხე – angulus mastoideus, უფრო ბლაგვია (მოსაზღვრულია ლამბდისებრი და თხემ-დვრილისებრი ნაკერებით); მისი წინა ნაწილი ავსებს საფეთქლის ძვლის თხემისეულ ნაჭდევს – incisura parietalis.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.