თირკმელი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თირკმელი Ren Kidney

თირკმელი, Ren – ლობიოს მოყვანილობის წყვილი ორგანოა; მდებარეობს მუცლის ღრუში, წელის მიდამოში, ხერხემლის გვერდებზე. თითოეული თირკმლის სიგრძე 10 – 12 სმ, სიგანე – 5 – 6 სმ, სისქე – 4 სმ-ია; საშუალო წონა – 120 – 200 გ-ია. მარცხენა თირკმელი მარჯვენასთან შედარებით გრძელია. მარჯვენა თირკმელი მდებარეობს გულმკერდის 12 მალიდან წელის მეოთხე მალის ზემო კიდემდე, მარცხენა – გულმკერდის XI მალიდან წელის III მალის ზემო კიდემდე. ქალებში თირკმელები ½ მალით ქვემოთაა, ვიდრე მამაკაცებში. განივად, თირკმელები მდებარეობს წელის დიდი კუნთის ლატერალური კიდიდან მუცლის განივი კუნთის უკანა კიდემდე. თირკმლის ზემო ბოლოები უფრო ახლოსაა შუა ხაზთან, ვიდრე ქვემო ბოლოები.გარედან თირკმელი სადაა და მუქი მოწითალო ფერი აქვს. თირკმელში არჩევენ: წინა და უკანა ზედაპირებს, ლატერალურ და მედიალურ კიდეებს, ზემო და ქვემო ბოლოებს. მარჯვენა თირკმელი ზემო ბოლოთი ებჯინება ღვიძლს, მარცხენა თირკმელი ზემო მესამედით – კუჭს. თითოეული თირკმელი გვერდითი ნაწილით ებჯინება წელის კვადრატულ კუნთს. ლატერალური კიდე – margo lateralis, გამოდრეკილია და მიმართულია მუცლის უკანა კედლისაკენ, მედიალური კიდე – margo medialis შედრეკილია და მიმართულია ქვემოთ, მედიალურად და წინისაკენ.

თირკმელითირკმლის მედიალურ კიდეზე აღინიშნება ჩაღრმავება – თირკმლის კარი – hilus renalis, რომელიც გადადის თირკმლის წიაღში – sinus renalis. თირკმლის უკანა ზედაპირი წინასთან შედარებით ფართოა, ხოლო თირკმლის წიაღი მიმართულია წინისაკენ. თირკმლის წიაღში მდებარეობს: თირკმლის მენჯი – pelvis renalis, თირკმლის ფიალები – calyces renales, თირკმლის სისხლძარღვები და ნერვები, ლიმფური კვანძები და ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილი. ამასთან, ვენები მდებარეობს წინ, არტერიები და ნერვები ვენების უკან, ხოლო თირკმლის მენჯი და შარდსაწვეთი – არტერიების უკან. თირკმლის ზემო ბოლო – extremitas superior, ქვედასთან – extremitas inferior შედარებით მსხვილი და ფართოა. თირკმლების ზემო ბოლოებზე მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლები – glandulae suprarenales. თითოეულ თირკმელში არჩევენ შემდეგ სეგმენტებს (segmenta renales): ზემო სეგმენტი – segmentum superius შეესაბამება თირკმლის მედიალურ და, ნაწილობრივ, ზემო ბოლოს წინა ზედაპირს; ზემო წინა სეგმენტი – segmentum anterius superius, რომელიც მდებარეობს თირკმლის მენჯის წინ და მოიცავს ზემო ბოლოს წინა ზედაპირს, თირკმლის შუა ნაწილის ზედა უბანს, ლატერალურ კიდესა და ნაწილობრივ უკანა ზედაპირს; ქვემო წინა სეგმენტი – segmentum anterius inferius, მდებარეობს ასევე თირკმლის მენჯის წინ, გამოდის თირკმლის წინა ზედაპირზე, მისი შუა ნაწილის ქვემო უბანზე და ნაწილობრივ უკანა ზედაპირზე; ქვემო სეგმენტი – segmentum inferius, – უკავია თირკმლის ქვემო ბოლო; უკანა სეგმენტი – segmentum posterius, მდებარეობს მენჯის უკან. თირკმელი გარშემოხვეულია ცხიმოვანი კაფსულითა და თირკმლის ფასციით. ცხიმოვანი კაფსულა – capsua adiposa, უშუალოდ ეხვევა თირკმელს, ამასთან უფრო სქლად მის უკანა ნაწილს; თირკმლის კარის გავლით იგი აღწევს თირკმლის წიაღში. თირკმლის ფასცია – fascia renalis, ნაწილია პერიტონეუმის ქვემდებარე ფასციისა – fascia retroperitonealis, რომელიც თირკმლების მიდამოში გახლეჩილია ორ ფუცლად: წინა ფურცელი – lamina prerenalis, და უკანა ფურცელი – lamina retrorenalis; აღნიშნული ფურცლები ფარავენ თირკმელებს თირკმლის კაფსულასთან ერთად, ასევე თირკმელზედა ჯირკვლებს, თირკმლის სისხლძარღვებსა და ვენებს. ფასციის უკანა ფურცელი უმაგრდება წელის მალების სხეულებს; წინა ფურცლები უკავშირდება ერთმანეთს და ფარავს თირკმლის სისხლძარღვებს, ქვემო ღრუ ვენასა და მუცლის აორტას; თირკმელი შეიცავს კიდევ ერთ საკუთარ გარსს, რომელსაც ფიბროზული კაფსულა – capsula fibrosa ეწოდება. კაფსულა ფარავს თირკმელს ყოველ მხრიდან და შედგება გარეთა შემაერთებელქსოვილოვანი და შიგნითა – გლუვკუნთოვანი შრეებისაგან.

თირკმელი

იგი შეზრდილია თირკმლის ნივთიერებასთან და ადვილად სცილდება მას. განაკვეთზე ჩანს, რომ თირკმელი შედგება ორი, განსხვავებული სიმკვრივისა და ფერის მქონე, შიგნითა – ტვინოვანი, და გარეთა – ქერქოვანი ნივთიერებისაგან. ტვინოვანი ნივთიერება შედარებით მკვრივი, მოცისფრო – წითელი ფერისაა, ქერქოვანი – მოყვითალო-წითელი ფერისაა; განსხვავება განპირობებულია არაერთნაირი სისხლმომარაგებით. თირკმლის ტვინოვანი ნივთიერება შეადგენს თირკმლის ცენტრალურ ნაწილს, ხოლო ქერქოვანი – მის პერიფერიას. თირკმლის ტვინოვანი ნივთიერება – medulla renis, წარმოქმნილია კონუსისებრი თირკმლის პირამიდებით – pyramides renales, რომელთა რიცხვი აღწევს 10 – 15. თითოეული პირამიდა ფუძით – basis pyramidis,  მიმართულია თირკმლის გარეთა ზედაპირისაკენ, ხოლო მწვერვალით – თირკმლის წიაღისაკენ. თირკმლის გარეთა, ქერქოვანი ნივთიერება – cortex renis, სისქით 5 – 7 სმ-ია; მოიცავს თირკმლის პერიფერიულ ნაწილს და თირკმლის პირამიდებს შორის გზავნის მორჩებს, რომლებსაც თირკმლის სვეტებს – columnae renales უწოდებენ. პირამიდების მწვერვალს დვრილის ფორმა აქვს და მას თირკმლის დვრილს – papilla renalis უწოდებენ; დვრილის მწვერვალზე 10 – დან 55-მდე დვრილის ხვრელია – foramina papillaria, რომლებიც წარმოქმნიან დვრილის დაცხრილულ არეს – area cribrosa. თითოეული დვრილი გარშემოხვეულია თხელი, გარედან მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი და შიგნითა ლორწოვანი გარსისაგან შემდგარი მცირე აპკებით, რომლებსაც ეწოდებათ თირკმლის მცირე ფიალები – calyx renalis minor; ერთი მცირე ფიალა გარს ეხვევა ერთმანეთთან შეერთებული 2 – 3 პირამიდის დვრილს.

თირკმელი

რამდენიმე მცირე ფიალა ერთდება და ქმნის თირკმლის მენჯს – pelvis renalis. თირკმლის მენჯის ფართო ნაწილი მდებარეობს წიაღში, ხოლო ვიწრო ნაწილი გამოდის კარის მიდამოში და გადადის შარდსაწვეთში. მცირე და დიდი ფიალების ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელიც გადადის მენჯის ლორწოვან გარსში, ხოლო ეს უკანასკნელი – შარდსაწვეთის ლორწოვანში. ფუნქციურად თირკმლის ქსოვილის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს თირკმლის საშარდე მილაკები – tubuli renales. თითოეული მათგანი დასაბამს ღებულობს ქერქოვან ნივთიერებაში მოთავსებული სისხლძარღვოვანი გორგლის კაფსულიდან. კაფსულა გორგალთან ერთად ქმნის თირკმლის სხეულაკს – corpuscula renis.  საშარდე მილაკები ქერქოვან ნივთიერებაში წარმოქმნიან თირკმლის კლაკნილ მილაკებს – tubuli renales contorti. ტვინოვან ნივთიერებაში ეს მილაკები შედარებით სწორად მიემართებიან და წარმოქმნიან თირკმლის სწორ მილაკებს – tubuli renales recti. სწორი მილაკები უერთდებიან ერთმანეთს და ქმნიან დვრილის მილებს, ან შემკრებ მილაკებს – ductus papillares, რომლებიც იხსნებიან თირკმლის პირამიდის დვრილის ზედაპირზე უწვრილესი ხვრელებით. თირკმლის მილაკებთან განსაკუთრებით მჭიდროდაა დაკავშირებული სისხლძარღვები. თირკმელს კვებავს თირკმლის არტერია – a. renalis, რომელიც გამოდის მუცლის აორტიდან და თირკმლის კართან იყოფა ორ ტოტად.

თირკმლები

თირკმლის არტერიის ტოტები – a. renalis, თირკმლის წიაღის გავლით აღწევენ თირკმლის ნივთიერებაში, ლაგდებიან თირკმლის პირამიდებს შორის წილთაშუა არტერიების  – aa. interlobares renis სახით. თირკმლის ტვინოვანი და ქერქოვანი ნივთიერებების საზღვარზე მიახლოებისას თითოეული წილთაშუა არტერია იყოფა ორ რკალისებრ არტერიად – aa. arcuatae, რომლებიც აღწევენ მეზობელ წილებში და ლაგდებიან პირამიდის ფუძეზე. რკალისებრი არტერიებიდან გამომავალი ტოტები მიიმართებიან როგორც ქერქისაკენ, ისე თირკმლის ტვინოვანი ნივთიერებისაკენ. ქერქში მდებარე არტერიებს ეწოდება წილაკთაშუა არტერიები – aa.. interlobulares, ხოლო თირკმლის ტვინში მდებარეს – სწორი არტერიოლები – arteriolae reclae. წილაკთაშუა არტერიებიან გამოდის არტერიოლები, რომლებსაც მომტანი სისხლძარღვები – vas afferens, ეწოდება. მომტანი სისხლძარღვი თავის მხრივ იყოფა ტოტებად; ეს ტოტები იკლაკნებიან, უერთდებიან ერთმანეთს და ქმნიან კაპილარულ გორგალს glomerulus; გორგალი მოთავსებულია კაფსულაში – capsula glomeruli, საიდანაც დასაბამს ღებულობს საშარდე მილაკები. კაფსულა და მასში მოთავსებული თირკმლის გორგალი ქმნიან თირკმლის სხეულაკს – corpusculum renis. გორგლის კაპილარული ქსელი არტერიულია და მას საოცარ წნულს – rete mirabile უწოდებენ. გორგლიდან გამომავალ არტერიოლას ეწოდება გამომტანი სისხლძარღვი – vas efferens. ეს უკანასკნელი იტოტება, ქმნის კაპილარულ ქსელს, რომელიც ეხვევა საშარდე მილაკებს და დასაბამს აძლევს ვენურ სისტემას. ვენები ძირითადად, იმეორებენ არტერიების გზას თირკმლის პარენქიმაში. ტვინოვანი ნივთიერებიდან სისხლი იკრიბება სწორ ვენულებში – venulae rectae, რომლებიც გადადიან რკალისებრ ვენებში – vv. arcuatae. ქერქოვან ნივთიერებაში მდებარეობს წილაკთაშუა ვენები – vv. interlobulares, რომლებიც იწყება თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების ზედაპირული შრის სისხლძარღვებიდან, ე. წ. ვარსკვლავისებრი ვენებიდან – vv. stellatae. წილაკთაშუა ვენები გვადადის რკალისებრ ვენებში. ორი მეზობელი წილის რკალისებრი ვენები ერთდებიან და წარმოქმნიან წილთაშუა ვენებს – vv. interlobares, რომლებიც ისევე როგორც არტერიები, მდებარეობენ თირკმლის სვეტებში. ამ ვენების შეერთებით იქმნება თირკმლის ვენა – v. renalis, რომელიც უერთდება ქვემო ღრუ ვენას – v. cava inferior.
თირკმლის ინერვაცია წარმოებს ცთომილი და სიმპათიკური ნერვებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.