თეძოს შიგნითა არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. თეძოს შიგნითა არტერია a. iliaca interna; Intemal iliac artery

ლალი დათეშიძე

თეძოს შიგნითა არტერია – a. iliaca interna, გამოეყოფა თეძოს საერთო არტერიას, მიემართება ქვემოთ მცირე მენჯის ღრუში და მიჰყვება გავა-თეძოს სახსარს. დიდი საჯდომი ხვრელის – foramen ischiadicum majus ზემო კიდის დონეზე არტერია იყოფა წინა და უკანა ღეროებად. ამ ღეროებიდან გამომავალი ტოტები მიემართებიან მცირე მენჯის კედლებისა და ორგანოებისაკენ და შესაბმისად, მათ ყოფენ პარიეტულ და ვისცერულ ტოტებად.

თეძოს შიგნითა არტერია

თეძოს შიგნითა არტერიის ვისცერული ტოტებია:

1. ჭიპის არტერია – a. umbilicahs, თეძოს შიგნითა არტერიის ერთ – ერთი ყველაზე მსხვილი ტოტია ემბრიონულ პერიოდში. იგი გამოდის ამ არტერიის წინა ღეროდან, მიჰყვება მენჯის გვერდით კედელს, წვება შარდის ბუშტის გვერდით კედელზე, აჰყვება  მუცლის ღრუს წინა კედლის უკანა ზედაპირს პერიტონეუმის ქვეშ და აღწევს ჭიპის მიდამოს. აქ მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე სისხლძარღვთან ერთად ჭიპის არტერია შედის ჭიპლარის შემადგენლობაში. დაბადების შემდეგ ჭიპის არტერია განიცდის ობლიტერაციას. სისხლძარღვის დასაწყისი ნაწილი ფუნქციონირებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისგან გამოდიან ჭიპის ზემო არტერიები – aa.. vesicates superiores (2 – 4), რომლებიც მიემართებიან შარდის ბუშტის ზემო და შარდსაწვეთის დისტალური ნაწილისაკენ.

2. თესლის გამომტანი სადინარის არტერია – a. ductus deferentis, იწყება თეძოს შიგნითა არტერიის წინა ღეროდან, მიემართება წინ, აღწევს თესლის გამომტან სადინარს და იყოფა ორ ტოტად. ერთი ტოტი ეანასტომოზება სათესლის არტერიას – a. testicularis და სადინართან ერთად შედის სათესლე ბაგირაკის შემადგენლობაში. სათესლე ბაგირაკთან ერთად იგი გაივლის საზარდულის არხს და აღწევს სათესლის დანამატს. მეორე ტოტი თესლის გამომტან სადინართან – ductus deferens ერთად მიემართება სათესლე ბუშტუკებისაკენ – vesicula seminalis. ქალებში თესლის გამომტან სადინარს შეესაბამება საშვილოსნოს არტერია – a. uterina, რომელიც ასევე გამოდის თეძოს შიგნითა არტერიის წინა ღეროდან, თავსდება პერიტონეუმის ქვეშ, მიემართება წინ და მედიალურად განიერი იოგის ფუძესთან, მიდის საშვილოსნოს გვერდით კედელთან მისი ყელის დონეზე; საშვილოსნოს კედელთან იგი იყოფა დასწვრივ, ანუ საშოს არტერიად – a. vaginalis, და ასწვრივ, ანუ საშვილოსნოს არტერიად – a. uterina. საშოს ტოტი მიემართება საშოს წინა გვერდით კედელზე და აძლევს მას ტოტებს, რომლებიც ეანასტომოზებიან მოპირდაპირე მხარის ასეთივე ტოტებს. საშვილოსნოს არტერია აჰყვება საშვილოსნოს გვერდით კედელს მის კუთხემდე, სადაც ეანასტომოზება საკვერცხის არტერიას – a. ovarica და გზავნის ლულის ტოტებს – rr. tubarii საშვილოსნოს ლულისაკენ და საკვერცხის ტოტებს – rr. ovaricus – საკვერცხისაკენ.

3. სწორი ნაწლავის შუა არტერია – a. rectalis media – წვრილი სისხლძარღვია, ზოგჯერ საერთოდ არ არსებობს. იწყება თეძოს შიგნითა არტერიის წინა ღეროდან უმეტესად დამოუკიდებლად, ზოგჯერ კი გამოდის შარდის ბუშტის ქვემო არტერიიდან – a. vesicalis inferior ან შიგნითა სასირცხო არტერიიდან – a. pudenda interna და კვებავს სწორი ნაწლავის შუა ნაწილს. არტერიიდან გამომავალი წვრილი ტოტები მიემართებიან წინამდებარე ჯირკვლისა და სათესლე ბუშტუკებისაკენ. სწორი ნაწლავის კედელში არტერია ეანასტომოზება სწორი ნაწლავის ზემო და ქვემო არტერიებს – aa. . rectales superior et inferior.

4. შიგნითა სასირცხო არტერია – a. pudenda interna, გამოდის თეძოს შიგნითა არტერიის წინა ღეროდან, მიმართება ქვემოთ და ლატერალურად და გამოდის მცირე მენჯიდან ქვემო მსხლისებრი ხვრელით; შემდეგ არტერია შემოუვლის საჯდომ წვეტს, მიემართება მედიალურად და წინ, მცირე საჯდომი ხვრელით – foramen ischiadicum minus კვლავ შედის მცირე მენჯის ღრუში, უკვე მენჯის შუასაძგიდის ქვემოთ, ხვდება კუკუხო – სწორნაწლავის ფოსოში – fossa ischiorectalis, მიჰყვება ამ ფოსოს გვერდით კედელს, აღწევს შარდ-სასქესო შუასაძგიდის – diaphragma urogenitale უკანა კიდის მიდამოს. შემდეგ მიემართება წინ, ბოქვენის ძვლის ქვემო ტოტის გასწვრივ; შორისის ზედაპირული განივი კუნთის – m. transversus perinei superficialis კიდესთან გამოდის შარდ-სასქესო შუასაძგიდის ზედაპირზე და იყოფა საბოლოო ტოტებად. ესენია:

ა) ასოს დორსალური არტერია – a. dorsalis penis. ეს არტერია წარმოადგენს შიგნითა სასირცხო არტერიის პირდაპირ გაგრძელებას; მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიასთან ერთად მიემართება ასოს მშვილდისებრი იოგის – Lig. fundiforme penis გასწვრივ, ასოს თავამდე და გზავნის ტოტებს სათესლე პარკისა და მღვიმოვანი სხეულებისაკენ;
ბ) ასოს ბოლქვის არტერია – a. bulbi penis (ქალებში – [საშოს] კარიბჭის ბოლქვის არტერია – a. bulbi vestibuli [vaginae]), კვებავს სასქესო ასოს ბოლქვს, ბოლქვ – ღრუბლოვან კუნთს – m. bulbospongiosus და შორისის სხვა კუნთებს;
გ) შარდსადენის არტერია – a. urethralis, შედის შარდსადენის ღრუბლისებრ ნაწილში – pars spongiosa და მიდის სასქესო ასოს თავამდე,  სადაც ქმნის ანასტომოზს ასოს ღრმა არტერიასთან – A. profunda penis;
დ) ასოს (კლიტორის) ღრმა არტერია – a. profunda penis (a. profunda clitoridis), გაივლის თეთრ გარსს – tunica albuginea, მიემართება მწვერვალისაკენ და კვებავს მას. ასოს (კლიტორის) ღრმა არტერიის – a. profunda penis (a. profunda clitoridis) ტოტები ქმნიან ანასტომოზს მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიებთან;
ე) სწორი ნაწლავის ქვემო არტერია – a. rectalis inferior, გამოდის კუკუხო-სწორნაწლავის ფოსოში – fossa ischiorectalis საჯდომი ბორცვის (კუკუხოს) დონეზე და მიემართება მედიალურად სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილისაკენ და ყითასაკენ; კვებავს ამ მიდამოს კანსა და ცხიმოვან ქსოვილს, ასევე ყითას ამწევ კუნთსა და სფინქტერს;
ვ) შორისის არტერია – a. perinealis, გამოდის შიგნითა სასირცხო არტერიიდან და ხშირად მოთავსებულია შორისის ზედაპირული განივი კუნთის – m. transversus perinei superficialis უკან; გზავნის სათესლე პარკის უკანა ტოტებს – rr. scrotales posteriores სათესლე პარკისკენ, შორისის კუნთებისა და სათესლე პარკის ძგიდის უკანა კედლისაკენ (ქალებში – სასირცხო ბაგეების უკანა ტოტები – rr. labiales posteriores).

თეძოს შიგნითა არტერიის პარიეტული ტოტებია:

1. თეძო – წელის არტერია – a. iliolumbalis, იწყება თეძოს შიგნითა არტერიის უკანა ტოტიდან, მიემართება ზემოთ და უკან, წვება სუკის დიდი კუნთის – m. psoas major ქვეშ და მის შიგნითა კიდესთან იყოფა წელის და თეძოს ტოტებად. ა) წელის ტოტი – r. lumbalis შეესაბამება წელის არტერიის დორსალურ ტოტს; იგი მიემართება უკან, გზავნის ზურგის ტვინისაკენ ზურგის ტვინის ტოტს – r. spinalis და კვებავს სუკის დიდ კუნთს – m. psoas major, სუკის მცირე კუნთს – m. psoas minor, წელის კვადრატულ კუნთს – m. quadratus lumborum, ასევე მუცლის განივი კუნთის – m. transversus abdominis უკანა ნაწილებს; ბ) თეძოს ტოტი – r. iliacus იყოფა ორ ტოტად: ღრმა და ზედაპირულ ტოტებად. ზედაპირული ტოტი მიემართება თეძოს ქედის – crista iliaca გასწვრივ, ამყარებს ანასტომოზურ კავშირს თეძოს ღრმა შემომხვევ არტერიასთან – a. circumflexa ilium profunda და წარმოქმნის რკალს; რკალიდან გამომავალი ტოტები კვებავენ თეძოს კუნთსა და მუცლის წინა კედლის კუნთების ქვემო ნაწილებს. ღრმა ტოტი გზავნის ტოტებს თეძოს ძვლისაკენ, ქმნის ანასოტმოზურ კავშირს დამხურავ არტერიასთან – a. obturatoria.

2. გავის ლატერალური არტერიები – aa.. sacrales laterales მიემართებიან მედიალურად, ჩაჰყვებიან გავის ძვლის გვერდით ნაწილს და გზავნიან მედიალურ და ლატერალურ ტოტებს გავის არხში – canalis sacralis. მედიალური ტოტები (5-6) ქმნიან ანასტომოზურ კავშირს გავის შუა არტერიასთან – a. sacralis mediana და წარმოქმნიან ბადეს. ლატერალური ტოტები გავის მენჯისმხრივი ხვრელებით – foramina sacralia pelvina გადიან გავის არხში – Canalis sacralis, და იძლევიან ზურგის ტვინის ტოტებს – rr. spinales; შემდეგ გამოდიან გავის დორსალური ხვრელებით – foramina sacralia dorsalia, კვებავენ გავას, გავის მიდამოს კანსა და ზურგის ღრმა კუნთების ქვემო ნაწილებს, ასევე გავა-თეძოს სახსარს – articulatio sacroiliaca, მსხლისებრ კუნთს – m. piriformis, კუდუსუნის კუნთს – m. coccygeus და ყითას ამწევ კუნთს – m. levator ani.

3. ზემო დუნდულოვანი არტერია – a. glutea superior, თეძოს შიგნითა არტერიის ყველაზე ძლიერი ტოტია. იგი მენჯის ღრუს ტოვებს ზემო მსხლისებრი ხვრელით – foramen suprapiriforme და გადის დუნდულის მიდამოში, გზავნის ტოტებს მსხლისებრი კუნთისაკენ – m. piriformis, შიგნითა დამხურავი კუნთისაკენ – m. obturatorius internus, ყითას ამწევი კუნთისაკენ – m. levator ani. მენჯის ღრუდან გამოსვლისას არტერია იყოფა ორ ტოტად: ზედაპირულ და ღრმა ტოტებად. ზედაპირული ტოტი – r. superficialis მოთავსებულია დიდი დუნდულა კუნთსა – m. gluteus maximus და შუა დუნდულა კუნთს – m. gluteus medius შორის და კვებავს მათ. ღრმა ტოტი – r. profundus, მდებარეობს შუა დუნდულა კუნთსა – m. gluteus medius და მცირე დუნდულა კუნთს – m. gluteus minimus შორის, კვებავს მათ და განიერი ფასციის გამჭიმავ კუნთს – m. tensor fasciae latae, გზავნის ტოტებს მენჯ-ბარძაყის სახსრისაკენ, ქმნის ანასოტმოზურ კავშირს ქვემო დუნდულოვან არტერიასთან – a. glutea inferior და ბარძაყის ლატერალურ შემომხვევ არტერიასთან – a. circumflexa femoris lateralis.

4. ქვემო დუნდულოვანი არტერია – a. glutea inferior, საკმაოდ მსხვილი სისხლძარღვის სახით გამოდის თეძოს შიგნითა არტერიის წინა ღეროდან, ეშვება მსხვლისებრი კუნთის წინა ზედაპირიდან და გავის წნულიდან და ქვემო მსხლისებრი ხვრელით – foramen infrapiriforme ტოვებს მენჯის ღრუს  შიგნითა სასირცხო არტერიასთან – a. pudenda interna ერთად (მათვე მიჰყვება საჯდომი ნერვი), გამოდის დუნდულის მიდამოში – regio glutea. ქვემო დუნდულოვანი არტერია კვებავს დიდ დუნდულა კუნთს – m. gluteus maximus, გზავნის საჯდომი ნერვის თანამგზავ არტერიას – a. comitans n. ischiadici. მისგან გამომავალი მრავალრიცხოვანი ტოტები მიემართებიან მენჯ-ბარძაყის სახსრისაკენ და დუნდულის მიდამოს კანისაკენ, კვებავენ მათ და ქმნიან ანასტომოზურ კავშირს ბარძაყის მედიალურ შემომხვევ არტერიასთან – a. circumflexa femoris medialis, ზემო დუნდულოვან არტერიასთან – a. glutea superior.

5. დამხურავი არტერია – a. obturatoria, გამოდის თეძოს შიგნითა არტერიის წინა ღეროდან, მიჰყვება მცირე მენჯის გვერდით კედელს, რკალოვანი ხაზის – linea arcuata პარალელურად, მიდის წინ დამხურავი ხვრელისაკენ და ტოვებს მენჯის ღრუს დამხურავი არხით – Canalis obturatorius. აღწერილია ვარიანტები, როდესაც დამხურავი არტერია გამოდის ქვემო ეპიგასტრული არტერიიდან – a. epigastrica inferior ან თეძოს გარეთა არტერიიდან – a. iliaca externa. დამხურავ არხში – Canalis obturatorius შესვლამდე დამხურავი არტერია იძლევა ბოქვენის ტოტს – r. pubicus, თვითონ არხში კი იყოფა საბოლოო ტოტებად: წინა ტოტად – r. anterior და უკანა ტოტად – r. posterior.
ა) ბოქვენის ტოტი – r. pubicus, აჰყვება ბოქვენის ძვლის ზემო ტოტის უკანა ზედაპირს, აღწევს ბოქვენის სიმფიზს – Symphysis pubica, ამყარებს ანასტომოზურ კავშირს ქვემო ეპიგასტრული არტერიის – a. epigastricae inferioris ბოქვენის ტოტთან – ã. pubicus
ბ) წინა ტოტი – r. anterior მიჰყვება გარეთა დამხურავ კუნთს – m. obturatorius externus ქვემოთ, კვებავს მას და ბარძაყის მომზიდველი კუნთების ზემო ნაწილებს;
გ) უკანა ტოტი – r. posterior, მიჰყვება დამხურავი აპკის – membrana obturatoria გარეთა ზედაპირს ქვემოთ, კვებავს გარეთა და შიგნითა დახურავ კუნთებს – mm. obturatorii externus et intemus, ასევე საჯდომ ძვალს – os ischii და გზავნის ტაბუხის ბუდის ტოტს – ã. acetabularis მენჯ-ბარძაყის სახსრისაკენ. ეს უკანასკნელი ტაბუხის ბუდის ნაჭდევით – Incisure acetabuli შედის მენჯ-ბარძაყის სახსარში, მიჰყვება ბარძაყის თავის იოგს – lig. capitis femoris და აღწევს ბარძაყის თავს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.