თესლის გამომტანი სადინარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თესლის გამომტანი სადინარი Ductus deferens Deferent duct

თესლის გამომტანი სადინარი – ductus deferens, წარმოადგენს წყვილ, სქელკედლიან მილს, სიგრძით 50 სმ, დიამეტრით 3 მმ, სანათურის დიამეტრი – 0,5 მმ. სადინარი იწყება სათესლე ჯირკვლის დანამატის კუდის ბოლოდან და იხსნება შარდსადენის წინამდებარე ნაწილში. თესლის გამომტანი სადინარი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: საწყისი ნაწილი, – მდებარეობს სათესლეს დანამატში და წარმოადგენს დაკლაკნილ ცილინდრულ მილს. მეორე ნაწილი, შედის სათესლე ბაგირაკის შემადგენლობაში, გაივლის საზარდულის მილს; შარდის ბუშტის ძირამდე იგი წარმოადგენს თეთრი ფერის სწორ ცლინდრულ მილს.

თესლის გამომტანი სადინარი

საზარდულის შიგნითა რგოლიდან სადინარი მკვეთრად იცვლის მიმართულებას, ეშვება მცირე მენჯის ღრუში და უახლოვდება წინამდებარე ჯირკვალს. სადინრის ბოლო ნაწილი – თესლის გამომტანი სადინრისსათესლე ამპულა – ampulla ductus deferentis, გაფართოებულია; იგი წინამდებარეს ზემო კიდესთან უერთდება სათესლე ბუშტუკის საწრეტ სადინარს – ductus excretorius, და წარმოქმნის მშხეპავ სადინარს – ductus ejaculatorius, რომელიც გაიხსნება შარდსადენის წინამდებარე ნაწილის უკანა კედელზე. თესლის გამომტანი სადინრის კედელი შედგება: გარეთა – ადვენტიციური, შუა – კუნთოვანი და შიგნითა – ლორწოვანი შრეებისაგან. ადვენტიციური გარსი – tunica adventitia, შემაერთებელ ქსოვილოვანია; მასში გაივლის მკვებავი სისხლძარღვები და ნერვები. კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, ყველაზე უფრო სქელია. ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, წარმოქმნის ნაოჭებს და დაფარულია პრიზმული ეპითელიუმით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.