ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის ფასციები Fasciae of back
არჩევენ ზურგის შემდეგ ფასციებს:
1. ზურგის ზედაპირული ფასცია – საერთო კანქვეშა ფასციის თხელი შემაერთებელქსოვილოვანი ფურცელია; ფარავს ზურგის ზედაპირულ კუნთებს.
2. ქედის ფასცია – fascia nuchae მდებარეობს კისრის უკანა მიდამოში, ზედაპირულ და ღრმა კუნთებს შორის. მედიალურად იგი შეზრდილია ქედის იოგთან – ligamentum nuchae, ლატერალურად კი გადადის კისრის ფასციის ზედაპირულ ფურცელში; ზემოთ უმაგრდება კეფის ძვლის ქედის ზემო ხაზს – linea nuchae superior.
3. გულმკერდ – წელის ფასცია – fascia thoracolumbalis წარმოქმნის ფიბროზულ ბუდეს, რომელშიც მოთავსებულია ზურგის ღრმა კუნთები. ეს ფასცია ორი ფურცლისაგან შედგება – ზედაპირული (უკანა) და ღრმა (წინა). გულმკერდ – წელის ფასციის ზედაპირული ფურცელი ქვემოთ უმაგრდება თეძოს ქედებს, ლატერალურად აღწევს ნეკნთა კუთხეებს და მედიალურად უმაგრდება ყველა მალის წვეტიან მორჩებს, კისრის მალების გარდა. ფასცია ყველაზე სქელია წელის არეში, ზემო ნაწილებში კი საგრძნობლად თხელდება.
ლატერალურად, ზურგის გამმართველი კუნთის – m. erector spinae გვერდითი კიდის გაყოლებით, ზედაპირული ფურცელი შეზრდილია ღრმა ფურცელთან. ამგვარად, იქმნება ფიბროზული ბუდე, რომელშიც მდებარეობს ზურგის გამმართველი კუნთის – m. erector spinae წელის ნაწილი; ამ კუნთის ზემო ნაწილები განლაგებულია ზურგის ძვალ – ფიბროზულ ბუდეში. ზედაპირული ფურცლიდან იწყება ზურგის უგანიერესი კუნთი – m. latissimus dorsi და უკანა ქვემო დაკბილული კუნთი – m. serratus posterior inferior. გულმკერდ – წელის ფასციის ღრმა ფურცელი გაჭიმულია წელის მალების განივ მორჩებს, თეძოს ქედსა და XII ნეკნს შორის; ლატერალურად იგი შეზრდილია ზედაპირულ ფურცელთან. ღრმა ფურცელი არსებობს მხოლოდ წელის მიდამოში და მოთავსებულია წელის კვადრატრულ კუნთსა – m. quadratus lumborum და ზურგის გამმართველ კუნთს – m. erector spinae შორის. ფასციის ღრმა ფურცლიდან, ასევე ზედაპირულ ფურცელთან მისი შეზრდის ადგილიდან იწყება მუცლის განივი კუნთი – m. transversus abdominis.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.