ზემო ღრუ ვენა

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო ღრუ ვენა Vena cava superior; Superior vena cava

ლალი დათეშიძე

ზემო ღრუ ვენა – v. cava superior, აგროვებს სისხლს თავიდან, კისრიდან, ზემო კიდურებიდან, გულმკერის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან, ნაწილობრივ მუცლის კედლიდანაც. ზემო ღრუ ვენა წარმოიქმნება წინა შუასაყარში, მარჯვენა პირველი ნეკნის ხრტილის უკან, მკერდის ძვალთან, მარჯვენა და მარცხენა მხარ-თავის ვენების – vv. brachiocephalicae dextra et sinistra შეერთებით. ზემო ღრუ ვენა მიემართება ქვემოთ და მეორე ნეკნის დონეზე შედის პერიკარდიუმის ღრუში, ცოტა ქვემოთ კი, მარჯვენა III ნეკნის ხრტილის მკერდის ძვალთან შეერთების დონეზე, შედის მარჯვენა წინაგულში – atrium dextrae. ზემო ღრუ ვენის წინ მდებარეობს მკერდუკანა ჯირკვალი (თიმუსი) – thymus და პლევრის ფურცლებით განცალკევებული მარჯვენა ფილტვი – Pulmo dexter.

313

ვენის მარჯვენა მხარე ესაზღვრება: შუასაყრის პლევრას – pleura mediastinalis, მარჯვენა ფილტვს და აქ გამავალ შუასაძგიდის მარჯვენა ნერვს – n. phrenicus dexter, მარცხენა – ეხება ასწვრივ აორტას – aorta ascendens. ზემო ღრუ ვენის უკანა ზედაპირი ქვემო ნაწილში ესაზღვრება მარჯვენა ფილტვის ფესვის წინა ზედაპირს. ზემო ღრუ ვენას სარქველები არა აქვს;

ზემო ღრუ ვენას ერთვის: შუასაყრის ვენები – vv. mediastinales; პერიკარდიუმის ვენები – vv. pericardiacae; უკან, მარჯვენა ბრონქის ზემო კიდის დონეზე, პერიკარდიუმში შესვლამდე, მას უერთდება კენტი ვენა – v. azygos.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.