ზედა ყბა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ზედა ყბა  Maxilla Upper jaw

ზედა ყბა – maxilla, წყვილი ძვალია, მდებარეობს სახის ქალას წინა ზემო ნაწილში. მიეკუთვნება ჰაეროვან (პნევმატიკურ) ძვლებს – ossa pneumatica, ვინაიდან მასში მდებარეობს ლორწოვანი გარსით ამოფენილი ღრუ – ზედა ყბის (ჰაიმორის)  წიაღი – sinus maxillaris. ზედა ყბის ძვალში არჩევენ სხეულსა და ოთხ მორჩს. ზედა ყბის სხეულს – corpus maxillae აქვს ოთხი ზედაპირი: ზედა ანუ თვალბუდისმხრივი ზედაპირი – facies orbitalis, წინა ზედაპირი – facies anterior, შიგნითა ანუ ცხვირისმხრივი ზედაპირი – facies nasalis, უკანა ანუ საფეთქელქვედა ზედაპირი – facies infratemporalis. ზედა ყბის მორჩებია: შუბლისეული მორჩი – processus frontalis, ყვრიმალისეული მორჩი – processus zygomaticus, კბილბუდეთა მორჩი  და სასისეული მორჩი – processus palatinus.

ზედა ყბა

ზედა ყბის თვალბუდისმხრივი ზედაპირი – facies orbitalis, სადა, სამკუთხა მოხაზულობისაა, ქმნის თვალბუდის ქვემო კედელს. მისი მედიალური კიდე წინიდან უერთდება ცრემლის ძვალს ცრემლ-ზედაყბის ნაკერით – sutura lacrimomaxillaris, ცრემლის ძვლის უკან უერთდება – ცხავის ძვლის თვალბუდის ფირფიტას ცხავ-ზედაყბის ნაკერით – sutura ethmoideomaxillaris, კიდევ უფრო უკან – სასის ძვლის თვალბუდისეულ მორჩს სასა-ზედაყბის ნაკერით – sutura palatomaxillaris. თვალბუდისმხრივი ზედაპირის წინა კიდე სადაა და წარმოქმნის თვალბუდის ქვემო კიდეს – margo infraorbitalis. გარედან თვალბუდის ქვემო კიდე დაკბილულია და გადადის ყვრიმალისეულ მორჩში – processus zygomaticus. შიგნიდან თვალბუდის ქვემო კიდე გადადის შუბლისეულ მორჩში, რომელზედაც გადის წინა საცრემლე ქედი – crista lacrimalis anterior. ზემო (თვალბუდისმხრივი) ზედაპირის უკანა კიდე სოლისებრი ძვლის დიდი ფრთების თვალბუდისმხრივი ზედაპირის ქვემო კიდესთან ერთად წარმოქმნის თვალბუდის ქვემო ნაპრალს – fissura orbitalis inferior. ნაპრალის ქვედა კედელს შუაში არის ღარი, თვალბუდის ქვედა ღარი – sulcus infraorbitalis, რომელიც მიემართება წინისაკენ, ღრმავდება და თანდათანობით გადადის თვალბუდის ქვედა არხში – canalis infraorbitalis (ღარში და არხში მოთავსებულია თვალბუდის ქვედა ნერვი, თვალბუდის ქვედა არტერია და ვენები). არხი იხსნება ზედა ყბის სხეულის წინა ზედაპირზე. არხის ქვედა კედელზე არის წინა კბილების არხების ხვრელები, ე. წ. წინა კბილბუდეთა ხვრელები – ; მათში გადის ზედა ყბის წინა კბილების ნერვები. საფეთქელქვედა ზედაპირი – facies infratemporalis, მიმართულია საფეთქელქვედა და ფრთა-სასის ფოსოებისაკენ; იგი უსწორმასწოროა, წარმოქნის ზედა ყბის ბორცვს – tuber maxillae. მას აქვს წვრილი – კბილბუდეთა ხვრელები – foramina alveolaria, რომლებშიც გადის ზედა ყბის უკანა კბილების ნერვები.

ზედა ყბა

წინა ზედაპირზე – facies anterior, თვალბუდის ქვედა კიდის ქვემოთ მოთავსებულია  საკმაოდ დიდი თვალბუდის ქვედა ხვრელი – foramen infraorbitale, მის ქვემოთ კი მდებარეობს ეშვის ფოსო – fossa canina (აქ იწყება პირის კუთხის ამწევი კუნთი – m. levator anguli oris). ქვევით წინა ზედაპირი გადადის კბილბუდეთა მორჩის – processus alveolaris წინა ზედაპირში, რომელზედაც აღინიშნება გამობერილობები, კბილბუდეთა  შემაღლებანი – juga alveolaria. შიგნით და წინ, ცხვირის მიმართულებით, ზედა ყბის სხეულის წინა ზედაპირი გადადის ცხვირისეული ნაჭდევის – indsura nasalis კიდეში. ნაჭდევი ქვემოთ მთავრდება ცხვირისეული წინა წვეტით – spina nasalis anterior. ზედა ყბის ორივე ძვლის ცხვირისეული ნაჭდევები შემოსაზღვრავენ მსხლისებრ შესავალს – apertura piriformis, რომელიც გადის ცხვირის ღრუში. ზედა ყბის ცხვირისეული ზედაპირი – facies nasalis შედარებით რთული აგებულებისაა. იგი მიქცეულია ცხვირის ღრუსაკენ და უკანა ნაწილში შეიცავს დიდ ხვრელს – ზედა ყბის წიაღის ნაპრალს – hiatus sinus maxillaris, რომელიც იხსნება ზედა ყბის წიაღში – sinus maxillaris. ამ ხვრელის უკან ცხვირისეული ზედაპირი ნაკერით უერთდება სასის ძვლის პერპენდიკულარულ ფირფიტას. შიგნითა კედლის უკანა კიდეზე, სადაც ცხვირის ზედაპირი საფეთქელქვედა ზედაპირში გადადის, მდებარეობს ზევიდან ქვევით მიმართული სასის დიდი ღარი – sulcus palatinus major, რომელიც შედის სასის დიდი არხის – canalis palatinus major კედლის შემადგენლობაში. ზედა ყბის წიაღის ნაპრალის წინ გადის საცრემლე ღარი – sulcus lacrimalis, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია შუბლისეული მორჩის უკანა კიდით. იგი ერთვის ცხვირ-ცრემლის არხს – canalis nasolacrimalis; მას ესაზღვრება: ზევიდან ცრემლის ძვალი და ქვევიდან – ქვემო ნიჟარის საცრემლე მორჩი. კიდევ უფრო წინ ცხვირისეულ ზედაპირზე მდებარეობს ნიჟარის ქედი – crista conchalis, რომელზედაც მიმაგრებულია ცხვირის ქვემო ნიჟარა. ცხვირისეული ზედაპირის ზემო კიდიდან, მისი წინა ზედაპირში გადასვლის ადგილზე, ზემოთ მიემართება შუბლისეული მორჩი – processus frontalis. მას აქვს მედიალური (ცხვირის) და ლატერალური (სახის) ზედაპირები. ლატერალური ზედაპირი წინა საცრემლე ქედით – crista lacrimalis anterior, იყოფა წინა და უკანა ნაწილებად. უკანა ნაწილი ქვევით გადადის საცრემლე ღარში – sulcus lacrimalis. იგი შიგნიდან მოსაზღვრულია საცრემლე კიდით – margo lacrimalis, რომელსაც უკავშირდება ცრემლის ძვალი და წარმოქმნის მასთან ცრემლ-ზედაყბის ნაკერს – sutura lacrimomaxillaris. მედიალური ზედაპირის მხრიდან წინიდან უკან მიემართება ცხავის ქედი – crista ethmoidalis. შუბლისეული მორჩის ზემო კიდე დაკბილულია და შუბლის ძვლის ცხვირისეულ ნაწილს უერთდება შუბლ-ზედაყბის ნაკერით – sutura frontomaxillaris. წინა ზედაპირით შუბლისეული მორჩი ცხვირის ძვალს უერთდება ცხვირ-ზედაყბის ნაკერით – sutura nasomaxillaris. ყვრიმალისეული მორჩი – processus zygomaticus, გამოდის ზედა ყბის სხეულის გარეთა ზედა კუთხიდან. თავისი ხორკლიანი ბოლოთი იგი ყვრიმალის ძვალთან ერთდება ყვრიმალ-ზედაყბის ნაკერით – sutura zygomaticomaxillaris.

სასისეული მორჩი – processus palatinus, წარმოადგენს ჰორიზონტალურად მდებარე ფირფიტას, რომელიც სასის ძვლის ჰორიზონტალურ ფირფიტასთან ერთად წარმოქმნის ძვლოვან ძგიდეს ცხვირისა და პირის ღრუებს შორის. ორივე ზედაყბის ძვალი სასისეული მორჩების შიგნითა ხორკლიანი კიდეებით ერთდებიან ერთმანეთთან სასის შუა ნაკერით – sutura palatina mediana. სასის ნაკერში სასისეული მორჩები წარმოქმნიან წვეტიან გამონაშვერს, რომელიც მიმართულია ცხვირის ღრუსაკენ – ე. წ. ცხვირისეულ ქედი – crista nasalis. სასისეული მორჩი სუკანა კიდე უკავშირდება სასის ძვლის ჰორიზონტალური ნაწილის წინა კიდეს და წარმოქმნის სასის განივ ნაკერს – sutura palatina transversa. სასისეული მორჩების ზედა ზედაპირი სადაა. ქვედა ზედაპირი ხორკლიანია და მასზე აღინიშნება ორი  სასის ღარები – sulci palatini, რომლებიც ერთმანეთისაგან განცალკევებულნი არიან სასის წვეტებით – spinae palatinae. მარჯვენა და მარცხენა სასისეული მორჩებს შუა წინა კიდესთან, მდებარეობს საჭრელი არხი – canalis incisivus. კბილბუდეთა მორჩი – processus alveolaris, მიმართულია ქვევით, გამოდის ძვლის სხეულის ქვედა კიდიდან; ამ მიდამოს ქვედა ზედაპირი, ალვეოლური რკალი – arcus alveolaris შეიცავს კბილბუდეებს – alveoli dentales, (8 კბილბუდე) რომლებშიც მოთავსებულია კბილის ფესვები. ბუდეები ერთმანეთისაგან განცალკევებულნი არიან კბილბუდეთა ძგიდეებით – septa interalveolaria. კბილბუდეთა მორჩის წინა ზედაპირს, შესაბამისად 5 წინა კბილბუდით, აქვს განივი კბილბუდეთა შემაღლებანი – juga alveolaria. ორივე კბილბუდეთა მორჩი უერთდებიან ერთმანეთს ზედაყბის ძვალთაშუა ნაკერით – sutura intermaxillaris.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.