ენდოკრინული სისტემა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ენდოკრინული სისტემა Endocrine system

ენდოკრინული სისტემა – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და სპეციალიზირებული სტრუქტურების ერთობლიობაა და წარმოადგენს ორგანიზმის ერთ-ერთ ძირითად მარეგულირებელ სისტემას. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს არა აქვთ სადინარი – ductus და მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერება, ანუ ინკრეტი პირდაპირ გადადის სისხლში და ლიმფაში. ენდოკრინულ სისტემაში შემავალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და სპეცილიზირებული სტრუქტურები ლოკალიზებულნი არიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ასევე სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში და ფუნქციურად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან.

ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები:
1. ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები;
2. ჰიპოფიზი – Hypophysis
3. ჯალღუზისებრი სხეული – Corpus pineale
ინფორმაციას ღებულობენ ცენტრალური ნერვული სისტემიდან და გადასცემენ მას ჰიპოფიზს.

ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოებია:
ა) ჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები: ფარისებრი ჯირკვალი – glandula thyroidea, თირკმლზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება – cortex glandula suprarenalis, სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები;

ბ) ჯირკვლები, რომლებიც დამოკიდებულნი არ არიან ჰიპოფიზზე: თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება – Medulla glandula suprarenalis, ფარისებრახლო ჯირკვლები – glandula parathyroidea, პანკრეასის კუნძულები – insulae pancreatis და სხვა ორგანოთა ჰორმონმაპროდუცირებელი უჯრედები.

ენდოკრინული სისტემის ფუნქციურ – სტრუქტურული ელემენტების განხილვისას არჩევენ ქსოვილთა ორ ტიპს: ნეიროსეკრეციულ სისტემასა და სპეციალიზირებულ ეპითელურ ჯირკვლებს. მათ შორის შუალედული ადგილი უკავია თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.