დიაფრაგმა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. შუასაძგიდი, ანუ დიაფრაგმა Diaphragma    Diaphragm

შუასაძგიდი, ანუ დიაფრაგმა – diaphragma, კენტი, განიერი კუნთია, აქვს გუმბათისებრი ფორმა და ხურავს გულმკერდის ქვედა ხვრელს; დიაფრაგმა ერთმანეთისაგან განაცალკევებს გულმკერდისა და მუცლის ღრუებს. დიაფრაგმის კუნთოვანი ნაწილის კონები იწყება გულმკერდის ქვემო ხვრელის – apertura thoracis inferior შიგნითა კიდეებიდან; დიაფრაგმაში არჩევენ: მკერდისეულ ნაწილს – pars sternalis, ნეკნებისეულ ნაწილს – pars costalis და წელისეულ ნაწილს – pars lumbalis. დიაფრაგმის მკერდისეული ნაწილი – pars sternalis diaphragmatis მისი ყველაზე მცირე შემადგენელი ნაწლია; იწყება მახვილისებრი მორჩის უკანა ზედაპირიდან და გადადის მყესოვან ცენტრში. დიაფრაგმის ნეკნებისეული ნაწილი – pars costalis diaphragmatis დიაფრაგმის ყველაზე დიდი შემადგენელი ნაწილია და იწყება ქვედა 6 ნეკნის ძვლოვანი და ხრტილოვანი ნაწილების შიგა ზედაპირებიდან; მისი კონები მიემართებიან ზემოთ და შიგნით და გადადიან მყესოვან ცენტრში. დიაფრაგმის წელისეული ნაწილი – pars lumbalis diaphragmatis იწყება წელის მალებიდან და შედგება ორი, მარჯვენა და მარცხენა ფეხისაგან – crus dextrum et crus sinistrum. თითოეული ფეხი იწყება წელის I-III (მარჯვნივ I-IV) მალის წინა გვერდითი ზედაპირიდან და მედიალური და ლატერალური რკალოვანი იოგებიდან – lig. arcuata mediale et laterale. მედიალური რკალოვანი იოგი – lig. arcuatum mediale რკალისებურად გადაჭიმულია სუკის დიდი კუნთის – m. psoas major წინა ზედაპირის ზემოთ, წელის პირველი მალის სხეულიდან განივ მორჩამდე. ლატერალური რკალოვანი იოგი – lig. arcuatum laterale გადაჭიმულია წელის კვადრატული კუნთის – m  quadratus lumborum ზემოთ, წელის პირველი მალის განივი მორჩიდან XII ნეკნამდე. შუა რკალოვანი იოგი – lig. arcuatum medianum კეტავს დიაფრაგმის აორტულ ხვრელს – hiatus aorticus.

დიაფრაგმა

დიაფრაგმის ფეხების მედიალური კუნთოვანი კონები მიმართებიან ზემოთ და ქმნიან აორტულ ხვრელს – hiatus aorticus, რომელშიც გადის აორტა და გულმკერდის ლიმფური სადინარი – ductus thoracicus. უფრო ზემოთ და მედიალურად დიაფრაგმის ფეხების კუნთოვანი კონები შემოსაზღვრავენ მეორე, საყლაპავის ხვრელს – hiatus esophageus, – საყლაპავი მილისათვის – esophagus ორი ცთომილი ნერვისათვის – nn. vagi. დიაფრაგმის წელისეული ნაწილის ფეხებში არის კიდევ ორი წყვილი ხვრელი – ერთში, მარჯვნივ გადის კენტი ვენა – v. azygos, და შიგნეულობის დიდი და მცირე ნერვები – nn. Splanchnici, major et minor, მარცხნივ – ნახევრად კენტი ვენა – v. hemiazygos და იგივე ნერვები, და მეორე ხვრელში კი გადის სიმპათიკური წველი – truncus sympathicus. დიაფრაგმის მკერდისეულ და ნეკნებისეულ ნაწილებს შორის, ასევე ნეკნებისეულ და წელისეულ ნაწილებს შორის აღინიშნება მეტ-ნაკლებად გამოხატული სამკუთხა ფორმის ხვრელები.
დიაფრაგმის კუნთოვანი კონები მიემართებიან ცენტრისაკენ, გადადიან მყესებში და ქმნიან მყესოვან ცენტრს – centrum tendineum. დიაფრაგმის ამ უბანს სამყურას ფორმა აქვს, რომლის ერთი ფურცელი წინაა მიმართული (მასზე ძევს გული), დანარჩენი ორი ფურცელი კი გვერდებზეა (მათზე განლაგებულია ფილტვები). მყესოვანი ცენტრის უკანა ნაწილში, შუა ხაზიდან მარჯვნივ, მდებარეობს ღრუ ვენისეული ხვრელი – foramen venae cavae inferioris, რომელიც გადის ქვემო ღრუ ვენა.
დიაფრაგმის მკერდისმხრივი და მუცლისმხრივი ზედაპირები დაფარულია ფასციებით; ამ ფასციებს თავის მხრივ ფარავს პლევრისქვეშა და მუცლისქვეშა შემართებელი ქსოვილი, რომელიც წარმოადგენს სეროზული საფარველის საფუძველს პერიტონეუმის პარიეტული ფურცლისათვის – მუცლის ღრუს მხრიდან, და პლევრის პარიეტული ფურცლისათვის და გულის პერანგისათვის – გულმკერდის ღრუს მხრიდან.

დიაფრაგმა

დიაფრაგმის გულმკერდისმხრივ ზედაპირს ესაზღვრება ფილტვები და გული, მუცლისმხრივ ზედაპირს – ღვიძლი, კუჭი, ელენთა; ხოლო დიაფრაგმის იმ უბნებს, რომლებსაც არ ფარავს პერიტონეუმის პარიეტული ფურცელი – პანკრეასი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თირკმელი და თირკმელზედა ჯირკვალი.
მთლიანად დიაფრაგმას მოდუნებულ მდგომარეობაში აქვს გაჭრილი სფეროს ფორმა, რომელიც გამობერილობით გულმკერდისკენაა მიმართული; მასზე არჩევენ ორ გუმბათს – მარჯვენა და მარცხენას. მამილარულ ხაზზე გუმბათების სიმაღლე მარჯვნივ აღწევს მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეს, მარცხნივ კი – მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეს.
მოქმედება: დიაფრაგმა წარმოადგენს მთავარ სასუნთქ კუნთს; შეკუმშვის დროს მისი გუმბათი ცოტა ქვემოთ იწევს და ხელს უწყობს ჩასუნთქვას, ამოსუნთქვისას კი ზემოთ იწევს და სფერულ ფორმა ღებულობს.
ინერვაცია: nn. phrenici (C3-C5).
სისხლმომარაგება: aa. pericardiacophrenicae, phrenicae superiores, phrenicae inferiores, musculophrenicae.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.