გულმკერდის აორტა

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის აორტა Aorta thoracica Thoracic aorta

ლალი დათეშიძე

გულმკერდის აორტა – aorta thoracica, მოთავსებულია უკანა შუასაყარში, უშუალოდ ხერხემლის სვეტზე. ზემო ნაწილში იგი მდებარეობს ხერხემლის სვეტის მარცხნივ, მიემართება ქვემოთ, თანდათან გადადის მარჯვნივ, გულმკერდის მე-12 მალის დონეზე გაივლის შუასაძგიდის აორტულ ხვრელს – Hiatus aorticus და შედის მუცლის ღრუში, საიდანაც მას უკვე მუცლის აორტა – aorta abdominalis ეწოდება. გულმკერდის აორტის მარჯვნივ მოთავსებულია გულმკერდის სადინარი – ductus thoracicus, და კენტი ვენა – v. azygos, მარცხნივ – ნახევრად კენტი ვენა – v. hemiazygos, წინ – მარცხენა ბრონქი. საყლაპავის ზემო მესამედი მოთავსებულია აორტის მარჯვნივ, შუა – წინ, ქვემო – მარცხნივაა.

გულმკერდის აორტა

როგორც გულმკერდის, ასევე მუცლის აორტას გამოეყოფა ორგვარი არტერიები – ღრუების კედლის მკვებავი სისხლძარღვები, ანუ პარიეტული ტოტები – rami parietales და შინაგანი ორგანოების მკვებავი – ვისცერული ტოტები – rami viscerales.

გულმკერდის აორტის პარიეტული ტოტებია:
შუასაძგიდის ზემო არტერიები – aa.. phrenicae superiores (2) გამოდიან აორტის ქვემო ნაწილის წინა კედლიდან და მიემართებიან შუასაძგიდის წელის ნაწილის ზემო ზედაპირისაკენ.
ნეკნთაშუა უკანა არტერიები (III-XI)  – aa.. intercostales posteriores (III-XI), 10 წყვილი, საკმაოდ ძლიერი სისხლძარღვებია; გამოდიან გულმკერდის აორტის უკანა ზედაპირიდან მის მთელ გაყოლებაზე; მათგან 9 მდებარეობს ნეკნთაშუა სივრცებში – მესამედან მეთერთმეტეს ჩათვლით, ხოლო ყველაზე ქვედები მიემართებიან მეთორმეტე ნეკნების ქვემო ნაპირის გასწვრივ; მათ ნეკნქვეშა არტერიები – aa.. subcostales ეწოდება. მარჯვენა ნეკნთაშუა არტერიები უფრო გრძელებია მარცხენა ნეკნთაშუა არტერიებზე, ვინაიდან აორტა ამ ადგილას ასიმეტრიულად, ხერხემლის მარცხენა ზედაპირზეა მოთავსებული. აღწევენ რა ნეკნების თავებს, თითოეული ნეკნთაშუა არტერია იყოფა ორ ტოტად: დორსალური ტოტი – ã. dorsalis, და მეორე შედარებით ძლიერი – წინა ტოტი, ანუ საკუთრივ ნეკნთაშუა არტერია.

ა) დორსალური ტოტი – ã. dorsalis, მიემართება ნეკნის ყელის ქვეშ; მალთაშუა ხვრელების გავლით ზურგის ტვინისაკენ გზავნის ზურგის ტვინის ტოტს – ã. spinalis, რომელიც ხერხემლის არხში ქმნის ანასტომოზს ზემოთ და ქვემოთ მდებარე თანამოსახელე სისხლძარღვებთან და მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ტოტთან; შედეგად ზურგის ტვინის ირგვლივ იქმნება ერთგვარი არტერიული წრე. იგი სისხლით ამარაგებს ასევე ზურგის ტვინის გარსებსა და მალებს. უკანა ტოტების საბოლოო ღეროები მიემართებიან უკან და იძლევიან კუნთოვან ტოტებს. შემდეგ თითოეული საბოლოო ღერო იყოფა ორ ტოტად: 1. კანის მედიალურ ტოტი – ã. cutaneus medialis, რომელიც სისხლით ამარაგებს წვეტიანი მორჩების მიდამოში კანს და გზავნის წვრილ კუნთოვან ტოტებს ნახევრად წვეტიანი კუნთისა – m.. semispinalis და უგრძესი კუნთისაკენ – m. longissimus; და 2. კანის ლატერალური ტოტი – cutaneus lateralis, რომელიც კვებავს ზურგის გვერდითი ნაწილების კანს, ასევე გზავნის ტოტებს თეძო – ნეკნების კუნთისაკენ – m. iliocostalis.

ბ) ნეკნთაშუა არტერიის წინა ტოტი, რომელიც წამოადგენს საკუთრივ ნეკნთაშუა არტერიას, მიემართება ზემოთ და წვება ნეკნთაშუა გარეთა კუნთის – m. intercostales externi შიგნითა ზედაპირზე; ნეკნების კუთხეების მიდამოში ნეკნთაშუა არტერია იყოფა ნეკნქვეშა და ნეკნზედა ტოტებად. ნეკნქვეშა ტოტი შედარებით მსხვილია, წვება sulcus costae-ში;  შედარებით წვრილი ნეკნზედა ტოტი კი მიემართება ქვემოთ მდებარე ნეკნის ზემო კიდეზე. დაწყებული ნეკნების კუთხეებიდან ორივე ტოტი მიემართება ნეკნთაშუა სირცეში ნეკნთაშუა გარეთა და შიგნითა კუნთებს შორის და ქმნიან ანასტომოზებს გულმკერდის შიგნითა არტერიის – a. thoracicae internae ნეკნთაშუა წინა ტოტებთან – ãã. intercostales anteriores, ხოლო პირველი ნეკნთაშუა არტერია ქმნის ანასტომოზს ნეკნთაშუა ზემდებარე არტერიასთან – a. intercostalis suprema. VII-დან – XII-მდე ნეკნთაშუა არტერიებიდან გამომავალი ტოტები გადაკვეთენ ნეკნთა რკალის კიდეს, კვებავენ მუცლის კუნთებს და ქმნიან ანასტომოზებს ზემო და ქვემო ეპიგასტრულ არტერიებთან – aa.. epigastricae superior et inferior.

თავის გზაზე ნეკნთაშუა არტერია იძლევა სამი სახის ტოტს: 1. კანის ლატერალურ ტოტები – rr. cutanei laterales, რომლებიც გამოდიან კანქვეშა შრეში; 2. კანის მედიალური ტოტები – rr. cutanei mediates, და 2. სარძევე ჯირკვლის ტოტები – rr. mammarii, რომლებიც გამოდიან IV, V და VI ნეკნთაშუა არტერიებიდან.

გულმკერდის აორტის ვისცერული ტოტებია:

1. ბრონქული ტოტები – rr. bronchiales, ორი ან სამი, გამოდიან გულმკერდის აორტის დასაწყისი ნაწილის წინა კედლიდან; ეს ტოტები შედიან ფილტვის კარში და იტოტებიან ბრონქებთან ერთად. ბრონქული ტოტების საბოლოო ტოტები მიემართებიან ბრონქული ლიმფური კვანძებისაკენ, პერიკარდისაკენ, პლევრისა და საყლაპავისაკენ.
2. საყლაპავი მილის ტოტები – rr. esophagei, (3 – 6 ტოტი) მიემართებიან საყლაპავისაკენ და იტოტებიან მასში ასწვრივი და დასწვრივი ტოტებით. ქვემო ნაწილში საყლაპავის ტოტები ეანასტომოზებიან კუჭის მარცხენა არტერიას – a. gastrica sinistra, ხოლო ზემოთ – ფარისებრ ქვემო არტერიას – a. thyroidea inferior.
3. შუასაყარის ტოტები – rr. mediastinales, მრავალრიცხოვანი წვრილი ტოტებია; გამოდიან აორტის გვერდითი და წინა კედლებიდან და კვებავენ შუასაყარის შემაერთებელ ქსოვილსა და ლიმფურ კვანძებს.
4. გულის პერანგის (პერიკარდის) ტოტები – rr. pericardiaci, წვრილი ტოტებია; მათი რაოდენობა ცვალებადია; მიემართებიან პერიკარდის (გულის პერანგის) უკანა კედლისაკენ და კვებავენ მას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.