ადამიანის ნორმალური ანატომია. გულის სისხლძარღვები
ლალი დათეშიძე
გულის კედელს კვებავს ორი არტერია: მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria dextra, და მარცხენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria sinistra; ორივე არტერია წარმოადგენს აორტის პირველ ტოტებს.
მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria dextra, გამოდის აორტიდან, მარჯვენა სინუსის დონეზე, გაივლის მარჯვენა ყურის ქვეშ, წვება გვირგვინოვან ღარში, შემოუხვევს უკან, აღწევს უკანა პარკუჭთაშუა ღარს და გრძელდება პარკუჭთაშუა უკანა ტოტის – ramus interventricularis posterior სახით, რომელიც ჩაეშვება გულის მწვერვალამდე. გზადაგზა იგი უგზავნის ტოტებს მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭს, ასევე წვრილ ტოტებს წინაგულ – პარკუჭის კონას. პარკუჭთაშუა უკანა ღარის შუა და ქვემო მესამედის საზღვარზე სისხლძარღვი შედის მიოკარდიუმის სისქეში. იგი სისხლით ამარაგებს პარკუჭთაშუა ძგიდის უკანა ნაწილს და, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა პარკუჭის უკანა კედლებს. პარკუჭთაშუა ღარში გადასვლის ადგილას ძირითადი ტოტიდან გამოდის მსხვილი ტოტი, რომელიც გვირგვინოვანი ღარით გადადის გულის მარცხენა ნახევარში და თავისი ტოტებით კვებავს მარცხენა წინაგულისა და მარცხენა პარკუჭის უკანა კედლებს.
მარცხენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria sinistra, მარჯვენასთან შედარებით უფრო მსხვილია; გამოდის აორტის მარცხენა სინუსის დონეზე, წვება ფილტვის ღეროს დასაწყისსა და მარცხენა ყურს შორის და მიიმართება გვირგვინოვანი ღარის მარცხენა ნაწილისაკენ. ჯერ კიდევ ფილტვის ღეროს უკან იყოფა ორ ტოტად: პარკუჭთაშუა წინა ტოტი – ã. interventricularis anterior, და შემომხვევი ტოტი – ã. circumflexus. პარკუჭთაშუა წინა ტოტი წარმოადგენს ძირითადი ტოტის გაგრძელებას და ეშვება წინა პარკუჭთაშუა ღარით გულის მწვერვალისაკენ, შემდეგ შედის პარკუჭთაშუა უკანა ღარის საბოლოო ნაწილში; იგი ვერ აღწევს პარკუჭთაშუა უკანა ტოტამდე და შედის მიოკარდის სისქეში. გზადაგზა იგი გზავნის ტოტებს არტერიული კონუსისაკენ, მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების კედლებისაკენ, შედარებით მსხვილ ტოტებს – პარკუჭთაშუა ძგიდის წინა ნაწილსაკენ და მთლიანად კვებავს გულის მწვერვალს. პარკუჭთაშუა წინა ტოტი დასაწყისში იძლევა ე. წ. დიაგონალურ არტერიას, რომელიც ზოგჯერ იწყება მარცხენა გვირგვინოვანი არტერიის ძირითადი ღეროდან. მარცხენა პარკუჭის წინა კედელზე იგი იტოტება. შემომხვევი ტოტი – ã. circumflexus, გამოდის მარცხენა ყურის ქვემოდან, წვება გვირგვინოვან ღარში, მიიმართება გულის მარცხენა კიდისაკენ და შემდგომ გვირგვინოვანი ღარის უკანა ნაწილით გულის შუასაძგიდისმხრივი ზედაპირსაკენ, სადაც იგი იძლევა მსხვილ ტოტს, რომელიც კვებავს მარცხენა პარკუჭის წინა და უკანა კედლებს; მარცხენა პარკუჭის კედელზე ჩაეშვება გულის მწვერვალსაკენ, მაგრამ მწვერვალამდე ვერ აღწევს. გზაზე იგი ტოტებს უგზავნის მარცხენა ყურის, მარცხენა წინაგულისა და მარცხენა პარკუჭის კედლებს. ამგვარად, მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია სისხლით ამარაგებს ფილტვის ღეროს, აორტის, მარჯვენა და მარცხენა წინაგულების, მარჯვენა პარკუჭის კედელებს, მარცხენა პარკუჭის უკანა კედელს, წინაგულთაშუა და პარკუჭთაშუა ძგიდეებს. მარცხენა გვირგვინოვანი არტერია სისხლით ამარაგებს ფილტვის ღეროს, აორტის, მარჯვენა და მარცხენა წინაგულების კედლებს, მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების წინა კედლებს, მარცხენა პარკუჭის უკანა კედელს, წინაგულთაშუა და პარკუჭთაშუა ძგიდეებს. გულის გვირგვინოვანი არტერიები ქმნიან ანასტომოზებს ერთმანეთთან თითქმის ყველა ნაწილში, გარდა გულის კიდეებისა, რომლებიც სისხლით მარაგდებიან მხოლოდ შესაბამისი არტერიებით. გარდა ინტერკორონარული ანასტომოზებისა, გულში კარგადაა განვითარებული ერთი და იგივე არტერიის ტოტების ანასტომოზები (ინტრაკორონარული). გულის არტერიები, განსაკუთრებით პარკუჭების მიდამოში, იმეორებენ კუნთოვანი კონების მიმართულებას. მიოკარდის გარეთა და ღრმა შრეების, ასევე დვრილისებრი კუნთების მიდამოში, არტერიები მიიმართებიან გულის გრძივი ღერძის გასწვრივ, ხოლო მიოკარდის შუა შრეში ისინი ღებულობენ განივ მიმართულებას.
გულის ვენების უმეტესი ნაწილი სისხლს კრებს განსაკუთრებულ რეზერვუარში – გვირგვინოვან სინუსში – sinus coronarius, რომელიც იხსნება მარჯვენა წინაგულის უკანა ნაწილში, ქვემო ღრუ ვენის ხვრელსა და მარჯვენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელს შორის.
გვირგვინოვანი სინუსი – sinus coronarius გულის ვენური სისხლის მთავარი კოლექტორია; იგი წარმოადგენს გულის დიდი ვენის ერთგვარ გაგრძელებას მის შუასაძგიდისმხრივ ზედაპირზე; მდებარეობს უკანა გვირგვინოვანი ღარის მარცხენა ნაწილში; მისი სიგრძე აღწევს 2 – 3 სმ. მარჯვენა წინაგულში გვირგვინოვანი სინუსის ხვრელში მდებარეობს გვირგვინოვანი სინუსის სარქველი – valvula sinus coronarii.
1. გულის დიდი ვენა – v. cordis magna, იწყება გულის მწვერვალის წინა ზედაპირზე. თავდაპირველად იგი მდებარეობს წინა პარკუჭთაშუა ღარში მარცხენა გვირგვინოვანი არტერიის დასწვრივი ტოტის გვერდით. აღწევს გვრიგვინოვან ღარს, თავსდება მასში და მიიმართება გულის მარცხენა კიდემდე. დიდი ვენა წვება გვირგვინოვანი ღარის შუასაძგიდის ნაწილში და გადადის გვირგვინოვან სინუსში. გულის დიდ ვენაში იხსნება ორივე პარკუჭის წინა კედლის ვენები, პარკუჭთაშუა ძგიდის და ზოგჯერ – მარცხენა პარკუჭის უკანა ვენა.
2. მარცხენა წინაგულის ირიბი ვენა – v. obliaua atrii sinistri, იწყება მარცხენა წინაგულის ლატერალურ კედელზე და მიიმართება მარცხნიდან მარჯვნივ ქვემოთ, პატარა ტოტი სახით პერიკარდის ნაოჭში. მიიმართება რა ქვემოთ და უკან მარცხენა წინაგულის უკანა კედელზე, იგი გადადის გვირგვინოვან სინუსში.
3. მარცხენა პარკუჭის უკანა ვენა – v. posterior ventriculi sinistri, იწყება მარცხენა პარკუჭის უკანა გვერდით კედელზე, მიიმართება ზემოთ და იხსნება გულის დიდ ვენაში, ან უშუალოდ გვირგვინოვან სინუსში.
4. გულის შუა ვენა – v. cordis media, იწყება გულის მწვერვალის უკანა ზედაპირის მიდამოში, წვება უკანა გასწვრივ ღარში, მარჯვენა გვირგვინოვანი არტერიის პარკუჭთაშუა ტოტის გვერდით და იხსნება გვირგვინოვანი სინუსის მარჯვენა ბოლოში. თავის გზაზე შუა ვენა კრებს ტოტებს ორივე პარკუჭის უკანა კედლებიდან. გულის ნაჭდევის მიდამოში გულის შუა ვენა ქმნის ანასტომოზს გულის დიდ ვენასთან.
5. გულის მცირე ვენა – v. cordis parva, იწყება მარჯვენა პარკუჭისა და მარჯვენა წინაგულის მარჯვენა კიდეზე, წვება გვირგვინოვანი ღარის უკანა ნაწილში და იხსნება გვირგვინოვანი სინუსის მარჯვენა ბოლოში, ან დამოუკიდებლად იხსნება მარჯვენა წინაგულის ღრუში, ზოგჯერ გულის შუა ვენაში.
6. გულის წინა ვენები – vv. cordis anteriores, დასაბამს ღებულობენ მარჯვენა პარკუჭის წინა და გერდითი კედლებიდან, მიიმართებიან ზემოთ და მარჯვნივ გვირგვინოვანი სინუსისაკენ და იხსნებიან დამოუკიდებლად მარჯვენა წინაგულში.
7. გულის უმცირესი ვენები – vv. cordis minimae, სისხლს კრებენ გულის სხვადასხვა ნაწილებიდან და იხსნებიან უმცირესი ვენების ხვრელებით – foramina venarum minimarum მარჯვენა, ზოგჯერ კი მარცხენა წინაგულში, ასევე პარკუჭში.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.