ბრონქები

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ბრონქები (bronchus, მხ. რიცხვი; ბერძ. Bronchos სასუნთქი ყელი) – ჰაერგამტარი გზების ნაწილი: ტრაქეის მილისებური ტოტები, რომლებიც მას აერთებენ ფილტვების სასუნთქ ზედაპირთან.

ანატომია. გულმკერდის V-VI მალის დონეზე ტრაქეა იყოფა მარჯვენა და მარცხენა მთავარ ბრონქებად. ისინი შედიან შესაბამის ფილტვებში, სადაც განიცდიან 16–18–გზის დაყოფას და ქმნიან ბრონქულ ხეს, რომლის განივი კვეთის ფართობი საბოლოო განტოტების დონეზე 4720–ჯერ მეტია, ვიდრე ტრაქეის დონეზე და შეადგენს 11800 სმ2.მარჯვენა მთავარ ბრონქს უკავია შედარებით უფრო ვერტიკალური მდებარეობა, უფრო მოკლე და განიერია, ვიდრე მარცხენა. მარჯვენა მთავარი ბრონქის სიგრძე შეადგენს 2–3 სმ, დიამეტრი – 1,5–2,5 სმ, იგი, როგორც წესი, მოიცავს 6–8 ჩაუკეტავ ხრტილოვან რგოლს. მარცხენა მთავარი ბრონქის სიგრძე 4–6 სმ–ია, დიამეტრი – 1–2 სმ, ის მოიცავს 9–12 ჩაუკეტავ ხრტილოვან რგოლს. ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, ბრონქები უფრო ვიწრო და მოკლეა.

მარჯვენა მთავარი ბრონქი ზემოთა ზედაპირით ესაზღვრება კენტ ვენას და ტრაქეობრონქულ ლიმფურ კვანძებს; უკანა ზედაპირით – მარჯვენა ცდომილ ნერვს, მის ტოტებს და მარჯვენა ბრონქულ არტერიას, საყლაპავს და გულმკერდის ლიმფურ სადინარს; ქვემოთა ზედაპირით – ბიფურკაციულ ლიმფურ კვანძებს; წინა ზედაპირით – ფილტვის არტერიას და პერიკარდიუმს. მარცხენა მთავარი ბრონქი ზემოდან ესაზღვრება აორტის რკალს და ტრაქეობრონქულ ლიმფურ კვანძებს; უკნიდან – დაღმავალ აორტას, მარცხენა ცდომილ ნერვს და მის ტოტებს; წინიდან – მარცხენა ბრონქულ არტერიას, ფილტვის ვენებს, პერიკარდიუმს; ქვემოდან – ბიფურკაციულ ლიმფურ კვანძებს. შედიან რა ფილტვების შემადგენლობაში, მთავარი ბრონქები თანმიმდევრულად იყოფიან თავდაპირველად წილოვან, შემდგომ კი სეგმენტურ ბრონქებად. მარჯვენა მთავარი ბრონქი წარმოქმნის ზედა, შუა და ქვედა წილოვან ბრონქებს, ზედა წილოვანი ბრონქი იყოფა მწვერვალის, უკანა და წინა სეგმენტურ ბრონქებად (BI, BII, BIII), შუა წილოვანი ბრონქი იყოფა ლატერალურ და მედიალურ სეგმენტურ (BIV, BV) ბრონქებად, ქვედა წილოვანი – მწვერვალის (ქვემოთა), მედიალურ (გულისმხრივ) ბაზალურ, წინა ბაზალურ, ლატერალურ ბაზალურ, უკანა ბაზალურ (BVI, BVII, BVIII, BIX, BX) სეგმენტურ ბრონქებად. მარცხენა მთავარი ბრონქი იყოფა ზედა და ქვედა წილოვან ბრონქებად. ზედა წილოვანი ბრონქი ქმნის უკანა–მწვერვალის, წინა, უკანა–ენისებურ, ქვედა–ენისებურ სეგმენტურ ბრონქებს (BI-II, BIII, BIV, BV). ქვედა წილოვანი – მწვერვალის (ზედა), მედიალურ (გულისმხრივ) ბაზალურ (რომელიც ჩვეულებრივ არ გვხვდება), წინა ბაზალურ, ლატერალურ და უკანა ბაზალურ სეგმენტურ ბრონქებს (BVI, BVII, BVIII, BIX, BX).

სეგმენტური ბრონქები იყოფიან სუბსეგმენტურ, შემდგომ კი მე–4–8 რიგის ბრონქებად. ყველაზე წვრილი – წილაკოვანი ბრონქები (დაახლოებით 1 მმ დიამეტრის) იყოფიან ფილტვის წილაკში. წილაკოვანი ბრონქები იყოფიან საბოლოო (ტერმინალურ) ბრონქიოლებად, რომლებიც, თავის მხრივ, მთავრდებიან სასუნთქი (რესპირატორული) ბრონქიოლებით, ეს უკანასკნელნი კი გადადიან ალვეოლურ გზებში და ალვეოლებში. სასუნთქი ბრონქიოლები, ალვეოლური გზები და ალვეოლები ქმნიან ფილტვის სასუნთქ პარენქიმას.
ბრონქების სისხლმომარაგება ხორციელდება გულმკერდის აორტიდან გამომავალი არტერიული ბრონქული ტოტებით, აგრეთვე საყლაპავის არტერიებით. ვენური სისხლი ჩაედინება კენტ და ნახევრადკენტ ვენებში. ბრონქებიდან გამომავალი ლიმფური სადინრები ჩაედინებიან ფილტვის, ტრაქეობრონქულ და ბიფურკაციულ ლიმფურ კვანძებში. ბრონქების ინერვაცია ხორციელდება ფილტვის წინა და უკანა ნერვული წნულებისგან გამომავალი ტოტებით. ეფერენტული ვეგეტაციური ბოჭკოების ტოტები ბრონქების გლუვი კუნთების უჯრედების ზედაპირზე მთავრდება სინაფსებით. პარასიმპათიკური ნერვული დაბოლოებების მედიატორს წარმოადგენს აცეტილქოლინი, რომლის ზეგავლენაც გლუვკუნთოვანი უჯრედების ქოლინერგულ რეცეპტორებზე იწვევს ბრონქების სპაზმს. ანალოგიური ეფექტი გააჩნია ბრონქების α–ადრენორეცეპტორების აქტივაციას. ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის ზემოქმედება განპირობებულია კატექოლამინებით (ძირითადად ადრენალინით) და რეალიზდება ბრონქების გლუვი კუნთების α და β2 –ადრენორეცეპტორების მეშვეობით. β2–ადრენორეცეპტორების აგზნება იწვევს ბრონქების გაფართოებას.

ფიზიოლოგია. ბრონქების უმნიშვნელოვანესს ფუნქციას წარმოადგენს ჰაერის გატარება ფილტვის სასუნთქი პარენქიმისკენ და პირიქით, აგრეთვე სასუნთქი სისტემის პერიფერიული ნაწილების დაცვა მათში მტვრის ნაწილაკების, მიკროორგანიზმების, გამაღიზიანებელი აირების მოხვედრისგან. ბრონქებში გამავალი ჰაერის ნაკადის რეგულაცია ხორციელდება ალვეოლებში და გარემოში არსებული ჰაერის წნევებს შორის სხვაობების ცვლილებების ხარჯზე, რაც მიიღწევა სასუნთქი კუნთების მუშაობით. რეგულაციის სხვა მექანიმზს წარმოადგენს ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსის ნერვული რეგულაციის გზით მათი სანათურის დიამეტრის ცვლილებები. ნორმაში, ჩასუნთქვის დროს, ბრონქის სანათურის დიამეტრი მატულობს, ხოლო ამოსუნთქვის დროს – მცირდება. ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსის რეგულაციის დარღვევა საფუძვლად უდევს სასუნთქი სისტემის ორგანოების მრავალი დაავადების განვითარებას (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი და სხ.).

მტვრის უმცირესი ნაწილაკების და მიკროორგანიზმების ორგანიზმიდან გამოდევნა (ბრონქების დრენაჟული ფუნქცია) ხორციელდება მუკოცილიარული ტრანსპორტის გზით: ბრონქების ბოკალისებური უჯრედების და ლორწოვანი ჯირკვლების სეკრეტი თხელი შრით (5–7 მკმ) ფარავს ეპითელიუმის წამწამების ზედაპირს, რომლებიც სინქრონულად ირხევიან 160–250–ჯერ წუთში და უზრუნველყოფენ ლორწოს მუდმივ მოძრაობას მასზე დალექილ უცხო ნაწილაკებთან ერთად ტრაქეის და ხორხის მიმართულებით. პირხახაში მოხვედრისას, ჩვეულებრივ, ხდება ლორწოვანი სეკრეტის გადაყლაპვა. ნორმაში, ბრონქებში დალექილი ნაწილაკების (მაგ., მტვერი, ბაქტერიები) ბრონქების ლორწოვანი სეკრეტთან ერთად ტრაქეაში გამოყოფა ხდება 1 საათის განმავლობაში. მკვრივი ნაწილაკების და გამაღიზიანებელი აირების სასუნთქი გზებიდან გამოდევნა ხორციელდება ხველის დროს. ბრონქებში შესაძლებელია განხორციელდეს რიგი მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაცია, მათ ლორწოვან გარსს გააჩნია ენდოგენური წარმოშობის ზოგიერთი ნაერთის გამოყოფის უნარი. ბრონქოასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასუნთქი სისტემის დაცვის იმუნური მექანიზმების ჩამოყალიბებაში.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.