ართროლოგია

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ართროლოგია Arthrology

ძვალთა შეერთების – juncturae ossium ორი ჯგუფი არსებობს: უწყვეტი და წყვეტილი. უწყვეტი, ანუ ფიბროზული შეერთების – junctura flbrosa დროს ძვლებს შორის კავშირი ხორცილდება ამა თუ იმ ტიპის შემაერთებელი ქსოვილით; იმის, მიხედვით, თუ რა ტიპის ქსოვილით უკავშირდებიან ძვლები ერთმანეთს, არჩევენ უწყვეტი შეერთების შემდეგ სახეებს: 1. ძვალთა შეერთება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით – სინდესმოზი – syndesmosis; 2. ძვალთა შეერთება ხრტილოვანი ქსოვილით, – ხრტილოვანი შეერთება – junctura cartilaginea, ანუ სინქონდროზი – synchondrosis; 3. ძვალთა შეერთება ძვლოვანი ქსოვილით – სინოსტოზი – synostosis.
ძვლების წყვეტილი შეერთება, ანუ სახსარი (სინოვიური შეერთება) – articulatio (junctura synovialis) – ხასიათდება იმით, რომ ორ ან რამოდენიმე ძვალს შორის არსებობს სახსრის ღრუ – cavum articulare, რომელიც ჰერმეტულად დახურულია შემაერთებელქსოვილოვანი პარკით – სასახსრე ჩანთით – capsula articulares; წყვეტილი შეერთების დროს მოძრაობა გაცილებით უფრო თავისუფალია. სახსარს უწოდებენ მარტივს – articulatio simplex, როდესაც მის წარმოქმნაში მონაწილეობს ორი ძვალი, და რთულს – articulatio composita, – თუკი მის წარმოქმნაში მონაწილეობს ორზე მეტი ძვალი.

მოძრავ შეერთებებში არჩევენ შემდეგ წარმონაქმნებს: 1. სასახსრე ზედაპირები – facies articulares, ანუ, მოცემული სახსრის წარმოქმნაში მონაწილე ძვლების ის ზედაპირები, რომლებიც ენაწევრებიან ერთმანეთს; 2. სასახსრე ზედაპირების მფარავი სასახსრე ანუ ჰიალინური ხრტილი – cartilagines articulares; 3. სასახსრე ჩანთა – capsula articularis,- წარმოადგენს ბოჭკოვან შემაერთებელქსოვილოვან დახშულ პარკს, რომელიც ერთი ძვლის სასახსრე ნაპირიდან გადადის მეორე ძვლის სასახსრე ნაპირზე და გრძელდება ამ ძვლების ძვლისაზრდელაში. სასახსრე ჩანთის კედელი შედგება: ა) გარეთა, ბოჭკოვანი აპკისა – membrana fibrosa,  და შიგნითა სინოვიური აპკისაგან – membrana synovialis. სინოვიური აპკი სახსრის ღრუში გამოყოფს სინოვიურ სითხეს – სინოვიას – synovia; 4.  სახსრის ღრუ – cavum arliculare ძვლების სასახსრე ზედაპირებს შორის არსებული ვიწრო ნაპრალია, რომელიც ყველა მხრიდან ჩაკეტილია სასახსრე ჩანთით.
გარდა ზემოთ აღწერილი ოთხი ძირითადი წარმონაქმნისა, არსებობს ე. წ. დამხმარე წარმონაქმნები. მათ მიეკუთვნება: 1. იოგები – ligamenta – ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის კონებია, რომლებიც განლაგებულია სასახსრე ჩანთის ბოჭკოვანი (ფიბროზული) აპკის ზემოთ ან მის სისქეში, ზოგჯერ კი სახსრის ღრუში, სასახსრე ზედაპირებს შორისაა მოთავსებული;  გამომდინარე აქედან არსებობს: სახსარგარე იოგები – ligg. extracapsularia, და სახსარშიდა იოგები – ligg. inlracapsularia. ზოგიერთ სახსარს აქვს სასახსრე დისკო – disci articulares, და სასახსრე მენისკი – menisci articulares.  დისკო და მენისკი ხრტილის ფირფიტებია, რომლებიც მოთავსებულნი არიან სახსრის ღრუში, შენაწევრებული ძვლების სასახსრე ზედაპირებს შორის.

არჩევენ სახსარში მოძრაობის შემდეგ სახეებს:
1. მოძრაობა ფრონტალური (ჰორიზონტალური) ღერძის გარშემო – მოხრა – flexio და გაშლა – extensio;
2. მოძრაობა საგიტალური ღერძის გარშემო – მოზიდვა – adductio და განზიდვა abductio;
3. მოძრაობა ვერტიკალური ღერძის გარშემო – ბრუნვა – rotatio.

ბრუნვითი მოძრაობა შეიძლება იყოს შიგნით მიმართული (pronatio) და გარეთ მიმართული (supinatio). სფერულ სახსრებში, გარდა ზემოთ აღწერილი მოძრაობებისა, შეიძლება ასევე წრიული მოძრაობაც (circumductio), როდესაც ძვლის თავისუფალი ბოლო მოხაზავს წრეს, მთლიანად ძვალი კი – კონუსის ზედაპირს. სახსარს, რომელშიც მოძრაობა წარმოებს ერთი ღერძის გარშემო ერთღერძიანი ეწოდება; ორღერძიან სახსარში მოძრაობა ორი ღერძის გარშემო წარმოებს; არსებობს ასევე სამღერძიანი და მრავალღერძიანი სახსრების ჯგუფი, რომლებშიც მოძრაობა შესაძლებელია სამი ან მეტი ღეძის გარშემო.
მრავალღერძიან სახსარს მიეკუთვნება სფერული სასახსრე ზედაპირის მქონე სახსრები და მათ სფერული სახსარი – articulatio spheroidea ეწოდება; სამღერძიან სახსრების ჯგუფს მიეკუთვნება ბრტყელი სასახსრე ზედაპირის მქონე სახსრები, რომლებშიც მოძრაობა შესაძლებელია სამივე მიმართულებით, მაგრამ საკმაოდ შეზღუდულად, უმნიშვნელო ფარგლებში და მათ  ბრტყელი სახსრები – articulatio plana ეწოდება.
ორღერძიან სახსრებს მიეკუთვნება: 1. ელიფსური სახსარი – articulatio ellipsoidea, და 2. უნაგირა სახსარი – articulatio sellaris.
ერთღერძიანი სახსრებია: 1. ჭაღისებრი სახსარი – ginglymus, რომელშიც მოძრაობა (მოხრა და გაშლა) წარმოებს ფრონტალური ღერძის გარშემო, და მისი სახესხვაობა – ბურღისებრი სახსარი; 2. ცილინდრული სახსარი – articulatio trochoidea, რომელშიც მოძრაობა (ბრუნვა წარმოებს ვერტიკალური ღერძის გარშემო.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.