აორტა

ადამიანის ნორმალური ანატომია. აორტა Aorta

ლალი დათეშიძე

აორტააორტა – aorta, სხეულის ყველაზე მსხვილი სისხლძარღვია. აორტა გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან; მისი საწყისი მდებარეობს ფილტვის ღეროს უკან და შეესაბამება მესამე მარცხენა ნეკნთაშუა დონეს. აორტა იწყება შედარებით გაგანიერებული ნაწილით, რომელსაც აორტის ბოლქვი – bulbus aortae ეწოდება. აორტაში არჩევენ შემდეგ ნაწილებს: ასწვრივი აორტა – aorta ascendes, აორტის რკალი – arcus aortae, დასწვრივი აორტა – aorta descendens, რომელიც თავის მხრივ იყოფა: გულმკერდის აორტად – aorta thoracica, და მუცლის აორტად – aorta abdominalis.
აორტის ბოლქვი მოთავსებულია პარკუჭის ძირთან, მას მოსდევს აორტის ასწვრივი ნაწილი, რომელიც მეორე ნეკნის მკერდის ძვალთან შეერთების დონეზე ქმნის აორტის რკალს – arcus aortae; აორტის რკალი იხრება მარცხნივ და უკან და გულმკერდის მეოთხე მალის დონეზე გადადის დასწვრივ აორტაში – aorta descendes. დასწვრივი აორტა ეშვება ქვევით, გაივლის დიაფრაგმის ხვრელში და გადადის მუცლის აორტაში – aorta abdominalis, რომელიც წელის მეოთხე მალის დონეზე იყოფა ორად (bifurcatio aortae). აორტიდან გამომავალი არტერიები ქმნიან სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს.

აორტა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.