ანტიალერგიული და ანტიჰისტამინური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანტიალერგიულ საშუალებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  H1-ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებები. მათ ანტიჰისტამინურ საშუალებებსაც უწოდებენ, ვინაიდან ისინი ეფექტურად ახდენენ ჰისტამინზე ორგანოებისა და ქსოვილების რეაქციების ინჰიბირებას.
ზოგადად, ჰისტამინოლიზური პრეპარატების ჯგუფი მოიცავს საშუალებებს, რომლებიც ხელს უშლიან ჰისტამინის ურთიერთქმედებას მისდამი მგრძნობიარე ქსოვილურ რეცეპტორებთან (ანტიჰისტამინური საშუალებები) ან ამუხრუჭებენ ჰისტამინის გამოთავისუფლებას ქსოვილებიდან, რომლებიც მონაწილეობენ მის ბიოსინთეზში და დაგროვებაში, მათ შორის სენსიბილიზირებული უჯრედებიდან (პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზატორები). ანტიჰისტამინური საშუალებების მოქმედების მექანიზმი განპირობებულია რეცეპტორებთან ჰისტამინთან კონკურენციით. ჰისტამინურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით ისინი ეწინააღმდეგებიან მათთან ჰისტამინის შეკავშირებას და, ამგვარად, ხელს უშლიან  და ასუსტებენ მის ეფექტებს. ბლოკირებული რეცეპტორების სახეობის მიხედვით ანტიჰისტამინური პრეპარატები იყოფა H1-, H2- და H3-ჰისტამინობლოკატორებად. H1-რეცეპტორების ბლოკატორები (სწორედ მათ მიაკუთვნებენ ხოლმე ტერმინს “ანტიჰისტამინური”) გამოიყენება კანის, თვალის და სხვა ალერგიული დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. H2-ბლოკატორები ძირითადად გამოიყენება გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში როგორც წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები. H3-რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტები კლინიკური გამოყენებისთვის ჯერ არ არის შექმნილი. პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზატორები ამცირებენ მათში კალციუმის იონების მოხვედრას და ამუხრუჭებენ ჰისტამინის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას მასტოციტებიდან და ამასთან არ თრგუნავენ უკვე გამოთავისუფლებულ ჰისტამინზე რეაქციას.

ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორები ასუსტებენ ჰისტამინით გამოწვეულ ჰიპოტენზიას და გლუვი მუსკულატურის (ბრონქების, ნაწლავედის, საშვილოსნოს) სპაზმებს, ამცირებენ კაპილარების შეღწევადობას, ხელს უშლიან ჰისტამინური შეშუპების განვითარებას, ამცირებენ ჰიპერემიას და ქავილს, ამგვარად, ხელს უშლიან ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამარტივებენ მათ მიმდინარეობას. ტერმინი “ანტიჰისტამინური” არასრულად ასახავს ამ პრეპარატების ფარმაკოლოგიური თვისებების სპექტრს. ნაწილობრივ, ეს განპირობებულია ჰისტამინისა და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ადრენალინი, სეროტონინი, აცეტილქოლინი, დოფამინი) სტრუქტურული მსგავსებით. ამიტომ ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორებს შეუძლიათ ამა თუ იმ ხარისხით გამოამჟღავნონ ქოლინოლიტიკების ან ალფა-ადრენობლოკატორების თვისებები (ქოლინოლიტიკებს, თავის მხრივ, შეიძლება ჰქონდეთ ანტიჰისტამინური აქტივობა). ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (დიფენჰიდრამინი, პრომეტაზინი, ქლოროპირამინი და სხვა) ავლენს დამთრგუნველ გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს ზოგადი და ადგილობრივი საანესთზიო საშუალებების, ნარკოტიკული ანალგეტიკების მოქმედებას. ისინი გამოიყენება უძილობის, პარკინსონიზმის სამკურნალოდ, ასევე ღებინების საწინააღმდეგოდ.  ამ საშუალებათა გვერდითი ფარმაკოლოგიური ეფექტები შეიძლება არასასურველი იყოს. მაგალითად, სედაციური მოქმედება რომელსაც თან ახლავს მოდუნება, თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ზღუდავს ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატის (დიფენჰიდრამინი, ქლოროპირამინი და I თაობის სხვა წარმომადგენლები) ამბულატორიულ გამოყენებას, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთა სამუშაო მოითხოვს სწრაფ და კოორდინირებულ გონებრივ და ფიზიკურ რეაქციას. ამ საშუალებათა უმრავლესობისათვის დამახასიათებელი ქოლინოლიზური მოქმედება განაპირობებს ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, იწვევს  მხედველობის და შარდვის გაუარესებისადმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციისადმი წინასწარგანწყობას. I თაობის პრეპარატები წარმოადგენენ H1-ჰისტამინური რეცეპტორების შექცევად კონკურენტულ ანტაგონისტებს. ისინი მოქმედებენ სწრაფად და თერაპილი ეფექტიც ხანმოკლეა (მათ ნიშნავენ 4-ჯერ დღე-ღამეში). მათი ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თერაპიული ეფექტურობის შესუსტებას. ბოლო დროს შექმნილია ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორები (II და III თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები), რომლებიც ხასიათდებიან H1-რეცეპტორებზე მოქმედების მაღალი შერჩევითობით. ეს სამკურნალო საშუალებები უმნიშვნელო გავლენას ახდენენ სხვა მედიატორულ სისტემებზე (ქოლინერგიული და სხვა), ვერ აღწევენ ჰემატოენცეფალურ ბარიერში (არ ახდენენ გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე) და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში არ კარგავენ აქტივობას. II თაობის მრავალი პრეპარატი არაკონკურენტულად უკავშირდება H1-რეცეპტორებს, ხოლო წარმოქმნილი ლიგანდ-რეცეპტორული კომპლექსი ხასიათდება შედარებით ნელი დისოციაციით, რაც განაპირობებს თერაპიული მოქმედების გახანგრძლივებას (ინიშნება დღე-ღამეში ერთხელ). ჰისტამინური H1-რეცეპტორების ანტაგონისტების უმრავლესობის ბიოტრანსფორმაცია მიმდინარეობს ღვიძლში, აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების ნაწილი წარმოადგენს ცნობილი ანტიჰისტამინური პრეპარატების აქტიურ მეტაბოლიტებს (ცეტირიზინი – ჰიდროქსიზინის აქტიური მეტაბოლიტია, ფექსოფენადინი – ტერფენადინისა).

პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზატორები

პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზატორები წარმოადგენენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლიან კალციუმის არხების გახსნას და კალციუმის შეღწევას პოხიერ უჯრედებში. ისინი თრგუნავენ უჯრედების კალციუმდამოკიდებულ დეგრანულაციას და მათგან ჰისტამინის გამოსვლას (მასტოციტებში დაგროვებულია ამ მედიატორის 90%). თავის მხრივ, ეს აღნიშნული ფაქტორი ააქტიურებს თრომბოციტებს, ლეიკოტრიენებს, მათ შორის ანაფილაქსიის სუბსტანციას, ლიმფოკინებსა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ და ანთებით რეაქციებს. პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზაცია განპირობებულია ფოსფოდიესთერაზას ბლოკადით და მათში ციკლოადენოზინმონოფოსფატის დაგროვებით. პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზატორების ალერგიის საწინააღმდეგო გავლენის მნიშვნელოვანი ასპექტია კატექოლამინების მიმართადრენორეცეპტორების მგრძნობიარობის გაზრდა. გარდა ამისა, ამ ჯგუფის პრეპარატებს გააჩნიათ ქლორის არხების ბლოკირების უნარი და ამ გზით ხელს უშლიან ბრონქების პარასიმპათიკური დაბოლოებების დეპოლარიზაციას. ისინი ეწინააღმდეგებიან ბრონქების ლორწოვანი გარსის უჯრედულ ინფილტრაციას და ამუხრუჭებენ ჰიპერმგრძნობიარობის შენელებული რეაქციის განვითარებას. ამ ჯგუფის ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას (კეტოტიფენი და სხვა) ნაწილობრივ აქვს H1-რეცეპტორების ბლოკირების უნარიც (ანტიჰისტამინური მოქმედება). პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზატორები სპობენ ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას (მაგრამ არ ახდენენ კუპირებას). მათი დანიშვნის ძირითადი ჩვენებაა ბრონქოობსტრუქციის პროფილაქტიკა. პროფილაქტიკური ეფექტი ვითარდება თანდათანობით, 2-12 კვირის განმავლობაში. პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზატორები კარგად ეხამებიან ბრონქოობსტრუქციული სინდრომის პროფილაქტიკის სხვა საშუალებებს. რიგ შემთხვევებში მათი გამოყენება იძლევა კორტიკოსტეროიდების და ბრონქოდილატატორების დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტის საშუალებას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.