ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. სათესლე ბაგირაკი და სათესლე პარკი Funiculus spermaticus et scrotum; Spermatic cord and scrotum
სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus, წყვილი, მრგვალი ფორმის ზონარია, სიგრძით 18 – 20 სმ. მიიმართება საზარდულის შიგნითა რგოლიდან სათესლის უკანა ზემო ბოლომდე. მასში მოთავსებული სათესლის ამწევი კუნთის – m. cremaster, მეშვეობით ბაგირაკი სათესლეს სწევს ზემოთ საზარდულის არხისაკენ. სათესლე ბაგირაკის შემადგენლობაში შედის: თესლის გამომტანი სადინარი – ductus deferens, სათესლის არტერია, ვენური ქსელი, სათესლის ლიმფური ძარღვები, თესლის გამომტანი სადინრის ნერვები, არტერიები და ვენები. სათესლე ბაგირაკის ელემენტები მოთავსებულია სათესლე ბაგირაკისა და სათესლეს საერთო გარსებში – tunicas funiculi spermatici et testis. მათ შიგნითა ფურცელს, რომელიც შეესაბამება მუცლის განივ ფასციას – fascia transversalis, ეწოდება სათესლეს შიგნითა ფასცია – fascia spermatica interna. საერთო გარსზე მოთავსებულია სათესლეს ამწევი კუნთი – m. cremaster. სათესლეს ამწევი კუნთის კუნთოვანი კონები შეკავშირებულია შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებით, რომლებიც წარმოქმნიან სათესლეს ამწევი კუნთის ფასციას – fascia cremasterica. ეს უკანასკნელი აღნიშნულ კუნთთან და მიმდებარე ქსოვილებთან ერთად გარშემორტყმულია სათესლეს გარეთა ფასციით – fascia spermatica externa, რომელიც წარმოადგენს მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ფეხთაშუა ძაფების – fibrae intercrurales გაგრძელებას. სათესლე პარკის – scrotum შიგნით მოთავსებულია სათესლე პარკის ძგიდე – septum scroti, რომელიც მას ორ სენაკად ყოფს
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.