ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის ღრმა კუნთები Deep muscles of neck
ღრმა კუნთები იყოფა ლატერალურ და ხერხემლისწინა ჯგუფებად. ლატერალური ჯგუფის კუნთებია:
1. წინა კიბისებრი კუნთი – m. scalenus anterior, იწყბა კისრის III-VI მალების წინა ბორცვებიდან, მიემართება ქვემოთ და წინ და უმაგრდება პირველ ნეკნს წინა კიბისებრი კუნთის ბორცვზე – tuberculum m. scaleni anterioris.
მოქმედება: თუ ხერხემალი გამაგრებულია, პირველ ნეკნს სწევს ზემოთ; გულმკერდის გამაგრების შემთხვევაში, კუნთის ერთ მხარეზე შეკუმშვისას ხერხემლის კისრის ნაწილს გადახრის თავის მხარეზე, ხოლო ორივე მხარეზე შკკუმშვისას – ხრის წინ.
ინერავაცია: nn. cervicales (C5-C7).
სისხლმომარაგება: àà. cervicalis ascendens, thyroidea inferior.
2. შუა კიბისებრი კუნთი – m. scalenus medius, იწყება კისრის ზედა მალების წინა ბორცვებიდან, მიემართება ქვემოთ, წინა კიბისებრი კუნთის უკან და უმაგრდება პირველი ნეკნის ზედა ზედაპირს, ლავიწქვეშა არტერიის ღარის უკან. აღნიშნული ღარის ზემოთ, წინა და შუა კიბისებრ კუნთებს შორის მდებარეობს სამკუთხა ფორმის ნაპრალი – კიბისებრი სივრცე – spatium interscalenum, რომელშიც გაივლის ლავიწქვეშა არტერია – a. subclavia, და მხრის წნულის – nn. plexus brachialis ნერვული ღეროები.
მოქმედება: თუ ხერხემალი გამაგრებულია, კუნთი ზემოთ სწევს პირველ ნეკნს; გულმკერდის გამაგრებისას ხერხემლის კისრის ნაწილს წინ ხრის.
ინერვაცია: nn. cervicales (C5-C8).
სისხლმომარაგება: aa. vertebralis, profunda colli.
3. უკანა კიბისებრი კუნთი – m. scalenus posterior, იწყება კისრის V-VI მალების უკანა ბორცვებიდან, მიემართება ქვემოთ, შუა კიბისებრი კუნთის უკან და უმაგრდება მეორე ნეკნის გარეთა ზედაპირს.
მოქმედება: ხერხემლის სვეტის გამაგრების შემთხვევაში, ზემოთ სწევს მეორე ნეკნს; თუ გამაგრებულია გულმკერდი, კუნთის ორივე მხარეზე შეკუმშვა იწვევს ხერხემლის კისრის ნაწილის წინ დახრას.
ინერვაცია: nn. cervicales (C7-C8).
სისხლმომარაგება: aa. profunda et transversa colli, intercostalis I.
ხერხემლის წინა ჯგუფის კუნთები
1. თავის გრძელი კუნთი – m. longus capitis, იწყება კისრის III-VI მალების წინა ბორცვებიდან, მიემართება ზემოთ და უმაგრდება კეფის ძვლის ძირითადი ნაწილის ქვემო ზედაპირს, ხახის ბორცვის – tuberculum pharyngeum უკან.
მოქმედება: წინ სწევს თავსა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილს.
ინერვაცია: nn. cervicales (C1-C8).
2. კისრის გრძელი კუნთი – m. longus colli, უკავია მალების სხეულთა გვერდითი ზედაპირი, ატლასიდან გულმკერდის III-IV მალებამდე. კუნთის შუა ნაწილები შედარებით გაფართოებულია. კუნთოვან კონები სხვადასხვა სიგრძისაა, ამიტომ მასში არჩევენ სამ ნაწილს: ა) მედიალურ – ვერტიკალური ნაწილი – იწყება მალების სხეულებიდან, კისრის V-დან გულმკერდის III მალამდე, მიემართება ზემოთ და მედიალურად და უმაგრდება კისრის III-II მალების სხეულთა წინა ზედაპირებს და ატლასის წინა ბორცვს – tuberculum anterius atlantis; ბ) ზემო ნაწილი – მიემართება კისრის II-V მალების ნეკნ – განივი მორჩების წინა ბორცვებიდან კისრის მეორე მალის სხეულისაკენ და ატლასის წინა ბორცვისაკენ – tuberculum anterius atlantis; გ) ქვემო ირიბი ნაწილი იწყება გულმკერდის ზემო სამი მალის სხეულიდან, მიემართება ზემოთ და ლატერალურად და უმაგრდება კისრის ქვემო 3 მალის (V-VII) ნეკნ – განივი მორჩების წინა ბორცვებს.
მოქმედება: ხერხემლის კისრის ნაწილს ხრის წინ და თავის მხარეზე.
ინერვაცია: nn. cervicales (C2-C6).
სისხლმომარაგება: aa. vertebralis, cervicales ascendens et profunda.
3. თავის წინა სწორი კუნთი – m. rectus capitis anterior, მოკლე კუნთია; იწყება განივი მორჩის წინა ზედაპირიდან და ატლასის ლატერალური მასიდან – massa lateralis, მიემართება ზემოთ და უმაგრდება კეფის ძვლის ძირითადი ნაწილის ქვემო ზედაპირს, კეფის დიდი ხვრელის წინა კიდის წინ.
მოქმედება: თავს ხრის თავის (კუნთის) მხარეზე, ხოლო ორივე მხარეზე შეკუმშვისას თავს ხრის წინ.
ინერვაცია: nn. cervicales (C1-C2).
სისხლმომარაგება: aa. vertebralis, pharyngea ascendens.
4. თავის ლატერალური სწორი კუნთი – m. rectus capitis lateralis, კვადრატული ფორმისაა; იწყება ატლასის ნეკნ – განივი მორჩის წინა პერიფერიიდან, მიემართება ზემოთ და გარეთ და უმაგრდება კეფის ძვლის საუღლე მორჩს – Processus jugularis.
მოქმედება: თავის გადახრის თავის (კუნთის) მხარეზე; ორივე მხარეზე შეკუმშვისას კი თავს ხრის წინ.
ინერვაცია: nn. cervicales (C1-C2).
სისხლმომარაგება: aa. vertebralis, occipitalis.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.