სწორი ნაწლავი

 

ადამიანის ნორმალური ანატომია. სწორი ნაწლავი Rectum

სწორი ნაწლავი – rectum, მსხვილი ნაწლავისა და საერთოდ, საჭმლის მონელებელი ტრაქტის საბოლოო ნაწილია. მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში, მის უკანა კედელზე. სწორი ნაწლავი იწყება სიგმოიდური კოლინჯის მენჯის ნაწილის ბოლოდან, გავის მესამე მალის დონეზე და მთავრდება შორისის მიდამოში უკანა გასავლით.

195

სწორი ნაწლავის სიგრძე 14 – 18 სმ; დიამეტრი დასაწყისში 4 სმ-მდეა, შუა ნაწილში აღწევს 7,5 სმ და შემდგომ უკანა გასავლის მიდამოში კვლავ ვიწროვდება. სწორი ნაწლავი შედგება ორი ნაწილისაგან: მენჯის ნაწილი და შორისის ნაწილი. პირველი ნაწილი მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში და თავის მხრივ იყოფა: შედარებით ვიწრო, ამპულის ზემო ნაწილი და სწორი ნაწლავის ამპულა – ampulla recti; მეორე ნაწილი მდებარეობს მენჯის შუასაძგიდის ქვეშ შორისის არეში და წარმოადგენს ყითას არხს – canalis analis.  სწორი ნაწლავის მენჯისეული ნაწილი საგიტალურ სიბრტყეში წარმოქმნის გავის ნაკეცს – flexura sacralis. ნაკეცის ზემო ნაწილი მიიმართება წინიდან უკან და ქვემოთ, ქვემო ნაწილი – უკნიდან წინ და ქვემოთ. იგი წარმოქმნის ასევე არამუდმივ ნაკეცებს. სწორი ნაწლავის მეორე ნაკეცი მდებარეობს მენჯის ნაწილის შორისისეულ ნაწილში გადასვლის ადგილას; გაივლის რა მენჯის შუასაძგიდს, სწორი ნაწლავი მკვეთრად უხვევს (თითქმის სწორი კუთხით) უკან, წარმოქმნის შორისის ნაკეცს – flexura perinealis. მენჯის ნაწილის სიგრძე მერყეობს 10 – 14 სმ, შორისის ნაწილისა – 4 სმ. სწორი ნაწლავის მენჯის ნაწილი მეტ-ნაკლებად დაფარულია პერიტონეუმით. შორისის ნაწილს კი სეროზული გარსი არ ფარავს. ყველაზე ზემო (ამპულის ზედა) ნაწილი, რომელიც იწყება გავის მესამე მალიდან, მთლიანადაა დაფარული სეროზული გარსით და აქვს მოკლე და ვიწრო სქელი ჯორჯალი. მესამე მალის ქვემო დონიდან სწორი ნაწლავი კარგავს სეროზულ საფარველს, თავდაპირველად უკანა ზედაპირზე, შემდეგ გვერდით ზედაპირებზე და ბოლოს წინა ზედაპირზე. ამგვარად, მენიჯის ნაწილის ყველაზე ზემო, ნაწილი მდებარეობს ინტრაპერიტონეულად, ამპულის ზედა ნაწილი – მეზოპერიტონეულად, ხოლო ამპულის ყველაზე ქვემო ნაწილი – რეტროპერიტონეულადაა, ვინაიდან ამ მიდამოში პერიტონეუმი ფარავს მხოლო წინა კედლის უმნიშვნელო უბანს. პერიტონეუმით დაუფარავ უბანს ფარავს მენჯის ფასციის ვისცერული ფურცელი, რომელიც წარმოქმნის სწორი ნაწლავის ერთგვარ ფუტლარს. სწორი ნაწლავის შორისისეულ ნაწილს აქვს გასწვრივი ნაპრალის ფორმა და იხსნება ყითაში – anus. შორისისეული ნაწილის სიგრძე 3 – 4 სმ-ია.

სწორი ნაწლავის კედლის აგებულება. სეროზული გარსი – tunica serosa, სწორი ნაწლავის მცირე ნაწილს ფარავს; სწორი ნაწლავის მენჯისეული ნაწილის ექსტრაპერიტონეულ ნაწილს ფარავს მენჯის ფასციის ვისცერული ფურცელი; ფასცია უშუალოდ სწორი ნაწლავის კუნთოვან გარსს არ ესაზღვრება, მათ შორის მოთავსებულია ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილი, ნერვები, ნაწლავის მკვებავი სისხლძარღვები და ლიმფური კვანძები.სწორი ნაწლავი

სწორი ნაწლავის ფასციის წინა ნაწილი წარმოადგენს ერთგვარ ფირფიტას, რომელიც ნაწლავს განაცალკევებს წინ მდებარე ორგანოებისაგან (მაგ. შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის და სხვ.) ეს ფირფიტა წარმოადგენს შეზრდილი სეროზული ფურცლების დერივატს; იგი მიიმართება სწორნაწლავ – საშვილოსნოს ჩაღრმავებიდან – Excavatio rectouterina შორისის კუნთების მყესოვანი ცენტრისაკენ და ეწოდება პერიტონეუმ-შორისის აპონევროზი, ანუ სწორნაწლავ – ბუშტის ძგიდე – Septum rectovesicale. სწორი ნაწლავის ფასცია დორსალურად მთავრდება სწორი ნაწლავის უკანა კედლის შუა ხაზზე.
სწორი ნაწლავის კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, შედგება ორი შრისაგან: გარეთა – გასწვრივი – stratum longitudinals, და შიგნითა ირგვლივი – stratum circulare. გასწვრივი შრე წარმოადგენს სიგმოიდური კოლინჯის კუნთოვანი ზონრების გაგრძელებას. წინა და უკანა კედლებზე გასწვრივი კუნთოვანი კონები ძლიერადაა განვითარებული. უკან, ამპულის ქვემო ნაწილის გასწვრივი კუნთოვანი შრე ერწყმის წინა გავა-კუდუსუნის იოგიდან მომავალი სწორნაწლავ-კუდუსუნის კუნთის – m. rectococcygeus კონებს. გასწვრივი შრის კუნთოვანი ბოჭკოების ნაწილი ეწვნება ყითას ამწევის კუნთის – m. levator ani ბოჭკოებში, ნაწილი კი აღწევს კანამდე. სწორი ნაწლავის ირგვლივი კუნთოვანი შრე ვრცელდება ყითამდე, აქ ის სქელდება და წარმოქმის ყითას შიგნითა სფინქტერს – m.. sphincter ani internus. ყითას წინ მისი კუნთების კონები ეწვნებიან შარდსადენის აპკისებრი ნაწილის მომჭერში (მამაკაცებში), და საშოს კუნთებში (ქალებში). ყითას ირგვლივ კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში მდებარეობს ყითას გარეთა სფინქტერი – m.. sphincter ani externus, რომელიც მიეკუთვნება შორისის განივზოლიან კუნთების ჯგუფს. გარეთა, მისი შედარებით ზედაპირული ნაწილი მოიცავს ყითას ამწევი კუნთის მედიალურ ნაწილს, უფრო ღრმად მდებარე ნაწილი ესაზღვრება სწორი ნაწლავის ირგვლივ შრეს.

სწორი ნაწლავისწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, დაფარულია ცილინდრული ეპითელით, შეიცავს ნაწლავის ჯირკვლებს (კრიპტებს) glandulae intestinales, მაგრამ არა აქვს ხაოები; ლორწქვეშა ქსოვილში – tela submucosa, განლაგებულია ერთეული ლიმფური ფოლიკულები. სწორი ნაწლავის მენჯისმიერ ნაწილში ლორწოვანი გარსი წარმოქმნის სამ, ზოგჯერ კი მეტ განივ ნაოჭებს – plicae transversales recti.
სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილში  ლორწოვანი გარსი წარმოქმნის 10-მდე გასწვრივ ნაოჭს – ე. წ. ყითას სვეტებს – columnae anales. სვეტებს შორის ჩაღრმავებებს ყითას სინუსები –  sinus anales ეწოდება. შუალედური ზონის დისტალურად მდებარეობს ყითას კანი, რომელიც წარმოქმნის რადიალურად განლაგებულ ნაოჭებს. სვეტებისა და შუალედური ზონის ლორწქვეშა ქსოვილი წარმოადგენს ფაშარ შემაერთებელ ქსოვილს, რომელშიც მოთავსებულია სწორი ნაწლავის ლორწქვეშა ვენური წნული. სვეტების მიდამოში ლორწქვეშა ქსოვილში გარდა ვენური წნულისა, მდებარეობს გასწვრივი კუნთოვანი ბოჭკოების კონები. სვეტების არეში ლორწოვანი გარსი ამოფენილია გაურქოვანებელი ბრტყელი ეპითელით, წიაღების ლორწოვანი კი – ცილინდრული ეპითელით. სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის კრიპტები მხოლოდ სვეტების ზონამდეა გავრცელებული. შუალედური ზონის ლორწოვანი გარსი ამოფენილია გაურქოვანებელი მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით. წიაღების დონის ქვემოთ მოჩანს საზღვარი ყითას ლორწოვანსა და კანს შორის.
სისხლმომარაგება: კოლინჯის – aa. mesentericae superior et inferior; სწორი ნაწლავის – aa. mesenterica inferior, iliaca interna, sacralis mediana.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.