მკერდუკანა ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მკერდუკანა ჯირკვალი Thymus Thymus (gland)

მკერდუკანა ჯირკვალი – thymus ადამიანის ორგანიზმში ასრულებს იმუნურ, სისხლმბად და ენდოკრინულ ფუნქციებს. მკერდუკანა ჯირკვალში ხორციელდება ძვლის წითელ ტვინში გამომუშავებული ღეროვანი უჯრედების დიფერენცირება T- ლიმფოციტებად. ამიტომ თიმუსი წარმოადგენს T- ლიმფოციტების წყაროს და, გამომდინარე აქედან – იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოს.

მკერდუკანა ჯირკვალი მოთავსებულია გულმკერდის ღრუში, წინა შუასაყარის ზემო ნაწილში, მკერდის ტარის უკან. უკანა ზედაპირით იგი ესაზღვრება გულის პერანგს, აორტის რკალს – ARCUS AORTAE, ზემო ღრუ ვენას – VENA CAVA SUPERIOR და მხარ – თავის ვენებს – Vv. BRACHIOCEPHALICAE;  წინა ზედაპირით ჯირკვალი ეხება მკერდის ტარს – Manubrium sterni, გვერდებიდან კი ესაზღვრება ფილტვის ქსოვილის უბნებსა და შუასაყრის პლევრას – Pleura mediastinalis.
მკერდუკანა ჯირკვალი შედგება ორი არასიმეტრიული წილისაგან – მარჯვენა და მარცხენა წილებისაგან, რომელთა მდებარეობა შეესაბამება ორგანოს სახელწოდებას. ორივე წილი დაფარულია შემაერთებელქსოვილოვან კაფსულით – capsula; კაფსულიდან ორგანოს სიღრმეში მიემართებიან წილთაშუა ძგიდეები – septum interlobulare, რომლებიც ჯირკვალს ყოფენ წილაკებად – lobulus thymi. წილები წარმოქმნილია პერიფერიაზე მდებარე ქერქოვანი ნივთიერებისაგან – cortex, რომელიც ხასიათდება მაღალი ფუნქციური აქტივობით, და ცენტრში მოთავსებული ტვინოვანი ნივთიერებისაგან – medulla. მკერდუკანა ჯირკვალი რბილი კონსისტენციისაა, მისი ზემო ნაპირი მდებარეობს მკერდის საუღლე ნაჭდევის დონეზე; ქვემო ნაწილი გაგანიერებულია და ბოლოში შეიძლება გაორკაპებული იყოს. წონა სრულასაკოვან ადამიანში 20 – 30 გ-ია.

მკერდუკანა ჯირკვლის უჯრედებს მიეკუთვნება ლიმფოციტები (თიმოციტები), მაკროფაგები, გრანულოციტები და პლაზმური უჯრედები. ტვინოვანი ნივთიერება ხასიათდება მასში სპეციფიკური ეპითელური უჯრედების – ჰასალის სხეულაკების არსებობით.

ასაკის მატებასთან ერთად მკერდუკანა ჯირკვლის პარენქიმული ელემენტები განიცდიან რედუქციას და მათ ადგილს ცხიმი იკავებს. ღრმა მოხუცებულობის ხანაში იგი მხოლოდ ცხიმოსაგან შედგება, თუმცა მის მასაში მოიპოვება ჯირკვლის ქსოვილის ნაშთებიც.

მკერდუკანა ჯირკვალს კვებავს გულმკედის შიგნითა არტერია, მისგან გამომავალი ტოტები, ფარისებრი ქვემო არტერია. ჯირკვლიდან სისხლი გამოდის წვრილი ვენური ტოტებით, ნაწილობრივ – სხვილი წილაკთაშუა ვენებით, რომლებიც ერთვიან მხარ – თავის ვენებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter