0.3% ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის ეფექტი ღრძილზედა ნადების შემადგენლობაზე (I)

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”

ავტორი ზურაბ ალხანიშვილი

ტრიკლოზანი, ტრიქლორ-2-ჰიდროქსიდიფენილ ეთერი, არაიონური ანტიმიკრობული ნივთიერებაა. მას გააჩნია ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი, ეფექტურია როგორც გრამ+ ისე გრამ_ ბაქტერიების მიმართ (Furia&Schenkel 1968. Regos და კოლეგები 1979).  სამწუხაროდ, ტრიკლოზანი  პირის ღრუში საკმაოდ არამდგრადია და ამიტომ, მისი ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო აქტივობა, საკმაოდ მცირეა.  PMA/MA თანაპოლიმერის დამატებით (თვითონ თანაპოლიმერს ანტიბაქტერიული მოქმედება არ გააჩნია) მნიშვნელოვნად იზრდება ტრიკლოზანის მდგრადობა და ანტიბაქტერიული ეფექტი (Nable და კოლეგები 1989).

შემუშავდა 0.3% ტრიკლოზანის და 2% თანაპოლიმერის შემცველი ფტორირებული (0.243% NaF) კბილის პასტის ფორმულა, რომელზეც ჩატარდა მრავალი in vitro და in vivo მეცნიერული კვლევა.  მეცნიერები იკვლევდნენ ფორმულის უსაფრთხოებას (DeSilva და კოლეგები 1989), ნადებისა და ნერწყვდენის წარმოქმნის დონეს (Affilitto 1989), ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტს (Jenkins და კოლეგები 1989, Nabi 1989, Gaffar 1990), ღრძილზედა ნადებსა და გინგივიტზე ზემოქმედებას (Clerehugh 1989, Palomo და კოლეგები 1989, Singh და კოლეგები 1989), მაგარი ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტს (Gaffer და კოლეგები 1990, Lobene და კოლეგები 1990 Schiff და კოლეგები 1990). უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულია 2 ექვსთვიანი და მეტი ხანგრძლივობის კლინიკური კვლევა, რომელთა შედეგებმა დაადასტურეს ზემოაღნიშნული ფორმულის კბილის პასტის ნადების წარმოქმნისა და გინგივიტის განვითარების საწინააღმდეგო ეფექტურობა (Garcia-Godoy და კოლეგები 1990. Mankodi და კოლეგები 1992).

მიუხედავად იმისა რომ, ტრიკლოზანის ეფექტურობის დასადგენად უამრავი კლინიკური კვლევაა ჩატარებული, მხოლოდ 1 მათგანი ეხება ტრიკლოზანი/თანაპოლიმერის შემცველი კბილის პასტის in vivo ეფექტს ღრძილზედა ნადებზე.  (Zambon და კოლეგები 1990). ამ კვლევამ დაადგინა, რომ კბილის პასტის ფართო გამოყენება არ იწვევს ღრძილზედა მიკროფლორის არასასურველ ცვლილებებს, პირიქით ზრდის სასარგებლო მიკრობების რაოდენობას და ამცირებს პირობით პათოგენური ბაქტერიების რიცხვს.  თუმცა ეს კვლევა არ ადგენს არც ტრიკლოზანისა და არც თანაპოლიმერის ზემოქმედებას ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებაზე.

პირი ღრუს მოვლის საშუალებებში ჩართული პრეპარატი აუცილებლად უსაფრთხო უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე გამოყენებისას. დადასტურებული უნდა იყოს, რომ ეს ნივთიერება ა) არ არღვევს პირის ღრუს მიკროფლორის ბუნებრივ ბალანსს ბ) არ უწყობს ხელს ეგზოგენური პათოგენების კოლონიზაციას, გ) არ იწვევს ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებას. წარმოდგენილი კვლევის მიზანია ღრძილზედა მიკროფლორაზე 0.3% ტრიკლოზანის და  2% თანაპოლიმერის შემცველი ფტორირებული კბილის პასტის ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ექვსთვიანი გამოყენების ეფექტის შესწავლა. კვლევა ჩატარდა ADA-ს სტომატოლოგიური პრეპარატების საბჭოს გაიდლაინების მიხედვით (ADA1986).

ამ კბილის პასტის ნადების დაგროვებისა და გინგივიტის საწინააღმდეგო  კლინიკური ეფექტი ცალკე პუბლიკაციაშია წარმოდგენილი (Mankodi და კოლეგები 1992).

მასალა და მეთოდები

ექსპერიმენტის დიზაინი

დიდი  (320 სუბიექტი ) ორმაგი ბრმა კლინკური კვლევიდან გამოიყო 158 სუბიექტისაგან შემდგარი ქვეჯგუფი, მოხდა მათი სტრატიფიცირება ნადებისა და გინგივიტის ინდექსების მიხედვით. სუბიექტებს უნდა დაეკმაყოფილბინათ სპეციფიური დადებითი და უარყოფითი სასელექციო კრიტერიუმები (Mankodi და კოლეგები 1992). მკურნალობა მოიცავდა დღეში ორჯერ კბილების გაწმენდას ან ტრიკლოზანის შემცველი ფტორირებული კბილის პასტით (0.3% ტრიკლოზანი, 2% PVM/MA თანაპოლიმერი და 0.243% ნატრიუმის ფტორიდი) ან იგივე ფორმულის მქონე ფტორირებული კბილის პასტით ტრილოზანის გარეშე. სუბიექტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განაწილდნენ 4 ჯგუფად – თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 40 სუბიექტი. არსებობს მოსაზრება, რომ მესამე თვეზე ნადების მოცილებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეექვსე თვეზე არსებული ნადების შემადგენლობაზე, ამიტომ თითოეული კბილის პასტისათვის გამოიყო ორ-ორი ჯგუფი. აქედან ერთში შემავალი სუბიექტების გამოკვლევა ხდებოდა საწყის ეტაპზე, 3 თვის შემდეგ და 6 თვის შემდეგ, ხოლო მეორე ჯგუში შემავალი სუბიექტებისა მხოლოდ საწყის ეტაპზე და 6 თვის შემდეგ.

ნადების ნიმუშების აღება

ნადების ნიმუშების აღებამდე, სუბიექტებს ეძლეოდათ ინსტრუქცია, არ გამოეხეხათ კბილები ვიზიტის წინა დღეს და არ მიეღოთ საკვები ვიზიტამდე 4 საათზე გვიან. ნადების ნიმუშების აღება ხდებოდა შემდეგი 6 კბილის ჩამონათვალიდან რომელიმე ოთხიდან: 16, 21, 24, 36, 41, 44, კბილების ლოყისკენა და ენისკენა ზედაპირებიდან. თუ სუბიექტს ექვსივე ჩამოთვლილი კბილი ჰქონდა, ნადების აღება ხდებოდა 16, 24, 36 და 44 კბილებიდან. თითოეული ნიმუში თავსდებოდა ცალკე სინჯარაში, ხდებოდა სამიზნე ადგილის გაშრობა ჰაერით და იზოლაცია ბამბის ლილვაკებით. ნადების მოცილება ხორციელდებოდა სტერილური კიურეტის საშუალებით. თითო პაციენტის ყველა ნიმუში თავსდებოდა 1 მლ ანაერობებით სტერილურ რინგერის ხსნარში (PRAS  pre-reduced anaerobically sterilized), ნადების აღების პროცედურის დასრულების შემდეგ სინჯარას მჭიდროდ ეხურებოდა რეზინის სტერილური სახურავი და დაუყოვნებლივ იგზავნებოდა ლაბორატორიაში.

მიკრობიოლოგიური დამუშავება

მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ხდებოდა ნადების ნიმუშების ცენრტიფუგირება 30წმის განმავლობაში და  მიღებული ხსნარიდან მზადდებოდა ორი 10 მკლ მოცულობის ნიმუში მიკროსკოპიისათვის. შემდეგ დანრჩენილ ნიმუშში მიკროორგანიზმების დისპერიის მიზნით  ხდებოდა ხსნარის ულტრაბგერითი დამუშავება ანაერობულ პირობებში 20 წმის განმავლობაში და მზადდებოდა ათჯერადი სერიული განზავება PRAS რინგერის ხსნარში. ანაერობიოზის შესანარჩუნებლად გამოიყენებოდა  VPI ანაერობული კულტურების სისტემა (Bellco Glass Inc. Vineland NJ).

მიკროსკოპია

მიკროსკოპიის გზით 1000ჯერადი გადიდებით  დათვლილი იქნა 5 სამიზნე მორფოლოგიური ფორმა (სპიროქეტები, მოძრავი ჩხირები, არამოძრავი ჩხირები, ფუზობაქტერიები და კოკების მსაგავსი მიკროორგანიზმები). დათვლა ჩატარდა Listgarten და Hellden -ის მიერ (1978) აღწერილი პროცედურის მიხედვით. ნადების თითოეული ნიმუშისათვის დათვლილი იქნა მინიმუმ 200 ბაქტერიული უჯრედი და 10 მიკროსკოპული არე. თითოეული მორფოლოგიური ფორმის შემცველობა წარმოდგილ იქნა როგორც მიკროსკოპულად დათვლილი ბაქტერიული უჯრედების საერთო რაოდენობის პროცენტი. ხსნარის 10 მკლ-იანი ნიმუშები შეღებილი იქნა გრამის მეთოდით (Holderman  და კოლეგები 1977) და 1000ჯერადი გადიდებით მიკროსკოპის ქვეშ. მოხდა 4 სამიზე მორფოლოგიური ფორმის ბაქტერიული უჯრედების (გრამ+ და გრამ_ ჩხირები და კოკები) დათვლა. დადგინდა თითოეული მათგანის პროპორცია  მიკროსკოპულად დათვილი ბაქტერიული უჯრედების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში.

სელექტიური და არასელექტიური ნიადაგები

ნიმუშებიდან დამზადდა სერიული ათჯერადი განზავებები PRAS რინგერის ხსნარში. შესამაბისი განზავების ხსნარები სპეციალური სპირალური ინსტრუმენტის საშუალებით (Spiral Systems Instruments Inc) მოთავსდა არასელექტიურ და სელექტიურ აგარის ნიადაგებზე.  სიცოცხლისუნარიანი მიკრობების საერთო რიცხვის დადგენა მოხდა არასელექტიურ, ზოგადი დანიშნულების ნიადაგზე. ნიადაგი შედგებოდა ტრიპტიკაზა-სოიოს აგარისაგან, რომელსაც დამატებული ჰქონდა 5%  ცხვრის დეფიბრინირებული სისხლი (TSBA).  TSBA ფირფიტების ერთი სერიას აერობული ბაქტერიების საერთო რაოდენობის გამოსაკვლევად ინკუბაცია ჩაუტარდა 370C 5% CO2 – 95% ჰაერის ატმოსფეროში.  მეორე სერიის ინკუბაცია, ანაერობული მიკროფლორის გამოსაკვლევად ჩატარდა 370C 85% N2, 5% CO2 და 10%H2 ატმოსფეროში. გამოყენებული ნიადაგების, ბაქტერიული სახეობების და ინკუბაციის პირობების შესახებ ინფორმაცია მოცემულია 1 ცხრილში.

იმუნოფლუორესცენცია

10-1 განზავებიდან აღებული იქნა 480 მკლ ხსნარი, რომელსაც 2% ფორმალინიზებული ნიმუშის მისაღებად დაემატა 120 მკლ 10% ფორმალინის ბუფერული ხსნარი.  მიღებული საბოლოო ხსნარიდან 120 მკლ  მოთავსდა 1მლ-იან Eppendorf–ის სინჯარაში და გაიგზავნა DR. J.Zambon -თან (State University of New York at Buffalo). იქ მოხდა ნიმუშში Porphyromonas gingivalis (ძველი სახელწოდება Bacteroides gingivalis), Prevotella intermedia   (ძველი სახელწოდება B.intermedius), Bacteroides forsythus და Actinobacillus actinomycetemcomitans  გამოკვლევა და დათვლა იმუნოფლუორესცენტური მიკროსკოპიით სპეციფიური ანტიშრატების გამოყენებით.

ბაქტერიული მგრძნობელობა საკვლევი ნივთიერებების მიმართ

ბაქტერიული მგრძნობელობის დასადგენად შერჩეულ იქნა Actinomyces – გრამ+ ჩხირი და V Veillonella – გრამ- კოკი. მოსალოდენელი იყო, რომ ეს ორგანიზმები აღმოჩნდებოდნენ სუბიექტების უმრავლესობაში კვლევის ყველა ეტაპზე. ამ ორი მიკროორგანიზმის შტამების მიღება ხდებოდა ნადების ნიმუშებიდან, რომლებსაც იღებდნენ საწყის ეტაპზე, 3 თვის შემდეგ, 6 თვის შემდეგ, პროდუქტის გამოყენების შეწყვეტიდან^ თვის მანძლზე ყოველ  6 კვირაში ერთხელ. სუფთა კულტურები თავსდებოდა ანაერობულად სტერილურ საკვებ ნიადაგზე (brain heart infusion BHI broth, Holeman და კოლეგები 1977), ხდებოდა მათი ინკუბაცია 1 ღამის განმავლობაში 370C, შემდეგ მიღებული მასის სიმკვრივე იცვლებოდა 0.5 მდე MacFarland -ის სტანდარტის მიხედვით და ხდებოდა მასის ინოკულაცია ტრიპტიკაზა-სოიოს აგარის (TSA) ნიადაგის ფირფიტებზე, რომლებიც შეიცავდნენ  ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის 2ჯერად სერიულ განზავებას.  ტრიკლოზანის გამოცდა ხდებოდა 0.23 დან 30 მკგ/მლ კონცენტრაციით.  შემდეგ ხდებოდა ფირფიტების ინკუბაცია 370C 48 საათის განმავლობაში. მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციად ითვლებოდა ტრიკლოზანის ის ყველაზე დაბალი კონცენტრაცია, რომელიც იწვევდა ბაქტერიული კულტურის ზრდის სრულ ინჰიბირებას.  MIC50 და MIC90–ის დათვლა ხდებოდა  თითოეული საკვლევი პერიოდისათვის და Actinomyces da Veillonella კულტურებისათვის  (კონცენტრაციები რომლებიც საჭიროა შტამების 50 და 90 %-ის ინჰიბირებისათვის)

კულტივირებად ფლორის საერთო რეზისტენტობის გამოკვლევა ხორციელდებოდა Walkeri -სა და კოლეგების მიერ 1983 წელს აღწერილი ნადების მგრძნობელობის ტესტის მიხედვით. დამზადდა გამდიდრებული TSA ფირფიტები რომლებიც შეიცავდნენ: ა) 0.84% ტრიკლოზანის შემცველ კბილის პასტას, 25მკგ/მლ ტრიკლოზანის ექვივალენტი; ბ) 0.84 % კბილის პასტას ტრიკლოზანის გარეშე გ) საკონტროლო ფირფიტები, რომლებიც შეიცავდნენ საბაზო ნიადაგს რაიმე კბილის პასტის გარეშე.   ფირფიტებზე თავსდებოდა ნიმუშების 10ჯერადი განზავებები და ხდებოდა მათი ანაერობული ინკუბაცია 370C 5-7 დღე.  შემდეგ ხდებოდა ფირფიტების თითოეული სერიისათვის კოლონიაწარმომქნელი ბაქტერიების ერთეულების დათვლა. საკონტროლო ფირფიტები გამოიყენებოდა როგორც ბაზისი და ითვლებოდა როგორც 100%. ხდებოდა თითოეული განსხვავებული ტიპის  კოლონიის დათვლა, გამოიყოფოდა თითო რეპრეზენტატული კოლონია, ხდებოდა მისი სუბკულტივირება და იდენტიფიკაცია სახეობის დონეზე. ეს პროცესი ტარდებოდა როგორც ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის ფირფიტების სერიებისათვის, ისე ტრიკლოზანის არ შემცველი ფირფიტებისათვის საწყის ეტაპზე, 3 და 6 თვის შემდეგ, და კბილის პასტის გამოყენების შემდგომ 6 თვიან პერიოდში ყოველ 6 კვირაში ერთხელ.

სტატისტიკური ანალიზი

მკურნალობებს შორის სხვაობის დასადგენად გამოყენებული იქნა ANOVA სტატისტიკური მნიშვნელობის დონით 5%. ეს სტატისტიკური მოდელი საშუალებას იძლევა, მოხდეს შედარება 2 ჯგუფს შორის, დროის სხვადასხვა მონაკვეთებს შორის და სხვადასხვა ჯგუფებს შორის დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ზოგიერთ შემთხვევაში, სტატისტიკური ანალიზი არასანდო იყო კონკრეტული მიკროორგანიზმების შეხვედრის ძალიან დაბალის სიხშირის გამო. ასეთ შემთხვევებში უფრო მნიშვნელოვანი იყო არსებობა/არ არსებობის დიქოტომიების დადგენა და არ ტარდებოდა სხვადასხვა პარამეტრების ანალიზი.

შედეგები

კვლევაში დასაწყისში ჩართული 158 სუბიექტიდან 144 დარჩა ბოლომდე და ჩაუტარდა მიკრობიოლოგიური გამოკვლევა 6 თვის შემდეგ მიკროსკოპიული, იმუნოფლუორესცენციისა და სელექტიურ და არა-სელექტიურ ნიადაგებზე მიკრობული კულტურირების მეთოდით. ბაქტერიული მგრძნობელობის განსაზღვრა მოხდა 136 სუბიექტში 12 თვემდე ვადაში (6 თვე მკურნალობის პერიოდი და 6 თვე კბილის პასტის გამოყენების შემდეგ პერიოდი). დადგინდა  ნადების საერთო მგრძნობელობა და Mმინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის სიდიდეები 2 რეპრეზენტატული სახეობისათვის.

მიკროსკოპია

ცხრილი 2 მოცემულია გრამ+ და გრამ_ ჩხირებისა და კოკების პროპორცია საწყის ეტაპზე და 3 და 6 თვის შემდეგ. სხვადასხვა ბაქტერიების ფარდობით პროპორციებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა (p >0.1) მკურნალობის სხვადასხვა ჯგუფებში არ დადგენილა.

ცხრილი 3 წარმოდეგნილია 5 მიკროსოპიისათვის სამიზნე მორფოლოგიური ფორმების პროპორცია საწყის ეტაპზე და 3 და 6 თვის შემდეგ. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა (p >0.1) მკურნალობის სხვადასხვა ჯგუფებში არ დადგენილა.

იმუნოფლუორესცენცია

ცხრილი 4 მოცემულია 4 პაროდონტოპათოგენის A.actinomycetemcomitans, B.forsythus, P.gingivalis da P. intermedia პროპორცია. თითოეული ორგანიზმის საშუალო პროპორცია ღრძილზედა ნადებში სხვადასხვა მკურნალობის ჯგუფებში დროის სხვადასხვა მონაკვეთში ძირითადად მსგავსი იყო.  თუმცაღა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები დადგინდა P. gingivalisis პროპორციებს შორის მკურნალობის სხვადასხვა ჯგუფში 3 და 6 თვეზე (p <0.07 და p <0.04). 4დან 3 მიკრობული სახეობისათვის არ აღინიშნა მნიშვნელოვანი  რაოდენობრივი ცვილილებები (A.actinomycetemcomitans, B.forsythus, P.gingivalis), ხოლო  P. intermedia  საშუალო მნიშვნელობა საწყის ეტაპზე დადგენილი  0.6-0.8%დან გაიზარდა 4%მდე 3 და 6 თვის შემდეგ აღებულ ნიმუშებში.

მიკრობული კულტურა

სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიების საერთო რაოდენობისა და შერჩეული მიკრობული სახეობების არსებობისა და პროპორციების დასადგენად გამოყენებული იქნა ბაქტერიული კულტურების მეთოდი.

5 ცხრილში მოცემულია სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიების საერთო რაოდენობები არასელექტიურ ნიადაგზე. სხვადასხვა მკურნალობის ჯგუფებს შორის  ბაქტერიების რაოდენობაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დადგინდა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა ორივე ჯგუფში დროის სხვადასხვა მონაკვეთში. (p <0.00001). ბაქტერიების საერთო მასა (ანაერობული და აერობული სიცოცხლისუნარიანი მიკრობების საერთო მასა) დაახლოებით 40%-ით შემცირდა 3 თვის შემდეგ და 70%-ით 6 თვის შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვილილებები აღინიშნა ანაერობების საერთო რაოდენობასა და მკაცრი ანაერობების საერთო რაოდენობაში. ანაერობების საერთო რაოდენობამ 6 თვეზე შეადგინა საწყის ეტაპზე დადგენილი რაოდენობის 26.5 და 28.2% ტრიკლოზანისა და საკონტროლო ჯგუფებისათვის. ხოლო მკაცრი ანაერობების საერთო რაოდენობამ 6 თვეზე შეადგინა საწყის ეტაპზე დადგენილი რაოდენობის 11.2 და 16.0%. შესაბამისად,  ტრიკლოზანისა და საკონტროლო ჯგუფებისათვის.

ანაერობული მიკრობების რაოდენობის შემცირებას თან ახლდა აერობული მიკროფლორის წილის გაზრდა.  ტრიკლოზანის გამოყენებით აერობები/ანაერობები შეფარდება საწყის ეტაპზე არსებული 0.63დან  6 თვეზე გახდა 0.84 (სხვაობა = 0.21)   საკონტროლო ჯგუფში იგივე სხვაობა იყო 0.7დან 0.83 (სხვაობა = 0.13).

6 ცხრილში წარმოდგენილია  ხშირად ღრძილქვეშა მიკროფლორის შემადგენლობაში აღმოცენილი ბაქტერიული სახეობების წილი. მნიშვნელობა გამოხატულია სიცოცხლისუნარიანი ანაერობული მიკროფლორის საერთო რაოდენობის %-ით. სხვადასხვა მკურნალობის ჯგუფებს შორის ბაქტერიების რაოდენობაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დადგინდა გარდა E.corrodens –ის შემთხვევისა, რომელისთვისაც ეს მნიშვნელობა 6 თვის თავზე საკონტროლო ჯგუფში მეტი იყო ტრიკლოზანის ჯგუფთან შედარებით. (პ<0.05). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვლინდა ორივე ჯგუფში აქტინომიცეტების პროპორციაში 3 და 6 თვეზე (პ<0.05) და ტრიკლოზანის ჯგუფში სტრეპტოკოკის წილში 6 თვეზე (პ<0.05).  მცირე ცვლილებები აღინიშნა ასევე სხვადასხვა პერიოდისათვის Fusobacteria-სა და Capnocytophaga სახეობებისათვის. თუმცა ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ ყოფილა.

მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები (MIC)

თითოეულ ჯგუფში დროის თითოეული მონაკვეთისათვის განისაზღვრა ტრიკლოზანის MIC50და MIC90 Actinomyces da Veillonella ს სახეობებისათვის. Actinomyces სახეობისათვის MIC50 და MIC90ორივე ჯგუფში და ყველა საკვლევ პერიოდში იყო 0.938-1.875 მკგ/მლ შუალედში. ხოლო Veillonella ს სახეობისათვის MIC50იყო 3.75 დან 15მკგ/მლ შუალედში ხოლო MIჩ90 კი 7.5 დან 15მკგ/მლ შუალედში.  სხვადასხვა ჯგუფში განსხვავება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს შორის არ დადგენილა. ორივე  MIC50და MIC90მნიშვნელობა 6 თვეზე თითქმის იგივე იყო საწყის ეტაპთან შედარებით ორივე ჯგუფში.

რეზისტენტული მიკროფლორის წილი

ღრძილზედა ნადების ბაქტერიების საერთო რაოდენობიდან განისაზღვრა კბილის პასტის თითოეული სემადგენლობის მიმართ რეზისტეტული მიკრობების %. ამ გზით დადგინდა ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის ხანგრძილივი გამოყენებისას მისი ზემოქმედება ბაქტირული რეზისტეტობის განვითარებაზე. რადგან საკონტროლო ჯგუფში შემავალ სუბიექტებს არ ქონდათ კონტაქტი ტრიკლოზანთან ამიტომ ეს ჯგუფი გამოყენებული იქნა როგორც ნეგატიური კონტროლის საშუალება.  ცხრილი 7 მოცემულია ტრიკლოზანის შემცველი და არაშემცველი კბილის პასტის გამოყენებისას გამოვლენილი რეზისტენტული კულტივირებადი მიკროფლორის პროცენტული წილი.  მიკროფლორის რეზისტენტობა ტრიკოზანის გარეშე კბილის პასტის მიმართ < 2%-ზე, ხოლო 25 პპმ ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის მიმართ რეზისტენტობა იყო <0.1% ზე. მკურნალობის პერიოდში კულტივირებადი რეზისტენტული მიკროფლორის წილი არ გაზრდილა დროთა განმავლობაში.

ტრიკლოზანის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული სახეობები

თითოეული სუბიექტიდან (იმისადა მიუხედავად ეს სუბიექტი იყენებდა ტრიკლოზანის შემცველ თუ საკონტროლო კბილის პასტას) მოხდა ტრიკლოზანის მიმართ რეზისტენტული რეპრეზენტატული ბაქტერიული კოლონიების სუბკულტივირება და იდენტიფიკაცია.  სუბკულტურებიდან გამოყოფილი ბაქტერიული სახეობების პროცენტული შემადგენლობა შემდეგნაირი იყო: აქტინომიცეტები-11%; ბიფიდობაქტერიები-9%;ფუსობაქტერიები-4%; სტრეპტოკოკები-7%; ორალური კლოსტრიდიები-11%; ვეილონელები-33%; არაიდნეტიფიცრებული გრამ-ჩხირები-13%; არაიდენტიფიცირებული გრამ+ ჩხირები 7%. ბაქტერიების დაახლოებით 5%მა ვერ გაუძლო იდენტიფიკაციის პროცესს.

დისკუსია

კვლევიდან მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ 0.3% ტრიკლოზანისა და 2% თანაპოლიმერის შემცველი ფტორირებული კბილის პასტის გამოყენება უსაფრთოხოა პირის ღრუს არაკონტროლირებადი ჰიგიენური პროცედურების პროგრამაში. ღრძილზედა ნადების ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის ხანგრძლივი გამოყენება არ იწვევს არც ღრძილზედა ნადების შემადგენლობის არასასურველ ცვლილებებს და არც ეგზოგენური პათოგენების კოლონიზაციას. ნადების საერთო და ცალკეული ბაქტერიული სახეობების ანტიმიკრობული მგრძნობელობის შეფასების შედეგად კი დადგინდა, რომ ტრიკლოზანი არ იწვევს რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებას.

ტრიკლოზანის შემცვლი და საკონტროლო კბილის პასტის 3 და 6 თვიანი გამოყენებისას ორივე შემთხვევაში აღინიშნა კულტივირებადი ბაქტერიული ფლორის საერთო რაოდენობის სტატისტიკურად ძლიერ მნიშვნელოვანი შემცირება.  ეს ცვლილება აისახა ანაერობული მიკრობების საერთო რაოდენობის, აერობული მიკრობების საერთო რაოდენობისა და მკაცრი ანაერობების რიცხვის შემცირებაში 3 და 6 თვეზე საწყის ეტაპთან შედარებით.  საინტერესოა ასევე, რომ შემცირება აღინიშნა 6 თვის შემდეგაც 3 თვეზე არსებულ მონაცემებთან შედარებით. ფაქტობრივად, გამოკვლეულ პარამეტრებს შორის სხვაობა 3 და 6 თვეს შორის უფრო დიდი იყო, ვიდრე საწყის ეტაპსა და 3 თვის მონაცემებს შორის. იქიდან გამომდიდარე, რომ საწყის ეტაპზე ნადების ნიმუშების აღების შემდეგ, სუბიექტებს  უტარდებოდათ პროფილაქტიკური წმენდა, მოსალოდნელი იყო 3 თვის შემდეგ აღებულ ნიმუშებში კულტივირებადი მიკროფლორის საერთო რაოდენობის შემცირება, მაგრამ 3 თვიდან 6 თვემდე ბაქტერიების რაოდენობის შემცირება იმის მაჩვენებელია, რომ ორივე კბილის პასტა ზემოქმედებს ნადებზე და გააჩნია ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება.  მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ანაერობული მიკროფლორის საერთო რაოდენობის, აერობული მიკრობების საერთო რაოდენობისა და მკაცრი ანაერობების რაოდენობის შემცირება 3 და 6 თვის შემდეგ, შედარებით მეტი იყო იმ სუბიექტებში, რომლებიც ტრიკლოზანის შემცველ კბილის პასტას იყენებდნენ.

ვინაიდან წარმოდგენილი კვლევის ძირითადი მიმართულება უსაფრთხოება იყო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღრძილზედა ნადების ბაქტერიული შემადგენლობის მონიტორინგს.  1 გამონაკლისის გარდა არ დადგენილა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ტრიკლოზანისა და საკონტროლო ჯგუფებში მიკროსკოპიის, გრამ-შეღებვის, იმუნოფლუორესცენტული გამოკვლევისა და ბაქტერიების რაოდენობას შორის სელექტიური და არასელექტიური ნიადაგებზე.   სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გასხვავება გამოვლინდა E.corrodens -ის შემთხვევაში. 6 თვის შემდეგ აღებულ ნიმუშებში მისი რაოდენობა საკონტროლო ჯგუფში, ტრიკლოზანის ჯგუფთან შედარებით, გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ჯგუფებში აღინიშნა სხვადასხვა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, არცერთი ამ ცვლილებათაგანი არ ითვლება ზიანის მომტანად. აერობული ბაქტერიების ფარდობითი წილის გაზრდა და მკაცრი ანაერობების წილის შემცირება შეიძლება შეფასდეს როგორც პირის ღრუს მიკროფლორის ცვლილება ნაკლები პათოგენურობის პოტენციალის მქონე მიკროფლორისაკენ.  (Slots 1978, Moore 1982, Theilade 1982,  Moore 1987).  Actinomyces სახეობების ფარდობითი წილის გაზრდა 3 და 6 თვეზე და სტრეპტოკოკების საერთო რაოდენობის გაზრდა ადასტურებს იდეას ახალწარმოქმნილი ნადების მიკროფლორისკენ გადახრის შესახებ. (Brecx 1981 Theilade 1982). მიუხედავად იმისა, რომ გამოვლინდა სტრეპროკოკების საერთო რაოდენობის მომატება, არ დადგენილა კარიესოგენული სტრეპტოკოკების S. mutans da lactobacilli -ს რაოდენობის ზრდა.  ეს მონაცემები თანხვდება Zamboni -სა და კოლეგების მიერ 1990 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს და ადასტურებს მოსაზრებას, რომ ტრიკლოზანისა და თანაპოლიმერის შემცველი ფტორირებული კბილის პასტის გამოყენება არ იწვევს ღრძილზედა მიკროფლორის არასასურველ ცვლილებებს და შეუძლია ხელი შეუწყოს “პირის ღრუს ჯანმრთელობასთან ასოცირებული” მიკროფლორის კოლონიზაციას.

E. corrodens -ის გამოკლებით, კულტივირების მეთოდით არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი ცვლილებები არც პირობით პათოგენური მიკროფლორის და არც პაროდონტოპათოგენების წილში. პირობით პათოგენური და პარდონტოპათოგენური მიკროფლორა საწყის ეტაპზე ძალიან მცირე რაოდენობით გამოვლინდა და ასევე მცირე დარჩა მკურნალობის პერიოდის ბოლოსთვის. იშვიათად ხდებოდა დაკვირვების ქვეშ მყოფი რამდენიმე ბაქტერიული სახეობის (A. actinomycetemcomitans, coliform, საფუარები და სტაფილოკოკები) გამოყოფა სუბიექტებიდან აღებული ნადების ნიმუშებიდან  და მათი კულტივაცია მნიშვნელოვანი რაოდენობით.  შავად მაპიგმენტირებელი ბაქტერიები P.intermedia და P.gingivalis ასევე შემთხვევეათა შედარებით მცირე რაოდენობაში გამოვლინდა. თუმცა, იმუნოფლუორესცენციით დადგინდა, რომ P. intermedia -ს შეფარდებითი წილი საწყის ეტაპზე დადგენილი მნიშვნელობიდან  4%-მდე გაიზარდა 3 თვეზე, ხოლო შემდეგ შედარებით სტაბილურობა შეინარჩუნა. ზამბონისა დაკოლეგების მიერ 1990წელს ჩატარებული კვლევის მონაცემების მხიედვით, P.intermedias მაჩვენებლები კვლევის დაწყებიდან 10 კვირის შემდეგ 2-3%-ით ნაკლები იყო საწყისთან შედარებით, მაგრამ კვლევის ბოლოსათვის ისევ დაუბრუნდა 3-4 %  (საწყისის მაჩვენებელი). იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ბაქტერიის წილი საკმაოდ დაბალია და მაჩვენებლებიც დაახლოებით ერთნაირია კვლევის სხვადასხვა ეტაპზე, ეს მონაცემები არ შეიძლება ჩაითვალოს ნადების შემადგენლობის მნიშვნელოვანი ცვლილების ინდიკატორად.

პასტის ხანგრძლივი გამოყენებისას ღრძილზედა ნადების მიკროფლორის რეზინსტენტობის განვითარების გამოკვლევის მიზნით ჩატარდა ბაქტერიული რეზისტენტობის მონიტორინგი. მარეგულირებელი სააგენტოები ითხოვენ რეპრეზენტატული გრამ+ და გრამ_ მიკროფლორის გამოკვლევით მიღებულ მონაცემებს. მკურნალობის ყველა ეტაპზე და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის მაძილზე ყოველ 6 კვირაში ხდებოდა ტრიკლოზანისა დასაკონტროლო კბილის პასტის მიმართ რეზისტეტული კულტივირებადი ბაქტერიების პროპორციის დადგენა. ყველა შემთხვევაში ტრიკლოზანისა და საკონტროლო კბილის პასტის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების პროცენტული რაოდენობა მკურნალობის 6 თვიან პერიოდში შემცირდა. ტრიკლოზანისა და საკონტროლო ჯგუფს შორის განსხვავება არ დაფიქსირებულა მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო ჯგუფში შემავალ სუბიექტებში არ მომხდარა ტრიკოლზანის გამოყენება.  ერთი სუბიექტის ნადების ნიმუშში ტრიკლოზანის მიმართ  რეზისტეტნტული შტამების აღმოჩენა არ ექვემდებარებოდა რაიმე კანონზომიერებას. მაგალითად, სუბიექტებში, რომელებშიც საწყის ეტაპზე აღმოჩენილი იქნა ტრიკლოზანის მიმართ რეზისტენტული შტამები, ნადების ნიმუშების შემდგომი  აღებისას შესაძლოა აღარ გამოვლენილიყო რეზისტეტნტული შტამების არსებობა.  არ არსებობდა კორელაცია ტრიკლოზანის პასტის გამოყენებასა და ტრიკლოზანის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების რიცხვს, სახეობასა და რეზისტენტული შტამების შემცველი სუბეიქტების რიცხვს შორის.  ეს მონაცემები ადასტურებს რომ , 0.3% ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის ხანრგძლივი გამოყენება არ იწვევს მიკრობული რეზისტენტობის განვითარებას არც ტრიკლოზანისა და არც კბილის პასტის შემავსებელის მიმართ.

საბოლოოდ, წარმოდგენილმა კვლევამ გამოავლინა, რომ 0.3% ტრიკლოზანის 2% თანაპოლიმერის შემცველი ფტორირებული კბილის პასტის გამოყენება არ არღვევეს პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის ბუნებრივ ბალანსს და არ იწვევს პაროდონტოპათოგენებისა და პირობით პათოგენური მიკრობების წილის გაზრდას. კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პასტის გამოყენება არ იწვევს არც ანტიმიკრობული ნივთიერების და არც კბილის პასტის შემავსებლის მიმართ მიკრობული რეზისტენტობის განვითარებას. გარდა ამისა, კვლევის შედეგებით  დგინდება, რომ ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის გამოყენება გავლენას ახდენს ნადებზე, ნადების ჩამოყალიბების პროცესზე დ ახელს უწყობს ჯანმრთელ პირის ღრუსთან ასოცირებული“ მიკროფლორის ჩამოყალიბებას.

მადლობას ვუხდით C.Elie -ს მიკრობული ანალიზის პროცესში დახმარებისათვის, K.Mostler -ს ნადების შეგროვების პროცესში მონაწილეობისათვის და T.Watkins -ს და R.Dunford -ს სტატისტიკური ანალიზის ცატარებისათვის.  წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა კომპანია კოლგეიტ-პალმოლივის Colgate-Palmolive Company, Piscataway NJ.USA მხარდაჭერით.

სტატიის გაგრძელება >>>