სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ადრეისტორიული პერიოდი საქართველოში

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>>

სამედიცინო ტერმინები ბუნებრივია, ქართულ პროფესიულ სამედიცინო ლექსიკაში დღეს ფარდობითად ცოტაა და არსებით გავლენას ვერ ახდენს სამედიცინო პროფესიულ დიალექტზე, მაგრამ, ამ პერიოდის შესწავლა, თავისთავად, ფასეულია საქართველოსა და დარგობრივი ისტორიის თვალსაზრისით.  საზოგადოდ, ძველი  პერიოდისთვისაც დამახასიათებელია ზოგადი ტენდენცია: ტერმინოლოგიაზე გავლენას ახდენდა ის ენა, რომელთანაც ძლიერი იყო კულტურული და პროფესიული კავშირები. ძველი პერიოდიდან ენაში დალექილია დღეისათვის ფარდობითად მცირე რაოდენობის, ლათინური, ბერძნული, არაბული წარმომავლობის ტერმინები, რიგი უშუალოდ ქართული ტერმინებისა.
საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა საფუძველი, რათა მე-20 საუკუნეში საქართველოც  შეერთებოდა ეროვნული სამედიცინო ტერმინოლოგიების  შექმნის პროცესს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საერთაშორისო დონეზე დაიწყო.

ქვემოთ, ამ პერიოდის აღწერა მოგვყავს ლადო კოტეტიშვილის მიხედვით.

,,ყველა ქართველურ ენასა და დიალექტში, რა თქმა უნდა, ფართოდ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დარგის ლექსიკა, მათ შორის ნამემკვიდრევი საერთო ქართველური ფუძეებიდან, მაგრამ ეს ისტორიამდელი პერიოდი, რომელიც დოკუმენტურად ან წერილობით არ იყო ფიქსირებული და ტერმინთქმნადობაზე მსჯელობა იმ პრეისტორიული ხანისათვის მხოლოდ კომპარატივისტული მეთოდით რეკონსტრუირებული მასალის მიხედვით ხდება შესაძლებელი. რაც შეეხება საერთო ქართული სახელმწიფოს შექმნის პერიოდს, რომელიც მანამდე არსებული ქართულ-ქართველური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისგან განსხვავებით, დოკუმენტურად არის ფიქსირებული და ჩვენთვის გარკვეული ათვლის წერტილს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. ტერმინთქმნადობის პროცესის დაწყების თვალსაზრისით, ის სათავეს მეფე ფარნავაზის მიერ საერთო ქართული სახელმწიფოს შექმნის დროიდან (ძვ. წ. აღ. 304-303 წწ.) იღებს და მოიცავს ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს: პირველი, ეს ქართული ენის გამოცხადებაა სახელმწიფო ენად ძვ. წ. აღ. 284 წელს: „და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“ (ყაუხჩიშვილი 1955: 26); და მეორე, დიდი ტერმინოლოგიური სამუშაო, რომლის შესახებ ჩვენ გარკვეულ ინფორმაციას ვიღებთ როგორც „ქართლის ცხოვრებიდან“, ასევე მხითარ აირივანეცის „ქრონოგრაფიული ისტორიიდან“.
უკვე აღმოჩენილი და ცნობილი ფილოსოფიური საექიმო ძეგლების მიხედვით ძველი საქართველოს მედიცინის ისტორია შეიძლება გაიყოს სამ პერიოდად.
·        პირველ პერიოდს ეკუთვნის IX – XII საუკუნეები, როდესაც ქართული ფილოსოფიური საექიმო მსოფმხედველობა განიცდის საბერძნეთის მძლავრ გავლენას (იხ. შატბერდის კრებულის XXX თავი ,,კაცისა შესაქმეი’’, გრიგოლ ნოსელის  ,,დაბადებისათვის კაცისა’’, ნემესიოს ემესიელის ,,ბუნებისათვის კაცისა’’)
·         მეორე პერიოდი შეიცავს XII – XV საუკუნეებს, როდესაც არაბულ-ირანული საექიმო მსოფლმხედველობა უდიდეს გავლენას ახდენს ქართულ საექიმო აზროვნებაზე. ამავე პერიოდში ქართულ მედიცინაში მტკიცედ მკვიდრდება არაბულ-ირანული საექიმო ტერმინოლოგია. (იხ. ხელნაწერი z-26, სახ. მუზ. პალ. განყოფილება; ხელნაწერი წარმოადგენს უსახელო ,,საექიმო წიგნს’’ და დაწერილია უძველესი ნუსხურით. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XII საუკუნეზე მერმინდელი არ უნდა იყოს. 2. ხოჯაყოფილის ,,წიგნი სააქიმოი’’ 3. მწერელ აბრამის ,,კარაბადინი’’  ხელ. ¹ 916 H. ეს ორივე ძეგლიც შესრულებულია უძველესი ნუსხურით)
·         მესამე პერიოდი იწყება XVI საუკუნიდან და გრძელდება XIX საუკუნის დასაწყისამდე. ამ პერიოდში სუსტდება არაბულ-ირანული გავლენა და ქართული საექიმო აზროვნება განიცდის დასავლეთ ევროპის გავლენას. ქართველი ექიმები საექიმო განათლების  მისდაღებად არაბეთსა და ირანში კი აღარ მიდიან, არამედ ვენეციაში, ,,შპანიაში’’, ,,ვლახიაში’’, ,,ინღლიაში’’, კონსტატინეპოლში და სხვაგან. ამავე პერიოდს ემთხვევა კათოლიკე მისიონერების საექიმო განმანათლებელი მუშაობა საქართველოში.
XIX საუკუნე მკვდარი პერიოდია ქართული მედიცინის ისტორიაში. არც ერთი ცოტად თუ ბევრად შესამჩნევი საექიმო თხზულება ამ პერიოდში ჩვენ არ მოგვეპოვება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეკარ პეტრე კლაპიტონოვის მიერ 1830-32 წლებში რუსულიდან ნათარგმნი და გადმოკეთებული ,,მოკლე კარაბადინის’’-ს, დეკანოზ დავით ღამბაშიძის ,,კარაბადინი’’-ს (იხ. სახალხო საექიმო წიგნი ,,კარაბადინი’’ შედგენილი დავით ღამბაშიძის მიერ ქუთაისი, 1893 წ. და ვინმე ილია სულაქველიძის  ,,სიმრთელის კიდობანი’’-ს (იხ. ,,სიმრთელის კიდობანი’’ოჯახში საკითხავი-სახმარებელი წიგნი 1891 წ.) გარდა არაფერი არა სჩანს მთელი საუკუნის მანძილზე.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

სამედიცინო ტერმინოლოგიის  განვითარების   ადრეისტორიული პერიოდი  საქართველოში