სათესლე ჯირკვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. სათესლე ჯირკვალი 

სათესლე (testis) მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელშიც ხორციელდება სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდების) და მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. სათესლეებს გააჩნიათ ოვალური ფორმა და მკვრივი კონსისტენცია, განლაგებულნი არიან სათესლე პარკში.

ჰისტოლოგია, ციტოლოგია

სათესლის შუასაყარში და სეპტებში მიემართებიან სისხლის და ლიმფური ძარღვები, განლაგებულნი არიან ენდოკრინული ჯირკვლები (ლეიდიგის უჯრედები). კლაკნილ სათესლე მილაკებში (თითოეული სიგრძით 30–70 სმ) მიმდინარეობს სპერმატოგენეზის პროცესი. მათი კედელი ამოფენილია შემანარჩუნებელი უჯრედებით (სერტოლის უჯრედები), რომელთა შორის მდებარეობენ განვითარების სხვადასხვა სტადიაზე (სპერმატოგონია, სპერმატოციტები, სპერმატიდები და სპერმატოზოიდები) მყოფი სპერმატოგენური უჯრედები.
სათესლე მილაკის სითხის და პლაზმის ქიმიური შემადგენლობებს შორის სხვაობა ადასტურებს ნივთიერებების შერჩევით შეყწევას მილაკში და მისგან გამოსვლას. ორგანიზმის ქსოვილებიდან ანტიგენაქტიური სპერმატოციტების იზოლაცია უზრუნველყოფილია იმ სტრუქტურების ერთობლიობით, რომლებიც წარმოდგენილნი არიან კაპილარებსა და სასქესო უჯრედებს შორის; მათ შორის ძირითადია სერტოლის უჯრედები. აღნიშნული ქსოვილოვანი კომპონენტები ქმნიან ე.წ. ჰემატოტესტიკულურ ბარიერს, რომელიც განაპირობებს კლაკნილი სათესლე მილაკის ღრუში და უკან ნივთიერებების შერჩევითი შეღწევის უზრუნველყოფას.

სათესლის დანამატი განლაგებულია მისი უკანა კიდის გაყოლებაზე. მასში განასხვავებენ თავს, სხეულს და კუდს. დანამატის თავზე განლაგებულია დანამატის წარმონაქმნი (მეზონეფრალური სადინრის რუდინემტული დანამატი), ხოლო სხეულის და კუდის მიდამოში – ბრმად დამთავრებული მილაკები (მეზონეფროსის – ჩანასახის პირველადი თირკმლის – მილაკების ნარჩენები). თავის უკან განლაგებულია სათესლის დანამატის წარმონაქმნი (ასევე მეზონეფროსის რუდიმენტი). სათესლის დანამატის მიერ მაპროდუცირებელი სითხით ხდება სპერმის განზავება. იგი ააქტიურებს სპერმატოზოიდებს და გამოიმუშავებს გლიკოკალიქსის შრეს, რომელიც ფარავს სპერმატოზოიდებს და უზრუნველყოფს მათ ანტიგენურ თვისებებს და მასზე რიგი ნივთიერებების აბსორბციის უნარს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.