თორმეტგოჯა ნაწლავი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. თორმეტგოჯა ნაწლავი

12-გოჯა12–გოჯა ნაწლავი (duodenum) – წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის.

ჰისტოლოგია

თორმეტგოჯა ნაწლავის კედელი შედგება სეროზული, კუნთოვანი და ლორწოვანი გარსებისგან, აგრეთვე ლორწქვეშა შრისგან, რომელიც ლორწოვან გარსს გამოყოფს კუნთოვანი გარსისგან. თორმეტგოჯა ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე განლაგებულია ნაწლავური ხაოები, რომლებიც დაფარულნი არიან პრიზმული, ქობისებური ეპითელიუმით, რომლის მიკროხაოების წყალობითაც უჯრედის აბსორბციული უნარი 10–ჯერ მატულობს. ქობისებური ეპითელიუმი ჩაენაცვლება ბოკალისებური ენტეროციტები, რომლებიც გამოიმუშავებენ გლიკოზამინოგლიკანებს და გლიკოპროტეიდებს. თორმეტგოჯა ნაწლავში აგრეთვე წარმოდგენილია უჯრედები (პანეტური უჯრედები და ნაწლავური ენდოკრინოციტები), რომლებიც გამოიმუშავებენ   სხვადასხვა გასტროინტესტინალურ ჰორმონებს – სეკრეტინი, გასტრინი, ენტეროგლუკაგონი და სხ.

ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა ზომიერადაა ინფილტრირებული ლიმფოციტებით და პლაზმური უჯრედებით, აგრეთვე გვხვდება ლიმფური ფოლიკულებიც. ლორწქვეშა შრეში განლაგებულნი არიან დუოდენალური (ბრუნერის) ჯირკვლები, რიმელთა გამომტანი სადინარებიც იხსნებიან ნაწლავური კრიპტების (ეპითელიუმის მილისებრი ჩაღრმავებები ლორწოვანი გარსის საკუთრ ფირფიტაში) ფუძეზე ან გვერდით კედლებზე. თორმეტგოჯა ნაწლავის კუნთოვანი გარსი წარმოადგენს კუჭის კუნთოვანი გარსის გაგრძელებას; იგი წარმოქმნილია ორ შრედ განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან. გარეთა შრეში ისინი განლაგებულნი არიან განივად, შიგნითაში – ცირკულარულად. თორმეტგოჯა ნაწლავს სეროზული გარსი ფარავს მხოლოდ ნაწილობრივ, დანარჩენი ნაწილები დაფარულია ფაშარი, ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან წარმოქმნილი ადვენტიციით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს და ნერვებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.